მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიპუსი, ლადოგური რიპუსი (ლათ. Coregonus albula ladogensis) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. წარმოადგენს ევროპული ჭაფალას ქვესახეობას.[1] მისი სხეულის სიგრძეა 46 სმ-მდე, წონა 1,5 კგ-მდე. გავრცელებულია ლადოგის, ონეგისა და სხვა ტბებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3–4 წლისა. ტოფობს ნოემბერ-დეკემბერში. ნაყოფიერება დაახლოებით 3000 ქვირითი, რომელიც ფსკერულია და რომელიც დაახლოებით 160 დღის განმავლობაში ვითარდება. იკვებება პლანქტონითა და წვრილი თევზით.[2] აკლიმატიზებულია ურალისა და სხვა ტბებში, სადაც მწიფდება სიცოცხლის მე-2 წელს. რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია. აკლიმატიზებულია საქართველოშიც, გვხვდება ტაბაწყურის, ფარავნისა და საღამოს ტბებში.[3]