პინა კოლადა (კოქტეილი)
პინა კოლადა არის ტკბილი კოქტეილი, რომელიც მზადდება: რომისგან, ქოქოსის რძისა და ანანასის წვენისაგან. მას მიირთმევენ ყინულთან ერთად დაბლენდერებულს, ან უბრალოდ ყინულიანს. კოქტეილის ჭიქის მოსართავად ძირითადად იყენებენ ანანასს ან დაშაქრულ ალუბალს. ზოგიერთ შემთხვევაში კი ორივეს.
კოქტეილის სახელი ესპანურიდან მომდინარეობს და იგი ითარგმნება როგორც: piña, "ანანასი", colada "დაწურული".[1] სახელი დაკავშირებულია კოქტეილის სამი ინგრედიენტიდან ერთ-ერთთან: ახლად დაწურულ ანანასის წვენთან. პინა კოლადას სამშობლო პუერტო-რიკოა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პინა კოლადას შექმნის შესახებ არსებულ ისტორიებში, უძველესი ამბავი მე-19 საუკუნის პუერტო-რიკოელ მეკობრეზე, რობერტო კოფრესიზე მოგვითხრობს. მან თავის ეკიპაჟს საბრძოლო სულის ასამაღლებლად დაალევინა სასმელი, რომელიც დღესდღეობით პინა კოლადას სახელითაა ცნობილი. სასმელი ქოქოსის, ანანასისა და თეთრი რომის ნაზავი გახლდათ. იგი 1825 წელს გარდაიცვალა და პინა კოლადას რეცეპტიც დაიკარგა. ისტორიკოსი ჰაიდი რიჩარდი ამ ისტორიის სისწორეს ეჭვქვეშ აყენებს.
სასტუმრო ჰილტონის ადმინისტრაცია კი ამტკიცებს, რომ კოქტეილი პუერტო-რიკოში არსებულ ჰილტონის სასტუმროში შეიქმნა 1954 წელს. ამ დროს სასტუმროში ბარმენად მუშაობდა რამონ მარერო. ისტორიის მიხედვით, მან შექმნა პინა კოლადას რეცეპტი, რადგან მისი აზრით ეს გემო ზუსტად გამოხატავდა პუერტო-რიკოულ ბუნებას.[2]
სხვა ვერსიების მიხედვით შესაძლებელია რომ კოქტეილი 1963 წელს შექმნილიყო, ბარმენის დონ რამონ პორტას მინგოტის მიერ.[3]
1978 წელს, პინა კოლადა პუერტო-რიკოს ოფიციალური სასმელი გახდა.[4]
აღსანიშნავია, რომ კოქტეილში რამდენიმე წვეთ ლაიმის წვენსაც ამატებდნენ. მჟავე არომატი ტკბილ კოქტეილს უფრო პიკანტურ გემოს აძლევდა.
10 ივლისს აშშ-ში პინა კოლადას დღეს აღნიშნავენ. [5]
კოქტეილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც რუპერტ ჰოლმსმა, კომპოზიტორმა და მომღერალმა, პინა კოლადას სიმღერა შექმნა. სიმღერა მალევე გახდა პოპულარული მსოფლიოს მასშტაბით.[6]
მომზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პინა კოლადას ორიგინალი რეცეპტი ასეთია: 85 მლ ქოქოსის რძე, 170 მლ ანანასის წვენი, 43 მლ თეთრი რომი ერევა ერთმანეთს და ითქვიფება ყინულთან ერთად. ისხმება წინასწარ გაცივებულ ჭიქაში, რომელიც ირთვება ანანასით ან ალუბლით, ან ორივეთი.
პუერტო-რიკოს დედაქალში, სან ხუანში კოქტეილს შემდეგი ხერხით აკეთებენ:
ინგრედიენტები:
1 უნცია ნაღები
6 უნცია ახლად დაწურული ანანასის წვენი
1 უნცია ქოქოსის რძე
2 უნცია რომი (ნებისმიერი სახის)
4 უნცია დამტვრეული ყინული
მეთოდი:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლენდერში ითქვიფება ინგრედიენტები და შემდეგ ემატება ყინული, ყინულიანი მასა ითქვიფება 15 წამის განმავლობაში. შემდეგ ისხმება 12 უნციან ჭურჭელში. რა თქმა უნდა, ამ მეთოდის მიხედვითაც, კოქტეილის ჭიქის მორთვა მისი მომზადების ბოლო საფეხურია.
ვარიაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "ამარეტო კოლადა" ისეთი პინა კოლადაა, რომელშიც რომს, იტალიური ლიქიორი, ამარეტო ანაცვლებს. [7]
- "პინიტა კოლადა" არის უალკოჰოლო პინა კოლადა.
- "ჩი ჩი" გახლავთ პინა კოლადა, რომლის ინგრედიენტებშიც რომს არაყი ცვლის.
- "კივი კოლადა"-ში ანანასის წვენს კივი და მისი წვენი ანაცვლებს.
- "სკოტსმენ კოლადა"-ში კი პინა კოლადას უალკოჰოლო ინგრედიენტებს სკოჩი ემატება. [8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.collinsdictionary.com/dictionary/english/pina-colada
- ↑ https://web.archive.org/web/20120819135153/http://www.caribehilton.com/location-directions/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-02. ციტირების თარიღი: 2020-09-28.
- ↑ https://www.history.com/news/the-birth-of-the-pina-colada
- ↑ https://nationaldaycalendar.com/national-pina-colada-day-july-10/
- ↑ https://books.google.ge/books?id=PgGqNrqfrsoC&pg=PP528&redir_esc=y
- ↑ https://web.archive.org/web/20030215184103/http://bartender.com/2calendar/cal-2003/cal-0603.htm
- ↑ https://www.townandcountrymag.com/leisure/drinks/g3242/whiskey-cocktails/