შინაარსზე გადასვლა

ნოდარ მეძმარიაშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოდარ მეძმარიაშვილი (დ. 13 მარტი, 1929, სამტრედია — გ. 25 აპრილი, 2022) — ქართველი თანამდებობის პირი, ინჟინერი.

1951 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი შახტმშენებლობის სპეციალობით.

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დატოვეს კათედრაზე სამუშაოდ ასისტენტის თანამდებობაზე. კათედრაზე ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, მან შახტების მშენებლობაზე პრაქტიკული მოღვაწეობა ამჯობინა და უკრაინაში, დონბასში, ქალაქ სტალინოში წავიდა სამუშაოდ. 1951 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა დონბასში, შახტის მშენებლობაზე. საშახტო მშენებლობაზე მუშაობდა 1959 წლამდე. გაიარა შრომითი გზა სამთო ოსტატიდან შახტსამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინრის თანამდებობამდე. უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამი მძლავრი შახტის საექსპლუატაციოდ ჩაბარებას. 1959 წელს გადაიყვანეს დონეცკის ოლქის სამოქალაქო მშენებლობის სფეროში. 1963 წელს დაინიშნა დონეცკის ოლქის სამშენებლო გაერთიანება „დონეცკჟილსტროის“ მთავარ ინჟინრად. 1967 წელს დააწინაურეს საოლქო სამშენებლო გაერთიანების უფროსად. ხელმძღვანელობდა მთელი ოლქის საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული და სამოქალაქო მშენებლობის სფეროს, 1973 წელს გადმოიყვანეს საქართველოში. 1973-1981 წლებში მუშაობდა მშენებლობის მინისტრად. 1981-1982 წლებში რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 1973-1982 წლებში ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს რესპუბლიკის ინდუსტრიის არსებული სტრუქტურების განვითარებას და ახლის მშენებლობას. 1985 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მუდმივ წარმომადგენლად სსრკ მინისტრთა საბჭოსთან, მოსკოვში. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს ის ხელს უწყობდა საქართველოს პრობლემების დადებითად გადაწყვეტას, პროპაგანდას უწევდა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის, კულტურისა და მეცნიერების მიღწევებს. 1991 წელს ის დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით დაინიშნა სსრკ მინისტრთა კაბინეტთან არსებული საქართველოს მთავრობის მუდმივ წარმომადგენლად. მუდმივი წარმომადგენლობა გარდაიქმნა საქართველოს საელჩოდ რუსეთში და ის დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ელჩად რუსეთის ფედერაციაში. 1991-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობისა და არქიტექტურის მინისტრის მოადგილედ. იყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური მრჩეველი საზღვარგარეთის ინვესტიციების მოზიდვისა და მათი ათვისების საკითხებში. 1994 წლიდან მუშაობდა მოსკოვის მთავრობაში, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის რეგიონის განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ. 1999 წელს სამუშაოდ გადავიდა ახლად ჩამოყალიბებულ რუსეთის სახალხო-სამხატვრო ფონდში გენერალური დირექტორის მოადგილედ. 2003 წელს დაინიშნა ფონდის გენერალურ დირექტორად, სადაც მუშაობდა 2012 წლამდე. დონეცკში მუშაობის პერიოდში არჩეული იყო სახალხო დეპუტატთა დონეცკის საქალაქო და საოლქო საბჭოების დეპუტატად. მის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული დონბასსა და საქართველოში ჩოგბურთის კომპლექსური ახალი ბაზების შექმნა. პირველი დახურული კორტების მშენებლობა თბილისში, საბჭოთა კავშირის ჩოგბურთის ნაკრები გუნდის სავარჯიშო ბაზის შექმნა თელავში. 1979 წელს იყო ესპანეთის დევისის თასის გათამაშების მონაწილე, საბჭოთა კავშირის ჩოგბურთრის ნაკრების გუნდის უფროსი.

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 408-409
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 4, თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2002, გვ. 77

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]