შინაარსზე გადასვლა

ნასაკირალის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასაკირალის ბრძოლა
რუსეთის რევოლუცია (1905)-ის ნაწილი
ბრძოლის მონაწილეებისადმი მიძღვნილი ობელისკი
თარიღი 20 ოქტომბერი-21 ოქტომბერი, 1905
მდებარეობა ნასაკირალი რუსეთის იმპერია
შედეგი აჯანყებულების გამარჯვება
მხარეები
აჯანყებული გურული გლეხები რუსეთის იმპერია რუსეთის იმპერია
მეთაურები
ბენიამინ ჩხიკვიშვილი
ნესტორ ერქომაიშვილი
რუსეთის იმპერია ივან ლაზარენკო
ძალები
150 გლეხი 113 პლასტუნი
16 სტრაჟნიკი
დანაკარგები
2 მოკლული
3 დაჭრილი
10 მოკლული
14 დაჭრილი
6 ტყვედ ჩავარდნილი

ნასაკირალის ბრძოლა — ბრძოლა, რომელიც გაიმართა რუსეთის რევოლუციის დროს, 1905 წლის 20 და 21 ოქტომბერს. ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გურიის გლეხებისა და რევოლუციური კომიტეტის მიერ ორგანიზებული ე. წ. წითელი რაზმი და ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაციის კაზაკები და მილიცია. ბრძოლა გაიმართა ნასაკირალის უღელტეხილზე და აქედან მიიღო სახელწოდება. ბრძოლა წარმოადგენდა გურიაში რევოლუციის კულმინაციურ მომენტს და მასში გამარჯვების შემდეგ გამოცხადდა გურიის რესპუბლიკა.

სრულიად რუსეთის ოქტომბრის პოლიტიკურმა გაფიცვამ საქართველოს გლეხობის რევოლუციური მოძრაობის შემდგომი აღმავლობა გამოიწვია. 16 ოქტომბერს გლეხთა რაზმები თავს დაესხნენ ჩოხატაურის პოლიციის საგუშაგოსა და საფოსტო განყოფილებას, ხელთ იგდეს დიდძალი საბრძოლო იარაღი, დააპატიმრეს ბოქაული. ოზურგეთის მაზრის უფროსმა ლაზარენკომ 130-მდე კაზაკით ჩავიდა ჩოხატაურში და 20 ოქტომბერს უკან გაბრუნდა. გლეხებმა შეიმუშავეს კაზაკებთან ბრძოლის გეგმა. თავდასხმის ადგილად შეარჩიეს ნასაკირალის ფერდობი, რომელიც ჩოხატაურიდან ოზურგეთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. გლეხები დაიყვნენ სამ 50-კაციან რაზმად, გათხარეს სანგრები, ააგეს ბარიკადები, მოაწყვეს დაზვერვა. 20 ოქტომბერს ნასაკირალთან გაჩაღებული ბრძოლა ნახევარ საათს გაგრძელდა. დილით ლაზარენკომ უკან დაიხია, გადაკვეთა მდინარე ბახვისწყალი და ცხავათას მთას შეაფარა თავი. მეორე დღეს ბრძოლა გაგრძელდა შუადღემდე.

21 ოქტომბერს აჯანყებულებმა გაიგეს 17 ოქტომბრის მანიფესტის შესახებ. გამართულ მიტინგზე აჯანყებულებმა უარყოფითად მიიღეს და დაგმეს ოქტომბრის მანიფესტი, თუმცა შეწყვიტეს ბრძოლა და ლაზარენკოს რაზმს გასვლის საშუალება მისცეს. ოფიციალური ცნობით, გლეხებმა მოკლეს 10, დაჭრეს 14 კაზაკი და სტრაჟნიკი. მწყობრიდან გამოყვანილთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. 22 ოქტომბერს ოზურგეთის გარნიზონი, 150-მდე პლასტუნი ნასაკირალისკენ გაეშურა, შეუერთდა ლაზარენკოს რაზმს და შეერთებული ძალით ოზურგეთისაკენ დაბრუნდნენ. უკან დაბრუნებულებმა სოფელ დვაბზუდან ოზურგეთამდე გადაწვეს 46 ოჯახი და 90-მდე შენობა, მათ შორის დვაბზუს სოფლის კანცელარია, სკოლა და ამხანაგობა „შუამავალი“. 23 ოქტომბერს აჯანყებულებმა ხელისუფლებას ჩააბარეს 8 ტყვე და 2 მოკლულის გვამი.[1]

ბრძოლას ხელმძღვანელობდნენ ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ნესტორ ერქომაიშვილი. რაზმებს ხელმძღვანელობდნენ დათიკო შევარდნაძე, შერმადინ ცინცაძე და გრიგოლ რამიშვილი. ბრძოლაში ასევე მონაწილეობდნენ ნოე ზომლეთელი, მელქისედეკ გუნთაიშვილი, კიკია მამულაიშვილი, სეფე ცინცაძე, ილია მგელაძე, კირილე უჯმაჯურიძე, ფარნა ცქვიტინიძე, ერმილე ანდღულაძე, სევასტი სარიშვილი, ლეონტი მეგრელაძე, ალექსანდრე ერქომაიშვილი და სხვ.

ნასაკირალის ბრძოლის ამბავი ფართოდ გავრცელდა რუსეთის იმპერიაში და ბიძგი მისცა შეიარაღებული აჯანყების დაწყებას. საპროტესტო მიტინგები გაიმართა ბაქოში, თბილისში, ერევანსა და სხვა ქალაქებში. მუშათა მასები მიესალმებოდნენ გურიის გლეხთა რევოლუციურ ბრძოლას და მტკიცედ მოითხოვდნენ ოზურგეთის მაზრიდან დამსჯელი რაზმებისა და კაზაკების გაყვანას. ნასაკირალის ბრძოლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელო დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების მომზადებას.

ნასაკირალის შეტაკების ადგილას 1960 წლის 12 ნოემბერს გაიხსნა ობელისკი, ხოლო 1965 წლის 2 ნოემბერს ცხავათის მთაზე გაიხსნა მემორიალური მუზეუმი. საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა სტალინი ნასაკირალის ბრძოლის და ლამის გურიის მთელი აჯანყების ხელმძღვანელად სტალინი წარმოეჩინა, თუმცა რეალურად მაშინ გურიაში პოლიტიკურ სიტუაციას მენშევიკები მართავდნენ.[2]

  • ჯიჯეიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 324.
  • მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 167-180, ISBN 978-9941-9458-6-1.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. VI, თბილისი, 1972. — გვ. 165-166.
  • შრომის ზეიმი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1968
  • სიხარულიძე ვ. „გლეხთა რევოლუციური მოძრაობა გურიაში 1900-1905 წლებში“ „საბჭოთა საქართველო“, 1958
  • ცინცაძე დ.,„ნასაკირალის ბრძოლების უკვდავი ძეგლი“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 4 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1965 წელი. — გვ. 18-20

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. გურიის ამბები // ივერია : გაზეთი, 3 ნოემბერი, 1905, № 196, გვ. 2-3.
  2. მახარაძე ი., ვაჭარაძე ა., „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (1880-1924)“, თბილისი: IDFI, 2020. — გვ. 18, ISBN 978-9941-8-2176-9.