შინაარსზე გადასვლა

მეფისნაცვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეფისნაცვლის სასახლე თბილისში.

მეფისნაცვალი — ადგილობრივი მმართველობის უფროსი რუსეთში XVIII საუკუნის ბოლოს — XIX საუკუნეში. ემელიან პუგაჩოვის ომით შეშინებულმა ეკატერინე II-ის მთავრობამ, ცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით, 1775 წელს დააწესა მეფისნაცვლის თანამდებობა. იგი განაგებდა 2-3 გუბერნიას, აღჭურვილი იყო საგანგებო უფლებებით და მხოლოდ იმპერატორს ემორჩილებოდა. მეფისნაცვალი განაგებდა აგრეთვე დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებულ ჯარს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და სასამართლოს. 1796 წელს პავლე I-მა გააუქმა მეფისნაცვლის თანამდებობა. XIX საუკუნეში მეფისნაცვლის ინსტიტუტი არსებობდა პოლონეთის სამეფოში (1815-1874).

კავკასიაში მეფისნაცალის თანამდებობა 1844-1845 წლებში შემოიღეს, რეზიდენცია თბილისში იყო. მეფისნაცვალი კავკასიაში განსაკუთრებული უფლებით სარგებლობდა — უშუალოდ ემორჩილებოდა ყველა უწყება. მასზე იყო დამოკიდებული მოსამსახურე პირების დანიშვნა, განთავისუფლება, დაჯილდოება. იგი ამავე დროს კავკასიაში მდგომი ჯარების მთავარსარდალიც იყო. სადავო საკითხები, რომელიც მეფისნაცვლის ფუნქციებს სცილდებოდა, განსახილველად იგზავნებოდა პეტერბურგში „კავკასიის საქმეების კომიტეტში“, კომიტეტის დასკვნას მოახსენებდნენ მეფეს საკითხის საბოლოო გადაწყევიტისათვის.

კავკასიის მეფისნაცვალები იყვნენ: მიხეილ ვორონცოვი (1844-1854), ნიკოლოზ მურავიოვი (1854-1856), ალექსანდრე ბარიატინსკი (1856-1862); დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1862-1882). 1882 წელს მეფისნაცვლობა გაუქმდა და მთავარმმართველობა აღდგა. 1905 წელს კვლავ შეიქმნა მეფისნაცვლის თანამდებობა და ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი იყო 1905-1915 წლებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]