მერი ბოლ ვაშინგტონი
მერი ბოლ ვაშინგტონი ინგლ. Mary Ball Washington | |
---|---|
ფოტომექანიკურად დაბეჭდილი მერი ბოლ ვაშინგტონის პორტრეტი,1916 წ. | |
დაბადების თარიღი |
30 ნოემბერი 1708 ლანკასტერის ოლქი, ვირჯინია |
გარდაცვალების თარიღი |
26 აგვისტო 1789 (80 წლის) ფრედერიკსბურგი, ვირჯინია |
გარდაცვალების მიზეზი | მკერდის კიბო |
მოქალაქეობა | ბრიტანეთის ამერიკა |
მეუღლე(ები) | ოუგუსტინ ვაშინგტონი |
შვილ(ებ)ი |
ჯორჯ ვაშინგტონი ბეტი ვაშინგტონ ლუისი სამუელ ვაშინგტონი ჯონ აუგუსტინ ვაშინგტონი ჩარლზ ვაშინგტონი |
მშობლები |
მამა: ჯოზეფ ბოლი დედა: მერი ჯონსონი |
მერი ბოლ ვაშინგტონი (ინგლ. Mary Ball Washington; დ. 30 ნოემბერი, 1708— გ. 26 აგვისტო, 1789) — ვირჯინიელი პლანტატორის — აუგუსტინ ვაშინგტონის მეორე ცოლი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის დედა. ჯორჯის გარდა მას კიდევ ხუთი შვილი ჰყავდა.
ბავშვობა და ახალგაზრდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერი ბოლი დაიბადა 1708 წლის 30 ნოემბერს ვირჯინიაში, ინგლისელი მღვდლისა და ვიცე-პოლკოვნიკ ჯოზეფ ბოლისა და მერი მონტაჟის ოჯახში. მისი ბაბუა გახლდათ უილიამ ბოლი (1615-1680), რომელმაც ინგლისი 1650-იან წლებში დატოვა და ვირჯინიაში გადასახლდა. მოგვიანებით მასთან ჩავიდა ცოლი ჰანა ათეროლდი ოთხ შვილთან ერთად, მათ შორის იყო მერის მამა ჟოზეფი.[1][2]
მერის მამა დაიბადა ინგლისში. შემდეგ გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და დასახლდა მდინარე პოტომაკის სანაპიროზე, სადაც დაქორწინდა. წყვილს რამდენიმე შვილი შეეძინა. 58 წლის ასაკში ჟოზეფს ცოლი გარდაეცვალა. ყველა მიღებული ნორმის დარღვევით, მან მეორედ შეირთო ცოლი — მერი ჯონსონი. ამ ქორწინებაში შეეძინა ერთადერთი ქალიშვილი მერი. 1711 წელს მამა გარდაიცვალა. მამამ გოგონას მემკვიდრეობით დაუტოვა 400 ჰექტარი მიწა, 15 სული პირუტყვი და სამი მონა. მერის დედა ხელახლა გათხოვდა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა და გოგონა 12 წლის ასაკში დაობლდა. იგი ოჯახის მეგობარმა, ჯორჯ ესკრიჯმა წაიყვანა, რომელიც მას იმდენად კარგად ეპყრობოდა, რომ მერიმ პირველ ვაჟს მისი სახელი დაარქვა. სწორედ ესკრიჯმა გააცნო მას აუგუსტინ ვაშინგტონი.[3]
მკაცრი, უკომპრომისო ქალი, მერი ბოლი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა სოციალურ ცხოვრებას. ის არასოდეს ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ, ყოველთვის მისდევდა საკუთარ პრინციპებს (ეს თვისებები მემკვიდრეობით მიიღო ჯორჯ ვაშინგტონმა). მძიმე ბავშვობა და მშობლების ადრეული გარდაცვალება სავარაუდოდ მრავალი ფსიქოლოგიური ტრავმისა და კომპლექსის მიზეზი გახდა და ხელი შეუწყო მოუსვენარი პიროვნების ჩამოყალიბებას. ის იყო თავდაჯერებული, მოწესრიგებული, ლაკონიური და პირდაპირი თავის განცხადებებში. ეწეოდა ჩიბუხს. მერი არ ავლენდა ინტერესს გარე სამყაროს მიმართ, კონცენტრირებული იყო ფერმაზე. ვინაიდან გოგონას დედა წერა-კითხვის უცოდინარი იყო, ასევე არც მერის მიუღია კარგი განათლება. მის რამდენიმე წერილში უამრავი გრამატიკული და პუნქტუაციური შეცდომაა.[4]
ოჯახური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1657 წლის დასაწყისში ჯორჯ ვაშინგტონის დიდი ბაბუა, ჯონ ვაშინგტონი, ჩავიდა ამერიკაში თამბაქოს საყიდლად და იქ სამუდამოდ დარჩა. 1659 წელს ჯონს შეეძინა ვაჟი, ლოურენს ვაშინგტონი, ხოლო ლორენსს შეეძინა აუგუსტინი, რომელიც 1731 წლის 6 მარტს დაქორწინდა მერი ბოლზე. მერი იმდროინდელი სტანდარტებით მდიდარი იყო. მის საკუთრებას 1000 ჰექტარი მიწა შეადგენდა. წყვილს ექვსი შვილი შეეძინა:
- ჯორჯ ვაშინგტონი (1732-1799), ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი — დაქორწინდა მართა დენდრიჯზე
- ბეტი ვაშინგტონ ლუისი (1733–1797) — დაქორწინდა ფილდნიგ ლუისზე
- სამუელ ვაშინგტონი (1734-1781) — ხუთჯერ დაქორწინდა
- ჯონ აუგუსტინ ვაშინგტონი (1736–1787) — დაქორწინდა ჰანა ბუშროდზე
- ჩარლზ ვაშინგტონი (1738-1799) — დაქორწინდა მილდრედ ტორნტონზე
- მილდრედ ვაშინგტონი (1739-1740) —ახალგაზრდა გარდაიცვალა.
1743 წლის გაზაფხულზე აუგუსტინი დაავადდა და იმავე წლის 12 აპრილს გარდაიცვალა. ჯორჯი მაშინ 11 წლის იყო. მერი 35 წლის ასაკში დაქვრივდა და აღარ გათხოვილა. იგი უნდა გაძღოლოდა მეურნეობას, 6-დან 11 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვის აღზრდაზე ეზრუნა და ათეულობით მონის ზედამხედველი ყოფილიყო. მერიმ გამოიმუშავა უნარი ყოფილიყო გადამწყვეტი და მკაცრი ხელმძღვანელი. როგორც ისტორიკოსი რონ ჩერნოვი წერდა, მერი ბოლი გახლდათ პირველი ნამდვილი გენერალი ჯორჯ ვაშინგტონის ცხოვრებაში.
მერის ჯორჯთან ცივი და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. იგი ზედმეტი კრიტიკულობით გამოირჩეოდა, ჯორჯი კი ყოველთვის მგრძნობიარე იყო კრიტიკის მიმართ. დედასთან ურთიერთობისას მას უნდა ესწავლა თვითკონტროლი, თავშეკავება და სიმშვიდე. ის აღიზარდა, როგორც ღრმად ემოციური ადამიანი, იძულებული გახდა მუდმივად მიემართა თვითკონტროლისთვის. დედასთან ურთიერთობას იგი ხშირად გამოჰყავდა მწყობრიდან, მაგრამ მიეჩვია განცდების ჩუმად გადატანას. შესაძლოა, სწორედ ამ მუდმივმა ბრძოლამ საკუთარ ემოციებთან საბოლოოდ ჩამოაყალიბა ჯორჯ ვაშინგტონის ყველაზე შესამჩნევი ხასიათის თვისება: კრიტიკული სიტუაციების მტკიცედ გადატანის უნარი.
დედის მიმართ ჯორჯი გამოხატავდა პატივისცემას, თუმცა მას ნაკლებად ეთქმოდა მოსიყვარულე შვილი. წერილებში ყოველთვის მიმართავდა, როგორც Honored Madam-ს (პატივცემული ქალბატონს), ხოლო წერილს ასრულებდა მიმართვით: Your most Dutiful and Obedient Son, George Washington (თქვენი ყველაზე დამჯერი და მორჩილი ვაჟიშვილი, ჯორჯ ვაშინგტონი).[5]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერი ბოლ ვაშინგტონი გარდაიცვალა მკერდის კიბოთი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1789 წლის 25 აგვისტოს, საკუთარ სახლში ფრედერიკსბურგში, ვირჯინიაში.[6]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chernow, Ron. Washington: A Life. — Penguin Press, 2010. — 945 p. — ISBN 978-1-59420-266-7.
- Freeman, Douglas Southall. George Washington: A Biography (Volume 1). — New York: Charles Scribner's Sons, 1948. — 592 p.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ John R. Maass. George Washington's Virginia. — Arcadia Publishing, 2017. — 224 с. — ISBN 978-1-4671-1978-8.
- ↑ Maass, John R. (2017). "Mary Ball Washington and the Northern Neck". George Washington's Virginia. Arcadia Publishingi. pp. 28–29. ISBN 9781467119788. Retrieved May 12, 2019.
- ↑ George Washington: A Biographical Companion - By Frank E. Grizzard
- ↑ Custis, George Washington Parke; Lee, Mary Randolph Custis; Lossing, Benson John (1860). Recollections and private memoirs of Washington. Derby & Jackson. p. 147.
- ↑ George Washington: A Life by Willard Stearne Randall (1997). New York: Henry Holt and Company, Inc. page 440. ISBN 0-8050-5992-X
- ↑ Thompson, Mary V. (November 9, 2017). "Mary Ball Washington's Battle with Breast Cancer". დაარქივებული 2022-02-08 საიტზე Wayback Machine. George Washington's Mount Vernon. Mount Vernon Ladies' Association. Retrieved January 4, 2018.