მელაანის ღვთისმშობლის ეკლესია
მელაანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, კახეთის მხარეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანიდან 2-3 კმ-ში, პატარა გორაკზე. არქიტექტურული თავისებურების მიხედვით XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება.
ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობაა და კუპელჰალეს ნიმუშს წარმოადგენს. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. მხოლოდ ალაგ–ალაგაა შერეული აგურის ჰორიზონტალური შრეები. გარეთა კედლების წყობაში აქა–იქ საფლავის ქვებიცაა ჩართული, აგური ძირითადად გამოყენებულია კონსტრუქციული ნაწილებისათვის (საბჯენი თაღები, კამარა, კონქი, პილასტრები, კარ–სარკმელთა წირთხლები და თაღები) და ფასადების დეკორაც. გაფორმებაში აგურისაა ეკლესიის გუმბათიც.
ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. აქვს შესასვლელი: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი სწორკუთხაა, გარედან ჩასმულია ორი საფეხურით შეღრმავებულ შეისრულთაღოვან შეღრმავებაში. შიგნით კი შეისრული ტიმპანითაა დასრულებული. ორივე შესასვლელის გვერდები და ზღუდარი მაგარი ჯიშის სუფთად გათლილი ქვისაა.
ეკლესიის განიერი და მოგრძო დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც დარბაზისგან მარტივი პილასტრების წყვილით და მათზე დაყრდნობილი შეისრული საბჯენი თაღითაა გამიჯნული. თაღი დაყრდნობილია აგურის სამსაფეხურიან იმპოსტებზე. ანალოგიური პროფილისაა დანარჩენი საბჯენი თაღების იმპოსტებიც. აფსიდში ფართო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის სამხრეთ გვერდში ერთი განიერი და მაღალი სწორკუთხა ნიშაა, ჩრდილოეთ გვერდში კი, გვერდიგვერდ – ორი სხვადასხვა ზომის სწორკუთხა ნიშა. საკურთხევლის იატაკი ნავის იატაკის მიმართ ორი საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი.
დარბაზის გრძივ კედლებზე ორ–ორი მძლავრი ორსაფეხურიანი პილასტრია, რომლებიც შესაბამის კედლებს სამ–სამ ნაწილად ყოფს. მათგან განაპირები თანაბარი სიგანისაა, ხოლო შუა მათზე თითქმის ერთნახევარჯერ განიერია, პილასტრების გვერდებზე, კედლების ქვედა ნაწილებში. ნახევარწრიული თაღით დასრულებული ღრმა არეა, რომელთა თაღები პილასტრების გვერდით საფეხურებს ეყრდნობა, პილასტრების წინა საფეხურებს კი – კამარის საბჯენი თაღები. თაღები შეისრულია, იგივე ფორმისაა კამარაც, დასავლეთით იგი კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს ეყრდნობა.
საკურთხევლის სარკმლის გარდა, ეკლესიაში კიდევ შვიდი სარკმელია: ორ–ორი გრძიე კედლებში, ერთი – დასავლეთით, თითო–თითო – გუმბათქვეშა განივი მკლავების ზედა ნაწილში, საკურთხევლისა და გრძივ კედლებში გაჭრილი სარკმლები ორივე მხრიდან თაღოვანია და კედლის გულისკენ როგორც შიგნიდან, ისე გარედანაც ვიწროვდება, დანარჩენი სარკმლები შიგნით ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, ხოლო გარედან სწორკუთხაა.
ეკლესიის ვიწრო და მაღალი გუმბათის ყელი აღმოსავ��ეთითაა გადაწეული. იგი დაყდრნობილია კამარის აღმოსავლეთ საბჯენ და საკურთხევლის თაღებზე. კედლების გასწვრივ , გამოყვანილია განიერი საბჯენი თაღები, რომლებიც ასევე გუმბათის ყელის საბჯენ თაღებზეა დაყრდნობილი . აღნიშნული თაღებით შექმნილი კვადრატის ოთხივე კუთხეში მოწყობილია აფრები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა.
გარეგანი ფორმებით ეკლესიას ჯვარ–გუმბათოვანი შენობის აღნაგობა აქვს. ეკლესიის გრძივ ფასადებზე, გუმბათის ყელის საფუძვლიდან სამხრეთით და ჩრდილოეთით ,,ჯვრის მკლავებია“ გამოსული, რომლებიც ქმნის შემაღლებულ, ფრონტონით დასრულებულ ნაწილებს. ფასადების დამუშავება საკმაოდ მარტივია. მორთულობის ძირითადი ელემენტებია ლეკალური აგურით გამოყვანილი ჯვრები.
სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე „ჯვრის მკლავების“ კედლები მთლიანად აგურითაა ნაწყობი. კედლის ღერძზე სწორკუთხა ორ–ორი რელიეფური ჯვარია გამოსახული: განაპირა ჯვრები ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე დანარჩენი ორი და დაყრდნობილია ჰორიზონტალ ზოლურაზე.
აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის სარკმლის თაღოვანი ნაწილი ლეკალური აგურის თავსართითაა მორთული. სარკმლის ზემოთ, შუა შემაღლებული ნაწილის ფრონტონზე, რომელიც ასევე მთლიანად აგურითაა გამოყვანილი, გამოსახულია ორი რელიეფური ჯვარი – შერწყმული განივი მკლავებით. ჯვრების ზედა მკლავებს შორის, კონქსზედა სივრცის გასანიავებელი მრგვალი სარკმელია, რომლის ზემოთ, ჯვრების ზედა მკლავებზე დაყრდნობილ ზოლურაზე, დადგმულია წყობიდან შვერილი აგურებით გამოყვანილი ტოლფერდა სამკუთხედი.
დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ორივე მხარეს, ოდნავ ზემოთ, გამოსახულია თითო შეღრმავებული ჯვარი უფრო ზემოთ, ფასადის შემაღლებული ნაწილის ღერძზე, ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, რომელსაც ლეკალური აგურის თაღოვანი საპირე ევლება, სარკმლის ორივე მხარეს თითო რელიეფური ჯვარია, რომელიც ჰორიზონტალურ ზოლურაზეა დაყრდნობილი. ფასადის გვერდით ნაწილებში თითო პატარა შეღრმავებული არეა – საფეხურებიდან დამუშავებული თავით. თითოეულ არეში გამოყვანილია კონსოლებზე დაყრდნობილია თითო რელიეფური თაღი.
ფასადის ფრონტონზე დადგმულია აგურით ნაგები, გეგმით წრიული სამრეკლო, რომელიც ოთხასი თაღით გახსნილ და ნახევარსფერული სახურავით დასრულებულ ფანჩატურს წარმოადგენს. ფასადები აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნითაა დასრულებული. იგი შედგება ჩვეულებრივად დაწყობილ აგურის ორ რიგს შორის მოქცეული კუთხით წინწამოწეულ აგურების ერთი რიგისგან.
ეკლესიის გუმბათის ყელი გარედანაც მრგვალია. მასში ათი ვიწრო და მაღალი სარკმელია გამოჭრილი: სარკმლების ზემოთ გუმბათის ყელი ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. გუმბათქვეშა კვადრატსა და სარკმელებს შორის მოქცეული ნაწილი ლეკალური ლილვით ნაწყობი სარტყელით გამოყოფილია ორ ტოლ ნაწილად. მათგან ქვედა შეღრმავებული რომბების მწკრივითაა მორთული, ხოლო ზედა სადაა. სარკლების გვერდებსა და თაღებს გარს ევლება ლეკალური აგურით ნაწყობი შეწყვილებული ლილვი. სარკმლებშორისი არეების ზემოთ ლეკალური აგურით რელიეფური ჯვარია გამოსახული, რომელთა განივ მკლავებს შორის გამოყვანილია ფრონტონისებრი შვერილი. გუმბათის ყელი დასრულებულია ლავგარდნით და დაგვირგვინებულია აგურისავე პირამიდული სახურავი.
2007 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ტაძარი გაიწმინდა მცენარეულობისაგან, აღდგა ფრონტონებისა და ლავგარდნის დანგრეული ნაწილები, სარკმლის წირთხლები. დაიშალა და ხელახლა აიგო კედლების დაზიანებული ნაწილები. გუმბათზე მოიხსნა თუნუქის სახურავი და გადაიხურა აგურით, ინტერიერი გაიწმინდა ნალესობისგან და აიგო კანკელი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 188–190.
- გენგიური ნ, კუპელჰალე, თბ., 2005
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელაანის სამების ეკლესია დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.