კონსტანტინე გრიცაი
კონსტანტინე ვლადიმერის ძე გრიცაი (რუს. Константин Владимирович Грицай; დ. 14 ივლისი, 1901, ეკატერინოდარი, ახლანდ. ქ. კრასნოდარი, რუსეთი, — გ. 14 მაისი, 1980, თბილისი) — საქართველოში მოღვაწე რუსი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1971).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით 1929 წელს და საქართველოს საინჟინრო–სამშენებლო ინსტიტუტი არქიტექტურის განხრით 1932 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა „საქსახპროექტში“, „სოიუზგიპროტორგის“ ამიერკავკასიის თბილისის ფილიალში. 1943-1949 წლებში იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ არქიტექტორ–მხატვარი.
მისი პროექტებით აგებულია სამრეწველო, საცხოვრებელი, საკურორტო, სავაჭრო ნაგებობები ზუგდიდში და წყალტუბოში; მონაწილეობდა სამრეწველო ცენტრებისა და საბჭოთა მეურნეობების დასახლებების პროექტირებასა და განაშენიანებაში. კინოსტუდიაში მუშაობის დროს ჩართული იყო არქიტექტურული დეკორაციების შექმნასა და გაანგარიშებაში (ფილმები „გიორგი სააკაძე“, II სერია, „ჯურღაის ფარი“, „პოეტის აკვანი“, „დავით გურამიშვილი“ და სხვ.).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კინწურაშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 163.