კევლიანის ღვთისმშობლის ეკლესია
კევლიანის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კევლიანში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფერდობზე, ტყის პირას. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,9 X 4 მ), ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით, ზოგან შირიმიცაა გამოყენებული. ეკლესიას სამხრეთით ნალისებრი თაღით დასრულებული ორი შესასვლელი ჰქონია. აღმოსავლეთ შესასვლელი ამოშენებულია, ხოლო დასავლეთის სწორკუთხოვნად არის გადაკეთებული. აღმოსავლეთით ვიწრო მხრებით გამოყოფილი აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სატრიუმფო თაღი აფსიდის მხრებს ეყრდნობა. თაღის ქუსლებთან მარტივი ომპოსტია, რომლის პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. დარბაზის ნახევარწრიული კამარა (შემორჩენილია სამხრეთ ნაწილში) უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. დასავლეთ კედელზე ერთსაფეხურიანი შეღრმავებაა, რომელსაც კედლის შუა მესამედი უკავია. ჩრდილოეთ კედელში აფსიდის მხართან პატარა ნიშია. სამხრეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის კედლები შელესილი ყოფილა. კლესიას სამხრეთით მინაშენი ჰქონია. შემორჩენილია კედლის ფრაგმენტი სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თაღი რელიეფური რკალითა და ჯვრითაა შემკული. სამხრეთ ფასადზე შესასვლელი დასრულებულია ტიმპანით, რომლის თაღს შემოვლებული აქვს არქივოლტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 292-293.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კევლიანის ღვთისმშობლის ეკლესია დაარქივებული 2013-11-02 საიტზე Wayback Machine.