ია ეკალაძე
ია ეკალაძე (ნამდვილი სახელი და გვარი — იაკობ თომას ძე ცინცაძე) (დ. 23 მარტი, 1872, ციმისი, თერგის ოლქი — გ. 11 ოქტომბერი, 1933, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი, ვექილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1893 წელს გარიცხეს თბილისის სასულიერო სემინარიიდან როგორც „პოლიტიკურად საეჭვო“. 1894 წელს გაზეთმა „ივერიამ“ დაბეჭდა მისი პირველი მოთხრობა „ილიკო ბედენიძე“ (თომაანთ კობას ფსევდონიმით). 1902 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი. 1911 წელს დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1911 წელს იყო გორის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელი. 1912–1913 წლებში მუშაობდა გაზეთ „ქართლის“ რედაქტორ-გამომცემლად, 1915-1916 წლებში კი — გაზეთ „სამშობლოსი“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ პრესაში მისი არაერთი ფოტო დაიბეჭდა. ასევე, იდგმებოდა მისი პიესები. 1919 წლის 12 იანვარს, სახალხო სახლში, ქართულ წარმოდგენათა წრის მიერ ია ეკალაძის ოთხმოქმედებიანი დრამა „ნომერი 21 ჯვრით“ დაიდგა.
1919 წლის 14 ოქტომბერს, სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ იოსებ არიმათიელის წერილი „ია ეკალაძე“ დაიბეჭდა. 1919 წელს ჩოხატაურის ახლად დაარსებული გიმნაზიის დირექტორი, 1920–1923 წლებში — ლანჩხუთის ტექნიკუმის მასწავლებელი. 1920 წლის 7 მაისს, მწერალთა საბჭომ, საქართველოს დიდ ქალაქებში გამართა პირველი ტრადიციული „პოეზიის დღე“. ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს ჩოხატაურში ია ეკალაძე ხელმძღვანელობდა. 1923–1924 წლებში მასწავლებლობდა რაჭაში, 1924-1925 წლებში — თელავში. სიცოცხლის ბოლომდე წერდა პიესებს, რომანებს და ლექსებს. ავტორია რომანების: „ნომერი 21 ჯვრით“, „ილია“; მოთხრობების: „დაუდეგარი“, „თეო“, „ჩემი ცოდვა გქონდეს!“, „კრებაზე“ და სხვა. 1927 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა „ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ანთოლოგია“ (ტ. I, II – 1928, III – 1930).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 511-512.
- მირიანაშვილი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.