თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები
თურქეთი |
საქართველო |
თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს თურქეთსა და საქართველოს შორის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთმა 1991 წლის 16 დეკემბერს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. დიპლომატიური კავშირი კი დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს[1]. თურქეთში მოქმედებს საქართველოს საელჩო ანკარაში, ორი გენერალური საკონსულო ტრაპიზონში და სტამბოლში[2]. საქართველოში მოქმედებს თურქეთის საელჩო თბილისში და გენერალური საკონსულო ბათუმში[3].
საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე. თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.
საქართველოს და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 21 მაისს. საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი. 30 ივლისს გაფორმდა საქართველო-თურქეთის ხელშეკრულება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქეთი და საქართველო ორი მოსაზღვრე ქვეყანაა, რომელთა შორის არსებული საზღვრის სიგრძე 273 კილომეტრს შეადგენს. თურქეთმა, საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 16 დეკემბერს აღიარა, 1992 წლის 21 მაისს კი ქვეყნებს შორის ოფიციალურად დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები, ორივე ქვეყანამ ერთმანეთის დედაქალაქებში დიპლომატიური წარმომადგენლობები გახსნა და ელჩები დანიშნა. თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. ამავე პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობდა ორ ქვეყანას შორის სხვა ტიპის თანამშრომლობაც, მაგალითად, 1991 წლის 17 დეკემბერს, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც, თურქეთს და საქართველოს შორის დამყარდა დამოუკიდებელი სატელეფონო კავშირი და თურქეთმა აიღო ვალდებულება, გაეძლიერებინა საქართველოს სატელეფონო სისტემა.
ახლო ურთიერთობა დამყარდა თურქეთის და საქართველოს ლიდერებს შორისაც და 1990-იანი წლების განმავლობაში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ თურქეთის პრეზიდენტი სულეიმან დემირელი და პრემიერ-მინისტრები მესუთ ილმაზი და თანსუ ჩილერი.
თურქეთი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობდნენ ეკონომიკური და საგანმანათლებლო კუთხითაც. საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნა თურქული ორგანიზაციების კუთვნილი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც, თავდაპირველად მეტწილად ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევრებთან ასოცირებულ ორგანიზაცია ჩაღლარს ეკუთვნოდა თურქეთის ხელისუფლებას და ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევრებს შორის ურთიერთობების გაუარესების შემდეგ, ჩაღლარის ფონდის კუთვნილი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი დაიხურა, ნაწილის მაგივრად კი თურქეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა ფონდმა მაარიფმა ახალი სკოლები გახსნა. საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწეობა დაიწყო ასევე არაერთმა თურქულმა ფირმამ. 2007 წლის 21 დეკემბერს თურქეთს და საქართველოს შორის გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2008 წლის 1 ნოემბრიდან ძალ���ში შევიდა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დიდი გავლენა იქონია.
თურქეთი ამავე დროს ოფიციალურად მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლებების ამბიციებს ქვეყანა გახდნეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ევროკავშირის წევრი და ოფიციალურად, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამავე დროს, საქართველოს ტერიტორიაზე გადის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც როგორც თურქეთის, ისე რეგიონში მისი მთავარი მოკავშირის აზერბაიჯანის და საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. მაგალითად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და შაჰდენიზის გაზსადენი.
გარდა ანკარაში მდებარე საელჩოსი, საქართველოს გააჩნია საკონსულოები ტრაპიზონში და სტამბოლში, ხოლო თურქეთის რესპუბლიკა საქართველოში, თბილისში მდებარე საელჩოს გარდა, წარმოდგენილია ბათუმში მდებარე საკონსულოთი. 2006 წლის 10 თებერვლიდან ორ ქვეყანას შორის არსებობს უვიზო მიმოსვლა.
პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქეთს და საქართველოს შორის პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა, ფაქტობრივად 1990-იანი წლებიდანვე იწყება. თავდაპირველად, თურქეთის საქართველოსადმი დამოკიდებულება, მითათ ჩელიქფალას მიხედვით, ერთგვარი „პოზიტიური აპათიით“ იყო შემოფარგლული; თურქეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ყარსის ხელშეკრულებით დადგენილ საზღვრებში და მოახდინა გარკვეული ხელშეკრულებების რატიფიკაცია, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს შიდა პრობლემებთან დაკავშირებით, ინარჩუნებდა სრულ ნეიტრალიტეტს და ამჯობინა არ ჩარეულიყო კავკასიური დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაში, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე, აფხაზების ინტერესების ლობირებით იყვნენ დაკავებულები. თურქეთის ეს პოზიცია, საკუთარი ჩრდილო კავკასიური, მათ შორის აფხაზური წარმოშობის მოქალაქეების გაღიზიანებისაგან თავის შეკავებასთან ერთად, განპირობებული იყო იმით, რომ თურქეთს ჰქონდა საკუთარი სეპარატისტული პრობლემა და სურდა, ჩანასახშივე აღეკვეთა იმის შესაძლებლობა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედ ქურთისტანის მუშათა პარტიას, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით ემოქმედა.
თურქეთს და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება 1990-იანი წლების შუიდან იწყება, როდესაც, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ენერგეტიკული დერეფნის, ფართოდ გამოიკვეთა და საქართველოს ტერიტორიამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა, როგორც ნავთობის და გაზის სატარებისათვის ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა არეამ.
ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ზრდასთან ერთად, თურქეთი, როგორც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, აქტიურად იწყებს საქართველოსთან, როგორც პრო-დასავლური ორიენტაციის ქვეყანასთან, რომელიც მიზნად ისახავდა გამხდარიყო ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, სამხედრო თანამშრომლობას. 1997 წელს თურქეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას 1998 წლის აპრილში თურქეთის გენერალური შტაბის უფროსმა ისმაილ ჰაქი ქარადაიმ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ ხელი მოაწერეს კიდევ ერთ სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, 1998 წლის 14 მაისს, თურქეთ-საქართველოს პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთვნები გაიმართა. 2001 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იგი მზად იყო, მარნეულის სამხედრო აეროდრომის გამოყენების უფლება უსასყიდლოდ მიენიჭებინა თურქული თვითმფრინავებისათვის, ხოლო 2004 წლისათვის, თურქეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობამ 45 მილიონ დოლარს მიაღწია. გაფორმდა ხელშეკრულებები სასაზღვრო მონაკვეთების ერთობლივი დაცვის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, საქართველო აქტიურად მონაწილეობს თურქეთის ინიციატივით დაარსებული, შავი ზღვის საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მოღვაწეობაში.
ამავე დროს, თურქეთი მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვას. თუმცა, ისე, რომ თავიდან აერიდებინა რუსეთის გაღიზიანება; მაგალითად, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, თურქეთმა, 1936 წლის მონტროს კონვენციის მომიზეზებით, ამერიკულ გემებს ხელი შეუშალა რომ საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება ჩამოეტანათ. ამავე დროს, თურქეთის დამოკიდებულება საქართველოს მიერ აფხაზეთთან მიმართებაში გამოყენებულ საზღვაო ბლოკადასთან დაკავშირებით ორაზროვანი იყო. მაგალითად, 2009 წელს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმეთ დავუთოღლუ, საგანგებოდ ჩამოვიდა საქართველოში, რათა მიეღწია ბლოკადის დარღვევისათვის დაკავებული თურქული გემის ეკიპაჟის გათავისუფლებისათვის.
თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამო, სომხეთის ტერიტორია, ენერგეტიკული ტრანზიტისთვის შესაძლოა ვარიანტად არ განიხილებოდა. ამგვარად, საქართველოს ტერიტორია, შუა აზიიდან და აზერბაიჯანიდან თურქეთისაკენ მიმავალი ენერგოგამტარებისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ წერტილად იქცა. 2005 წელს გაიხსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, 2006 გახსნილმა გაზსადენმა კი აზერბაიჯანში მდებარე შაჰდენიზის გაზის საბადო თურქეთთან დააკავშირა. 2017 წელს სატვირთო გადაზიდვებისათვის გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელმაც, აზერბაიჯანს და თურქეთს შორის, საქართველოს გავლით, მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი შექმნა.
ეკონომიკური თანამშრომლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქეთს და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და მოკლე ხანში, ორ ქვეყანას შორის არსებულმა ეკონომიკურმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვან მასშტაბს მიაღწია და თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმანაც, რომ ორივე ქვეყანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია.
ქვეყნებს შორის პირველ სავაჭრო თანამშრომლობის და საინვესტიციო ხელშეკრულებას 1992 წლის 30 ივლისს მოეწერა ხელი, მას, სხვადასხვა პერიოდში მოჰყვა შერეული ეკონომიკური კომისიის დაარსება, საგადასახადო პოლიტიკის დარეგულირება ორი ქვეყნის ტერიტორიაზე ეკონომიკური მოღვაწეობით დაკავებული მოქალაქეებისათვის და 2007 წელს დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. დღეისათვის, თურქეთი, საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.
თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მოქალაქეების დასაქმების და ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემოსული თანხების საკითხშიც. 2017 წელს, თურქეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის ოდენობამ 109 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეები, აქტიურად მუშაობენ თურქეთის ტერიტორიაზე, როგორც სეზონურ, ისე მუდმივ სამუშაოებზე. 2018 წელს, თურქეთში ლეგალურად დასაქმებული მოქალაქეების ოდენობით საქართველო, სტატისტიკაში მესამე ადგილს იკავებდა, 2017 წელს კი მეორეს, სირიის შემდეგ. 2012, 2013 და 2014 წლებში კი საქართველო, თურქეთში ლეგალურად დასაქმებული მოქალაქეების ოდენობის მხრივ ლიდერი იყო. ამავე დროს, თურქეთის შავიზღვისპირა რეგიონებში მდებარე თხილის და ჩაის პლანტაციები, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის სეზონურად დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროებია. ქართველი სეზონური მუშების მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2017 წლიდან თურქეთი, საქართველოს მოქალაქეებს სეზონურ სამუშაოებზე ლეგალურად დასაქმების საშუალებას აძლევს.
თურქული კომპანიები ამავე დროს საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, წარმოება, საავიაციო სფერო და სხვა. აღსანიშნავია, რომ თურქული კომპანია TAV განკარგავს თბილისის და ბათუმის აეროპორტებს.
თურქეთი და აფხაზეთის საკითხი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიციალურად, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საშუალებით, ხმას იყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების სასარგებლოდ.
რეალურად, მიუხედავად თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ოფიციალური მხარდაჭერისა, თურქეთის დამოკიდებულება აფხაზეთთან დაკავშირებით ორაზროვანია. თურქეთში არ���ებობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა, რომელიც აქტიურ კავშირს ინარჩუნებს ისტორიულ სამშობლოსთან და ამავე დროს, აქვს საკმაოდ აქტიური კავშირები თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ კავკასიური დიასპორების წარმომადგენლებთან. სხვადასხვა მონაცემებით, თურქეთის ტერიტორიაზე, 100 000-დან 700 000-ამდე აფხაზი ცხოვრობს, რაც, თავად აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზთა რაოდენობაზე ბევრად მეტია (2019 წლის მონაცემებით 125 974 ადამიანს შეადგენს). ამდენად, თურქეთს და აფხაზეთს შორის არაოფიციალური კავშირები საომარი მოქმედებებიდან მალევე დამყარდა. 1994 წელს სოხუმს და ტრაპიზონს შორის დაიწყო მოძრაობა საზღვაო ტრანსპორტმა, რომელმაც 1996 წლამდე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ აფხაზეთის აღიარებაზე უარის თქმის და ემბარგოს გამოცხადებამდე იმუშავა. 1995 წელს, გაგრის რაიონის სოფელ განთიადში გაიხსნა ბაშარანის თურქული კოლეჯი, რომელიც გულენის მოძრაობასთან დაახლოებული პირების საკუთრება იყო და თურქეთის ხელისუფლებასა და გულენის მოძრაობას შორის სიტუაციის დაძაბვამდე თურქეთის ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობდა.
ოფიციალურ დონეზე, თურქეთი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ღიად უჭერდა მხარს და ეს მხარდაჭერა, იურიდიულად გაფორმდა 1992 წლის 30 ივლისს, როდესაც, თურქეთის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰიქმეთ ჩეთინმა, ხელი მოაწერეს საქართველოსთან მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო აღიარებასაც მოიცავდა. ამასთან ერთად, თურქეთის შიგნით აფხაზური დიასპორა აქტიურად ცდილობდა მიეღწია აფხაზეთთან დაკავშირებით თურქეთის ოფიციალური პოლიტიკის ცვლილებისათვის, თუმცა უშედეგოდ. თურქეთი ასევე, ნებისმიერი სახით აბრკოლებდა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გადაადგილებას თავის ტერიტორიაზე, მაგალითად, 2007 წელს, ქართული მხარის მოთხოვნით, თურქეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა აფხაზეთის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს, რომელმაც თურქეთში ჩასვლა მოგვიანებით, მხოლოდ 2011 წელს მოახერხა და მის ვიზიტს არაოფიციალური სახე ჰქონდა და დიასპორის მონახულების მიზნით იყო განხორციელებული. ასევე, თურქეთის ხელისუფლებამ 2014 და 2019 წლებში, ორჯერ აღკვეთა თურქეთის აფხაზური დიასპორის მცდელობები, თურქეთის ტერიტორიაზე გაეხსნათ საარჩევნო უბნები, რომლებშიც აფხაზური დიასპორის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც აფხაზური პასპორტები ჰქონდათ, შეძლებდნენ მიეღოთ მონაწილეობა აფხაზეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში.
1990-იანი წლების ბოლოდან თურქეთი აქტიურად იწყებს ჩართვას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებშიც და სწორედ თურქული მხარის ორგანიზებით 1999 წლის ივნისში, სტამბოლში შედგა ქართულ-აფხაზური სამშვიდობო მოლაპარაკებები.
თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები, თურქული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ზოგიერთ შემთხვევაში დეპუტატები მეტწილად შეუზღუდავად ახერხებენ აფხაზეთის ტერიტორიების მონახულებას. მაგალითად, 2014 წელს, აფხაზეთს ეწვია მეტწილად აფხაზური წარმოშობის თურქი დეპუტატებისგან შემდგარი დელეგაცია. 2019 წლის დეკემბერში, აფხაზეთში იმყოფებოდა სამშობლოს პარტიის ლიდერი დოღუ ფერინჩექი. მანამდე, აგვისტოში, აფხაზეთში იმყოფებოდა თურქი ბიზნესმენების დელეგაცია, რომელთა შორისაც იყო ზორლუ ჰოლდინგის მფლობელი, მილიარდერი აჰმეთ ნაფიზ ზორლუც. ამავე დროს, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, 2009 წელს, საქართველოს ხელისუფლების ნებართვით, აფხაზეთს ეწვია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველის თანაშემწე უნალ ჩევიქოზი, 2010 წელს, აფხაზეთში, „აფხაზეთთან ურთიერთობების გამოცოცხლების მიზნით“, იმყოფებოდა თურქეთის ელჩი საქართველოში, ლევენთ მურათ ბურჰანი.
თურქეთი, ოფიციალურ დონეზე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამავე დროს, აფხაზური დიასპორის და ეკონომიკური კავშირების საშუალებით, მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს აფხაზეთის ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან, მეტწილად არაოფიციალურ დონეზე.
თურქეთი და აჭარა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჭარა, რეგიონი, რომელიც რამდენიმე ასეული წლის მანძილზე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ისტორიულად თურქეთისათვის მნიშვნელოვან სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა და XX საუკუნის დასაწყისში, თურქეთ-საბერძნეთის ომის პერიოდში, მოიაზრებოდა თურქეთის ეროვნული აღქმის მიხედვით გათვალისწინებულ საზღვრებს შიგნით, როგორც თურქეთის ნაწილი და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის პირველ მოწვევაში, აჭარა 5 დეპუტატით იყო წარმოდგენილი, რომლებიც ბათუმის დეპუტატებად იწოდებოდნენ. თუმცა, ყარსის შეთანხმებით თურქეთმა აჭარა, ავტონომიური სტატუსის შენარჩუნებით, საბჭოთა კავშირის ნაწილად აღიარა და 1992 წელს, ყარსის ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული საზღვრების საქართველო-თურქეთის ოფიციალურ საზღვრებად აღიარებით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არ აცხადებდა ტერიტორიულ პრეტენზიას აჭარასთან დაკავშირებით.
ამავე დროს, საბჭოთა კავშირის შემდეგ, როგორც მოსაზღვრე რეგიონში, აჭარაში თურქეთის ეკონომიკუ���ი და პოლიტიკური ინტერესები გაიზარდა. ბათუმში გაიხსნა თურქეთის საკონსულო, თურქული სკოლები, თურქული სოციალური და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლობები. 2009-2014 წლებში, აჭარაში განხორციელებული თურქული ინვესტიციების მოცულობამ 525 მილიონი დოლარი შეადგინა. 2012 წლისთვის კი ბათუმში რეგისტრირებული თურქული ფირმების რაოდენობამ 400-ს მიაღწია. ბათუმში თურქული ეკონომიკური გავლენის და თურქული მოსახლეობის ხილვადობამ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოწვია, რაც ნათლად აისახა საბჭოთა პერიოდში დანგრეული აზიზიეს მეჩეთის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებულ, ხალხის და გარკვეული პოლიტიკური პარტიების რეაქციებზე. მაგალითად გაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ“, აზიზიეს მეჩეთი თურქული ოკუპაციის ძეგლად გამოაცხადა და აზიზიეს მეჩეთის აღდგენის ნებისმიერი მცდელობა თურქეთის მიერ აჭარაში გავლენის აღდგენის მცდელობებთან დააკავშირა. საბოლოოდ, აზიზიეს მეჩეთის აშენების გეგმა გაუქმდა, თუმცა, აჭარასთან დაკავშირებით, თურქეთის შესაძლო გეგმები გარკვეული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამაში და რიტორიკაში მნიშვნელოვან ელემენტებად იქცა. მაგალითად საქართველოს პატრიოტთა ალიანსის 2020 წლის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ლოზუნგად იქცა ფრაზა „ნუ დავუთმობთ აჭარას თურქეთს!“
მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების და თურქული ინვესტიციების მასშტაბების გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობაში გაჩენილი ეჭვების მიუხედავად, ოფიციალურ დონეზე, თურქეთის ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ოფიციალურ მხარდაჭერას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Çelikpala Mitat, From a Failed State to a Weak One? Georgia and Turkish Georgian Relations, Turkish Yearbook, Vol. XXXVI, 2005, გვ. 159-199
- Kapanadze Sergi, Turkish Trade With Abkhazia: An Apple of Discord for Georgia,Turkish Policy Quarterly, Fall,2014, pp. 55-68
- Oran, Baskın (Ed.), Türk Dış Politikası, Cilt II, İletişim Yayınları, İstanbul, 2010, გვ. 416, ISBN 978-975-05-0002-2
- Oran, Baskın (Ed.), Türk Dış Politikası, Cilt III, İletişim Yayınları, İstanbul, 2013, გვ. 486, ISBN 978-975-05-1142-4
- Şentürk Miraç, Milli Mücadele Döneminde Elviye-i Selase ve Milletvekilleri, Yüksek Lisans Tezi, Ankara Üniversitesi, 2010
- Vindimian Marianna, Evolution of Turkish Foreign Policy towards Georgia, ISPI, N 196, September, 2010, pp. 1-9
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Demirağ Yelda, Bağımsızlıktan Kadife Devrime Türkiye-Gürcistan İlişkileri; Uluslararası İlişkiler, Vol. 2, N. 7, Giiz 2005, გვ. 125-155 დაარქივებული 2017-03-29 საიტზე Wayback Machine.
- Gürcistan İle Türkiye Arasındaki Ticaretin Boyutları ve Artvin İlinde Yapılan Ticarete Etkisi
- Ortadoğu Stratejik Araştırmaları Merkezi – ORSAM, Türkiye Ekonomi Politikaları Araştırma Vakfı – TEPAV - Karadeniz’in Bütünleşmesi İçin Abhazya, Rapor No: 8, Aralık, 2009
- Wakizaka Keisuke, Türkiye’deki Gürcü ve Çerkes Diasporasının Gözüyle Abhazya Meselesi ve Kimlik Sorunu, Yüksek Lisans Tezi, Yıldız Teknik Üniversitesi, İstanbul, 2012 დაარქივებული 2022-12-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ურთერთობები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-24. ციტირების თარიღი: 2015-05-14.
- ↑ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტი
- ↑ თურქეთის საელჩო საქართველოში
|