შინაარსზე გადასვლა

თარგი:ბიზანტია/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიზანტიის იმპერია ასევე აღმოსავლეთ რომის იმპერია ან უბრალოდ ბიზანტიარომის იმპერიის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ძირითადად ბერძნულენოვანი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა გვიან ანტიკურ ხანისა და შუა საუკუნეების პერიოდში. მისი დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი (დღევანდელი სტამბოლი), რომელიც თავდაპირველად დაარსდა, როგორც ბერძნული კოლონია ბიზანტიონი. ქვეყანა გადაურჩა დასავლეთ რომის იმპერიის დაშლასა და დაცემას V საუკუნეში და განაგრძობდა არსებობას კიდევ ათასი წლის განმავლობაში 1453 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ მის დაპყრობამდე. მისი არსებობის განმავლობაში იმპერია წარმოადგენდა ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო ძალას ევროპაში. როგორც „ბიზანტიის იმპერია”, ისე „აღმოსავლეთ რომის იმპერია” წარმოადგენს ისტორიოგრაფიულ ტერმინს იმპერიის აღსანიშნავად მისი განადგურების შემდეგ. თავად მისი მცხოვრებლები სახელმწიფოს უწოდებდნენ რომის იმპერიას (ძველ ბერძნ. Βασιλεία Ῥωμαίων, ლათ. Imperium Romanum) ან რომანიას (ძველ ბერძნ. Ῥωμανία), ხოლო საკუთარ თავს „რომაელებს”.

ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბება ერთბაშად არ მომხდარა. IV-დან VI საუკუნემდე განხორციელებულმა რამდენიმე ღონისძიებამ საბოლოოდ რომის იმპერიის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყოფა გამოიწვია. 284 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305 წწ.) რომის იმპერიის მმართველობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად დაყო. 330 წლისათვის კონსტანტინე I-მა (306–337 წწ.) დედაქალაქი რომიდან ბიზანტიონში გადაიტანა, რომელსაც მოგვიანებით კონსტანტინოპოლი („კონსტანტინეს ქალაქი”) და Nova Roma („ახალი რომი”) ეწოდა. თეოდოსიუს I-ის (379-395 წწ.) მმართველობისას ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო სხვები, მაგ. რომაული პოლითეისტური რელიგია აიკრძალა. ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბების პროცესი არსებითად დასრულდა იმპერატორ ჰერაკლეს (610-641 წწ.) მმართველობისას, როდესაც მოხდა იმპერიის მმართველობისა და არმიის რესტრუქტურიზაცია და ოფიციალურ ენად დამტკიცდა ბერძნული ლათინურის ნაცვლად. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიის იმპერია წარმოადგენდა რომის იმპერიის მემკვიდრესა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების გამგრძელებელს, თანამედროვე ისტორიკოსები ბიზანტიას გამოარჩევენ ანტიკური რომისაგან, რადგან ის ლათინურის ნაცვლად ბერძნული კულტურის მატარებელი იყო, ხოლო სახელმწიფო რელიგიას რომაული პოლითეიზმის მაგივრად მართლმადიდებელი ქრისტიანობა წარმოადგენდა. (... იხ. სრულად)