ზურაბ ლაბახუა
ზურაბ აკაკის ძე ლაბახუა (დ. 4 ნოემბერი, 1938, სოხუმი — 2004) — აფხაზი სახელმწიფო მოხელე. სკკპ წევრი (1966). საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ასსრ-ის IX–XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა ნ. ლაკობას სახელობის სოხუმის №10 საშუალო სკოლა. 1963 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით; სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1980 წელს.
შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტის“ სოხუმის ფილიალში ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1963–1969 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1969 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა, ჯერ საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების ინსტრუქტორად, შემდგომ კი პარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის მდივნად; 1973 წელს არჩეულ იქნა სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1975 წელს დაინიშნა აფხაზეთის ასსრ ადგილობრივი მრეწველობის მინისტრად; 1977–1980 წლებში მუშაობდა საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ; 1980–1985 წლებში იყო საქართველოს პროფსაბჭოს მდივანი; 1985–1987 წლებში საქართველოს სსრ ნავთობპროდუქტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1988 წლიდან საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1988–1990 წლებში მშენებლობის ერთიანი სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1990 წლის 6 ნოემბრიდან აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით დაინიშნა აფხაზეთის ასსრ მინსტრათა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ[1]. 1993 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვში; მუშაობდა კორპორაცია „მონტაჟსპეცსტროის“ პრეზიდენტის მრჩევლად, „მოსინტერსტროის“ ფირმა „ტვერსკაია 16“-ის გენერალური დირექტორის მოადგილედ, ეროვნულ საქმეთა და ფედერაციულ ურთიერთობათა და დსთ-ის საქმეთა მინისტრის მრჩევლად; ხელმძღვანელობდა „სოიუზნეფტეგაზინვესტის“ კონსორციუმის სამშენებლო კომპლექსს; 1993 წელს იყო აფხაზეთის აღორძინების ფონდ „ფენიქსის“ დამაარსებელი; გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია და ნარკვევი ქართველ და აფხაზ ხალხთა თანამეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე; არაერთგზის იყო არჩეული საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატად. 1994 წელს მოსკოვში გამოსცა წიგნი „საქართველო-აფხაზეთის ომი. ზოგიერთი დოკუმენტები, ინტერვიუ, წერილები, კომენტარები 1992-1993 წწ.“ («Грузино-абхазская война. Некоторые документы, интервью, письма, комментарии 1992 – 1993 гг.»), სადაც მან წარმოადგინა თავისი ხედვები აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. აღნიშნულის გამო აფხაზეთის მთავრობისაგან დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მედალი „შრომითი მამაცობისთვის“;
- საპატიო ნიშნის ორდენი;
- შრომის წითელი დროშის ორდენი;
- საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, 7 ნოემბერი, 1990.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბ ლაბახუა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Лабахуа Зураб Акакиевич დაარქივებული 2020-10-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აფხაზეთის ასსრ-ის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება, ქ. სოხუმი, 1990 წლის 6 ნოემბერი
- დაბადებული 1938
- გარდაცვლილი 2004
- საქართველოს სსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აფხაზეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აფხაზეთის ასსრ-ის X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- აფხაზეთის ასსრ-ის XI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ინჟინრები
- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები (1963)
- აფხაზი პოლიტიკოსები
- აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრები