შინაარსზე გადასვლა

ეგვიპტის პრეისტორია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრეისტორიული ეპოქა ეგვიპტოლოგიასა და ეგვიპტის არქეოლოგიაში ეწოდება პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს წინარედინასტიურ ხანას, იწყება ქვის ხანიდან და გრძელდება ბადარის კულტურამდე. როგორც ეგვიპტოლოგი სტან ჰენდრიქსი აღნიშნავს, პრობლემატურია როგორც ეგვიპტის პრეისტორიისა და წინარედინასტიური ხანის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, ისე მათი განაწილება, რადგან ზოგადად ტერმინი „წინარეისტორიული“ უნდა მოიცავდეს ქვეყნის მთლიან ისტორიას სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებამდე, თუმცა ეგვიპტოლოგიურ პრაქტიკაში იგი მნიშვნელოვნად ვიწროდაა განმარტებული.[1]

პლეისტოცენის ეპოქის მონადირეებისა და შემგროვებლებისთვის ჩვეული ცხოვრების სტილი დასრულდა, როდესაც დაახლოებით 25 000 წლის წინ ჰავა უფრო მშრალი გახდა და ბალახიანი მდელოები მშრალ უდაბნოდ იქცა. ნილოსის რეგულარულმა ადიდებებმა წარმოქმნა ნაყოფიერი ლანდშაფტი, რამაც ახალმოსახლეები მოიზიდა.

გვიანპალეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლები ნილოსის ხეობაში პატარებია, თუმცა აქვთ სეზონური გამოყენების ნიშნები. ნილოსის ნაპირას არსებულ ჭაობებსა და მდელოებში, რომლებიც მაშინ გაცილებით პატარები იყო, ვიდრე დღეს, აგრეთვე ნილოსის კალაპოტში, რომელიც დაახლოებით 15 მეტრით მაღლა მდებარეობდა, მოიპოვებოდა საკვები მცენარეულობა. საკვებად გამოიყენებოდა ისლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცნარის Cyperus rotundus-ის ფესურები, რომლებიც სახამებლითაა მდიდარი. გარდა ამისა, მოსახლეობა ნადირობდა დიუნებში და თევზაობდა ნილოსში.

ამერიკელმა არქეოლოგმა ფრედ უენდორფმა ერთ-ერთი გათხრებისას აღმოაჩინა 100 000 თევზის ფხა, რომელთაგან უმრავლესობა ლოქო იყო. ფრინველთა შორის მრავლად იყვნენ წყლის ფრინველები, როგორიცაა იხვი და ბატი. ამის გარდა, მოსახლეობა მიირთმევდა ბეჰემოთების, გარეული ვირის, კურდღლების, პირველყოფილი ძროხის, გაზელის ხორცსა და მდინარის მოლუსკებს.

ჰოლოცენის ეპოქაში გადასვლისას მუსონის ზონის ჩრდილოეთით გადანაცვლებამ გამოიწვია ჰავის მნიშვნელოვნად დატენიანება. ნილოსის წყლის დონემ მოიმატა და მისი ადიდებებიც არაპროგნოზირებადი გახდა. თევზთა შორის გავრცელებულია ნილოსის წერი. მის დასაჭერად გამოიყენებდნენ ძვლისგან დამზადებულ ჰარპუნებს. ნადირობდნენ წყლის ფრინველებზე, გაზელზე, გარეულ მსხვილფეხა საქონელზე, ნიანგებსა და ბეჰემოთებზე. ნილოსის უფრო ძლიერი ადიდებების გამო შესაძლებელი გახდა მოსახლეობის მიერ სხვა დაბლობების ათვისებაც, როგორიცაა ფაიუმი ანდა ნაბტას დაბლობი. აქ მოიპოვებოდა ისეთი მცენარეები, როგორიცაა ღოლო, ჭილი და Persicaria. ნაბტა-პლაიაში (მლაშობი) ძვ. წ. 6000 წლიდან გამოვლენილია კერამიკაც. საცხოვრებლები ძირითადად მწყობრად განლაგებულ ქოხებს წარმოადგენდა კერიებითა და დამატებითი სათავსოებით. გამოვლენილია სამი სახეობის ქერი, პარკოსანი მცენარეები, ფეტვი და უამრავი სხვა კულტურული მცენარე. აღმოსავლეთის უდაბნოში ამ პერიოდისთვის არსებობს ადრეული მეცხოველეობის ნიშნებიც.

ნეოლითის ხანის ყველაზე ადრეული ძეგლები ეგვიპტეში აღმოჩენილია ფაიუმში (ფაიუმის A კულტურა, დაახლ. ძვ. წ. 5000 წ.). აქ მცხოვრები მიწათმოქმედები პატარა დასახლებებში ფაიუმის ტბის ნაპირებზე ცხოვრობდნენ, აშენებდნენ მარცვლეულ კულტურას და მოსავალს ინახავდნენ მიწის ქვეშა სათავსოებში. გამოვლენილია ქვის იარაღები და უბრალო ჭურჭელი. აქვეა ეგვიპტეში უძველესი ნიშნები ქსოვის ხელოვნებისა.

ცოტა მოგვიანებით ჩნდება მერიმდეს კულტურა, რომელიც მნიშვნელოვან მსგავსებებს ავლენს ფაიუმის A კულტურასთან. არის თიხის სკულპტურების ნიშნები. გარდაცვლილები ბევრი ნივთის ჩატანების გარეშე იკრძალებიან.

ომარისა და მაადის კულტურები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოეგვიპტური ომარის კულტურა ძირითადად ცნობილია კაიროსთან აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლით. მოსახლეობა ცხოვრობდა მცირე ქოხებში, რომლებიც ნაწილობრივ მიწაში იყო ამოთხრილი. გარდაცვლილთა სამარხებში ბევრი ნივთი არაა ჩატანებული. ამ პერიოდის ზემო ეგვიპტეში განვითარებულია მაადის კულტურა (დაახლ. ძვ. წ. 4000-3400 წწ.).

  • Kathryn A. Bard: Encyclopedia of the Archaeology of Ancient Egypt. Routledge, London 1999, ISBN 0-415-18589-0, გვ. xxvii.
  • Stan Hendrickx, Pierre Vermeersch: Prehistory: From the Paleolithic to the Badarian Culture (700.000 − 4000 BC.). In: Ian Shaw: The Oxford history of ancient Egypt. University Press, Oxford 2003, ISBN 0192804588, გვ. 16–40.
  • Stan Hendrickx: Prädynastik. In: E. Hornung, R. Kraus, D. A. Warburton (Hrsg.): Ancient Egyptian Chronology. Brill, Leiden/ Boston 2006, ISBN 978-9-004-11385-5.
  • Emil Teeter (Hrsg.): Before the Pyramids: The Origins of Egyptian Civilization. (= Oriental Institute Museum Publications Bd. 33) Chicago 2011, ISBN 978-1-885923-82-0.
  1. Stan Hendrickx: Prädynastik. In: E. Hornung, R. Kraus, D. A. Warburton (Hrsg.): Ancient Egyptian Chronology. Oxford 2003.