შინაარსზე გადასვლა

დაცვის სიგელი

მასალა ���იკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაცვის სიგელი“ — არაბი სარდლის ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ 654-655 წლებში (ზოგი ვარაუდით 645) გაცემული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა არაბთა სახალიფოსა და ქართლის მოსახლეობის ურთიერთობას. „დაცვის სიგელს“ არაბები აძლევდნენ ნებით დამორჩილებულ მოსახლეობას. ქართლის დასაპყრობად გამოლაშქრებულ ჰაბიბ იბნ მასლამას სტეფანოზ ერისმთავარმა საზღვართან შეაგება ელჩი ძღვნით და მორჩილება აღუთქვა. არაბები თბილისში შემოვიდნენ, მასლამამ მიღებული ძღვენი მომავალი ხარკის ანგარიშში ჩათვალა და ქვეყანას „დაცვის სიგელი“ მისცა. სიგელის ძალით:

  • დამპყრობლები ხელუხლებლად ტოვებდნენ მოსახლეობის სარწმუნოებას;
  • დამორჩილებულ მოსახლეობას ეკისრებოდა ხარკი — ჯიზია, კომლზე თითო დინარი;
  • ორივე მხარე ვალდებულებას კისრულობდა არ შეეცვალა კომლთა რიცხვი გადასახდელის შემცირების ან გადიდების მიზნით;
  • ქართველ მოსახლეობას დაევალა სამხედრო სამსახური;
  • თავისი ნებით გამაჰმადიანებული დამპყრობელთა ძმად ცხადდებოდა და თავისუფლდებოდა ჯიზიისაგან.

ჩანს, ქართლის მოსახლეობა შემდეგ აღარ იცავდა სიგელით ნაკისრ ვალდებულებას. 724-725 წლებში ქართლში ილაშქრა არაბმა სარდალმა ჯარაჰმა, რომელმაც განაახლა „დაცვის სიგელი“. ზოგიერთი ცვლილებით და დამატებით. ჯიზიასთან ერთად, რომელიც ამ დროისათვის სულად გადასახდელს წარმოადგენდა, მოსახლეობას დაეკისრა საადგილმამულო გადასახდელიც — ხარაჯა.

„დაცვის სიგელს“ მატერიალური სახით ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ტექსტი დაცულია არაბი ისტორიკოსების ტაბარის, ბალაძურის, იაკუთის თხზულებებში. სიგელის ტექსტი თარგმნილია ქართულ, გერმანულ, რუსულ ენებზე.

  • ლორთქიფანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
  • სილაგაძე ბ., ჰაბიბიბნ მასლამას "დაცვის სიგელის" დათარიღებისათვის, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1971, № 1: 68-86;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
  • ლორთქიფანიძე მ., არაბთა მდლობელობის ხასიათი საქართველოში, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1963, ნაკვ. 35;
  • სიხარულიძე ე., არაბეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, «თსუ შრომები», 1959, ტ. 73;
  • ჯანაშია ს., არაბობა საქართველოში, შრომები ტ.2, თბ. 1952
  • ლორთქიფანიძე მ., ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელი“ // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXIX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951. — გვ. 61-64.