შინაარსზე გადასვლა

გლოსოლალიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გლოსოლალიები (ძვ. ბერძნ. γλῶσσα [glōssa] — „ენა“ და λᾰλέω [laliá] — „ლაყბობა, ფუჭსიტყვაობა“) — მუსიკაში შინაარსმოკლებული (ან შინაარსდაკარგული) სიტყვები და მარცვლები, რომლებზედაც ხდება გამღერება. გლოსოლალია ასევე აღნიშნავს ზოგიერთ ქრისტიანულ მიმდინარეობასა და სხვა რელიგიაში გავრცელებულ მისტიკურ რიტუალს, რომელშიც მონაწილეები თითქოს მათთვის მანამდე უცნობ ენებზე მეტყველებენ.

გლოსოლალიები ხშირია ქართულ ხალხურ მუსიკალურ ნაწარმოებებში („ვოდელია“, „ვარალო“, „არუდილა“, „ჰარუდილა“, „რიმტირი“, „აბარერა“, „ვაჰე“, „არალე“ და ა.შ.). გლოსოლალიებს განსაკუთრებით ხშირად იყენებენ მრავალხმიან სიმღერებში რეფრენისა და მისამღერის სახით. გურულ პოლიფონიურ სიმღერებში კი ბანი და მაღალი ხმა თითქმის მთლიანად გლოსოლალიებს ემყარება. თავისებური გლოსოლალიებს ახასიათებს კრიმანჭულს, გამყივანს, ბანს. ზოგიერთი ქართული ხალხური სიმღერა მთლიანად გლოსოლალიებზეა აგებული (სვანური „შინა ვორგილი“, „გურული ღიღინი“, „აბადელია“ და სხვ.). გლოსოლალიებში შეიძლება შემორჩენილი იყოს უძველესი დროის ტერმინები; მაგ., ურარტული წარმოშობის სიტყვები ნავარაუდებია „არალეს“ რეფრენში: არალე ღვთაების სახელია; „ივრი არალე“ – „ღმერთო არალე“, „თარი არალე“ – „დიდი არალე“, „არი არალე“ – „მომეც წყალობა.არალე“. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში გლოსოლალიებს „გაქვავებული გამოთქმები“ ეწოდება.

გლოსოლალია, როგორც თითქოსდა უცხო ენაზე საუბრის ფენომენი ან ლოცვის დროს ექსტაზში წარმოთქმული უაზრო სიტყვები („განყოფა ენათა“), გვხვდება ზოგიერთ რელიგიურ რიტუალში. ანტიკურ ხანაში ცნობილია ძველ საბერძნეთში. ლოცვის დროს უცხო ენაზე მეტყველების ნიმუშები გვხვდება ასევე ებრაულ ბიბლიაში. „ახალი აღთქმაში“ გლოსოლალიის მაგალითია სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულთა სხვადასხვა ენაზე ამეტყველება. თანამედროვე რელიგიებს შორის გლოსოლალია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რიტუალია ორმოცდაათიანელთა ეკლესიის და ე.წ. „ქარიზმატული“ ქრისტიანობის პრაქტიკაში.[1]

  1. Glossolalia. Encyclopædia Britannica. ნანახია 27-10-2018.