გიორგი VII (საქართველოს მეფე)
გიორგი VII | |
---|---|
საქართველოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1393 |
მმართ. დასასრული: | 1407 |
წინამორბედი: | ბაგრატ V |
მემკვიდრე: | კონსტანტინე I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1360-იანები |
გარდ. თარიღი: | 1407 |
გარდ. ადგილი: | ნახიდური |
მეუღლე: | ნესტან-დარეჯანი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ბაგრატ V |
დედა: | ელენე |
ხელმოწერა: | |
გიორგი VII ( — გ. 1407, ნახიდური) — საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში, ბაგრატ V-ისა და ელენე კომნენას ძე.
მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. გიორგი VII-ის მეფობის დროს 1394-1403 წლებში თემურლენგი მრავალჯერ შემოესია საქართველოს. თემურლენგის საქართველოში ლაშქრობებისას მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, თრიალეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი. თემურლენგის მთავარი მიზანი ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა, მან მაინც ვერ შეძლო ქართველ�� ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება.
გიორგი VII-მ თემურლენგის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა ამიერკავკასიის ხალხები (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვ.), იყენებდა ოქროს ურდოსა და თოხთამიშის დაპირისპირებას თემურლენგთან. 1399 წელს იგი დაუკავშირდა თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლ აჰმედ ჯალაირს, რომლის შვილი, თაჰერი, ქართველებმა იხსნეს თემურლენგის მიერ გარშემორტყმული ალინჯის ციხიდან. 1400 წელს გიორგი VII-მ უარით უპასუხა თემურლენგის მოთხოვნას თაჰერის გადაცემის შესახებ. ამას მოჰყვა საქართველოს მორიგი აოხრება. გიორგი VII დას. საქართველოში გადავიდა, ხოლო თაჰერმა ოსმალეთს შეაფარა თავი. თემურლენგსა და გიორგი VII-ს შორის 1400 წელს დროებითი, ე. წ. შამქორის ზავი დაიდო: გიორგი VII-მ მსუბუქი ხარკი იკისრა, მაგრამ პირობა არ შეასრულა. 1401 წელს თემურლენგმა კვლავააოხრა საქართველო. გიორგი VII მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. თემურლენგთან 1403 წელს დადებული ზავი უფრო მძიმე იყო და ხარკთან ერთად სამხ. სამსახურსაც ითვალისწინებდა. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ გიორგი VII აღმ. საქართველოში გადმოვიდა და ციხესიმაგრეებიდან განდევნა თემურლენგის მიერ ჩაყენებული მეციხოვნეები. გიორგი VII-ის მეთაურობით ქართველებმა დაამარცხეს თემურიანთა ლაშქარი, დაარბიეს ნახჭევანი, განჯა და თავრიზსაც მიაღწიეს. შემდეგ ქართველებმა ნახჭევანი და განჯა დატოვეს. ეს ქალაქები დაიკავა გიორგი VII-ის მოკავშირე შირვანშაჰმა.
თემურლენგის შემდეგ საქართველოს სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს შავბატკნიანი თურქმანთა ურდოები მოადგნენ. 1407 წელს გიორგი VII დანგრეულ და დასუსტებულ ქვეყანაში ახალი მტრის შემოსვლის ასალაგმად სომხეთში დაუხვდა თურქმანებს და მათ წინააღმდეგ გამართულ ნახიდურის ბრძოლაში დაიღუპა. ცნობა გიორგი VII-ის ბრძოლაში დაღუპვის შესახებ ეკუთვნის ვახუშტი ბატონიშვილს. ეს ცნობა დღეს სადავოდაა მიჩნეული და არსებობს მოსაზრება, რომ გიორგი VII გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.[1] დაკრძალეს სვეტიცხოველში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დ. კაციტაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 22.
- ქ. ჩხატარაიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 161.
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
- კაციტაძე დ., საქართველო XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1975;
- ტაბატაძე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე, თბ., 1974;
- ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964;
- გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIVსს.), თბ., 1962;
- გაბაშვილი ვ., თათართა შემოსევები საქართველოში (ბაგრატ V და გიორგი VI), თბ., 1943;
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თავაძე, ლ. „გიორგი VII გარდაცვალების მიზეზის შესახებ“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები IX ტ. გვ. 41-45 — თბილისი, „უნივერსალი“, 2008.
წინამორბედი: ბაგრატ V |
საქართველოს მეფე 1393- 1407 |
შემდეგი: კონსტანტინე I |
|