შინაარსზე გადასვლა

ბალდუინ I იერუსალიმელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალდუინ I იერუსალიმელი
Baudouin de Boulogne
ედესის პირველი გრაფი
მმართ. დასაწყისი: 1098
მმართ. დასასრული: 1100
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: ბალდუინ II
იერუსალიმის პირველი მეფე
კორონაცია: 25 დეკემბერი 1100
მმართ. დასაწყისი: 25 დეკემბერი 1100
მმართ. დასასრული: 2 აპრილი 1118
წინამორბედი: ჟოფრუა ბულონელი (ტიტულის გარეშე)
მემკვიდრე: ბალდუინ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1058
დაბ. ადგილი: ქვემო ლორენი, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 2 აპრილი 1118
გარდ. ადგილი: ალ-არიში, ეგვიპტე
მეუღლე: გოდეჰილდ დე ტოენი
არდა
ადელაიდა დელ ვასტო
მამა: ევსტასე II ბულონელი
დედა: იდა ლორენელი
რელიგია: კათოლიკობა

ბალდუინ I იერუსალიმელი (დ. 1058 — გ. 2 აპრილი, 1118), ასევე ბალდუინ I ედესელი (ფრანგ. Baudouin de Boulogne)პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი მეთაური, რომელიც შემდგომში გახდა ედესის პირველი გრაფი და იერუსალიმის პირველი ტიტულოვანი მეფე. ბალდუინი იყო ჟოფრუა ბულონელის ძმა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო იერუსალიმის მეფის ტიტული, რომელზეც ჟოფრუამ უარი განაცხადა.

ბალდუინის მშობლები იყვნენ ევსტასე II ბულონელი და აიდა ლორენელი (ჟოფრუა III-ის, ქვედა ლორენის ჰერცოგის შვილი). მისი უფროსი ძმები იყვნენ ევსტასე III ბულონელი და ჟოფრუა ბულონელი. ადრეულ ასაკში იგი ცხოვრობდა ეკლესიაში, მაგრამ 1080 წელს მან დატოვა ეკლესია. მოგვიანებით ის გახდა სასულიერო პირი და იმოგზაურა დასავლეთ ევროპაში. ნორმანდიაში მოგზაურობისას მან ცოლად შეირთო გოდეჰილდ დე ტოენი (რაულ კონჩესის შვილი). ამის შემდეგ იგი დაბრუნდა ლორენში, რათა ქალაქ ვერდუნზე კონტროლი აეღო.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1096 წელს ბალდუინი შეუერთდა  ჯვაროსნებს მის ძმებთან ერთად. ეს იყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მეორე ნაწილი (პირველი ნაწილი განადგურდა მცირე აზიაში ჩასვლისავე). როდესაც ჟოფრუას არმია უნგრეთს მიუახლოვდა, უნგრეთის მეფე კოლომან I-მა მოითხოვა მძევალი რათა მშვიდობით დაეტოვებინათ უნგრეთი. მძევალად ბალდუინი გადასცეს. უნგრეთის დატოვების შემდეგ ბალდუინი ისევ შეუერთდა ჯვაროსნებს.

ბიზანტიის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ მოხდა შეტაკებები ჯვაროსნებსა და ბერძნებს შორის, რომლებსაც აწუხებდათ მათი თავდასხმები და სოფლების ძარცვა. კონსტანტინოპოლს მიღწევის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ მიმდებარე ტერიტორიების ძარცვა. ამიტომ იმპერატორი ალექსი კომნენოსი იძულებული გახდა ჯვაროსნები გაეტარებინა კონსტანტინოპოლით მცირე აზიაში.

როდესაც ჯვაროსნები ჰერაკლიას მიუახლოვდნენ, ბალდუინი გამოეყო ჯვაროსანთა მთავარ ძალას და ტანკრედთან ერთად გაემართა კილიკიაში. ტანკრედის მიზანი იყო მიწების მოპოვება და სამემკვიდროდ დატოვება, მაგრამ ბალდუინის მიზანი ასეთი არ ყოფილა. ამ დროს გარდაიცვალა მისი მეუღლე მარაშის მახლობლად. ამის შემდეგ მისი გეგმები შეიცვალა და მკაფიოდ დაუპირისპირდა ტანკრედს.

1097 წლის სექტემბერში ბალდუინმა აიღო ტარსუსი, რომელიც ტანკრედის ხელში იყო. მან ქალაქში ჩააყენა ახალი გარნიზონი, რაშიც გინიმერ ბულონელი დაეხმარა. ტანკრედის და ბალდუინის არმიები ეტაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმატებები არ ჰქონიათ, ამიტომაც ტანკრედი ანტიოქიისკენ დაიძრა. როდესაც ბალდუინი შეუერთდა ჯვაროსნების მთავარ ბანაკს ერთ-ერთი სომეხი კაცისგან მიიღო შეთავაზება და გაემართა აღმოსვლეთით, ევფრატისკენ, სადაც მან აიღო ტურბესელი.

ბალდუინი ედესის, წარმოშობით სომეხმა მმართველმა თოროსმა მიიწვია, რათა ედესა მას ემართა და დამოუკიდებელი გამხდარიყო სელჩუკებისგან. 1098 წლის მარტში თოროსი მოკლეს და ბალდუინი გახდა ედესის პირველი გრაფი. მან იქორწინა თოროს მარაშელის ქალიშვილზე და დაამყარა დიპლომატიური კავშირები სომხებთან. იგი გრაფი იყო 1100 წლამდე. ამ ორი წლის განმავლობაში მან აიღო სამოსატა და სურუჩი. ასევე დაამარცხა შეთქმული სომეხი დიდებულები 1098 წელს. ანტიოქიის ალყის დროს მან მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ ჯვაროსნებს გაუგზავნა საკვები და ფული. კერბოღამ, მოსულის მმართველმა გადაწყვიტა ანტიოქიელ მუსლიმებს დახმარებოდა, მაგრამ ჯერ ედესას შემოარტყა სამკვირიანი უშედეგო ალყა. ამის შემდეგ გაემართა ანტიოქიისკეს, სადაც დამარცხდა. ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ანტიოქიის სამთავრო. ერთი წლის შემდეგ ბალდუინმა თავის ძმასთან, ჟოფრუასთან ერთად დაიპყრო აზაზი და დაამარცხა რიდვან ალეპოელი. 1099 წელს მან იმოგზაურა იერუსალიმში, მაგრამ 1100 წლის იანვარში მას მოუწია ედესაში დაბრუნება, რათა დახმარებოდა ალყაშემორტყმულ  ჯვაროსნებს მელიტენში.

1100 წლის ივნისში, ჟოფრუას გარდაცვალების შემდეგ, ბალდუინი მიიწვიეს იერუსალიმში, რათა ახალი მეფე გამხდარიყო. მან წინადადება მიიღო და ედესის გრაფობა ბალდდუინ ბურქს გადასცეს. ბალდუინის ამალას იერუსალიმის გზაზე, ბეირუთთან ახლოს გადაუდგნენ მუსლიმები ალეპოს გამგებლის, დუქაქის წინამძღოლობით. ისინი ბრძოლაში დაამარცხეს და იერუსალიმამდე ბალდუინს წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. იგი იერუსალიმში ნოემბრის დასაწყისისთვის ჩავიდა.

იერუსალიმში ბალდუინს დაუპირისპირდა მისი ძველი მტერი ტანკრედი და ასევე ახალი პატრიარქი, რომელიც მოითხოვდა სამეფო თეოკრატიული გამხდარიყო. ჩასვლისთანავე ბალდუინი გაემართა ეგვიპტეში, ფატიმიანებთან საომრად და იერუსალიმში დაბრუნდა დეკემბრის ბოლოს. 1100 წლის 25 დეკემბერს იგი იე��უსალიმის პირველი ტიტულოვანი მეფე გახდა. კორონაცია შედგა პატრიარქის მიერ ბეთლემში.

იერუსალიმის სამეფოს ექსპანსიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1101 წელს, გენუის ფლოტის დახმარებით ბალდუინმა დაიპყრო არსუფი და კესარია. ამავე წლის სექტემბერში რამლის ბრძოლაში ბალდუინმა დაამარცხა ეგვიპტელი ფატიმიანები. იერუსალიმში ჩავიდა ცნობა, რომ ჯვაროსნები დამარცხდნენ და ბალდუინი დაიღუპა. ეს ცნობა გამოიყეენა ტანკრედმა და იერუსალიმის რეგენტი გახდა, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ ბალდუინმა გაიმარჯვა.

1102 წელს კიდევ ერთი ბრძოლა გაიმართა რამლასთან ჯვაროსნებსა და ფატიმიანებს შორის. ბრძოლაში ბალდუინი დამარცხდა და უკან დაიხია, ხოლო იერუსალიმის საზღვრებში შემოსული მტერი ადვილად გაანადგურა იაფის სიახლოვეს. 1103 წელს მან ალყა შემოარტყა აკრას, თუმცა უშედეგოდ. იმავე წელს გამოსასყიდის სანაცვლოდ ტყვეობიდან დაიხსნა ბოემონდ I. 1104 წელს გონუის ფლოტის დახმარებით აიღო აკრა.1105 წელს კიდევ ერთხელ დაამარცხა ფატიმიანები რამლის ბრძოლაში. 1109 წელს დაიპყრო ტრიპოლი და მოგვიანებით ის ტრიპოლის საგრაფოს დედაქალაქი გახდა. 1110 წელს, ისევ გენუელთა დახმარებით იერუსალიმის სამეფოს შეუერთა ბეირუთი. მოგვიანებით გაემართა ალყაშემორტყმული ედესის დასახმარებლად. ამავე წელს დაიპყრო სიდონი. 1111 ალყაში მოაქცია ტვიროსი, მაგრამ აღება ვერ შეძლო. 1113 წელს ბალდუინი დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა ალ-სანაბრის ბრძოლაში. 1113 წელს ცოლად შეირთო ადელაიდა დელ ვისტო; იგი სომეხ პრინცესას დაშორდა ღალატის ბრალდებით. ბალდუინს შვილები არ ჰყავდა და ამიტომაც ადელაიდას შეუთანხმდა, რომ იერუსალიმის მეფე მისი სიკვდილის შემდეგ ადელაიდას ვაჟი — როჯერ II გახდებოდა.

1115 წელს ააშენა ციხესიმაგრე მონრეალი. 1116 წელს ტრანსიორდანიაში მოაწყო ლაშქრობა და აიღო ქალაქი აქაბა. 1117 წელს მან აკრის სიახლოვეს, რომელიც ჯერ კიდევ მუსლიმთა ხელში იყო ააშენა სკანდალიონის ციხე. ამ დროისთვის მის არმიაში 6,000 ჯარისჯაცი იყო, აქედან 1,000 რაინდი.

1117 წელს ბალდუინი ავად გახდა. ამის მიუხედავად იგი შეიჭრა ეგვიპტეში 1118 წელს და გაძარცვა ფარამა. ამ დროს მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და იგი უკან დააბრუნეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა სოფელ ალ-არიშთან. მისი სიკვდილის შემდეგ იერუსალიმის მეფობა მის ძმას ევსტასეს შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. იერუსალიმის მეფე ბალდუინ დე ბურგი გახდა

  • William of Tyre, A History of Deeds Done Beyond the Sea, trans. E.A. Babcock and A.C. Krey. Columbia University Press, 1943.
  • Steven Runciman, A History of the Crusades, vols. I-II. Cambridge University Press, 1951-1952.
  • Fulcher of Chartres, A History of the Expedition to Jerusalem, 1095-1127, trans. Frances Rita Ryan. University of Tennessee Press, 1969.
  • Anna Comnena, The Alexiad, trans. E.R.A. Sewter. Penguin Books, 1969.