ასურელ მამათა ცხოვრებანი
ასურელ მამათა ცხოვრებანი — ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები. მონასტრების აღმოცენება და სამონასტრო საქმის ორგანიზაციის დასაწყისი საქართველოში დაკავშირებულია სირიაში მოღვაწე ბერების ე. წ. ასურელი მამების, საქართველოში ჩამოსვლასთან (VI ს.). მათ მიერ დაარსებულმა სავანეებმა დიდი როლი შეასრულა ქართული მწიგნობრობის ისტორიაში ქართველი საზოგადოებრიობის ინტერესი ამ მოღვაწეებისადმი ძველთაგანვე დიდი იყო. საფიქრებელია, რომ ასურელ მამათა ცხოვრებანი ადრეც აღიწერა, მაგრამ უძველეს ძეგლებს ჩვენამდე არ მოუღწევია. დღეს ცნობილ თხზულებათაგან უადრესი უნდა იყოს „მოქალაქობაჲ და წამებაჲ წმინდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ“, რომელიც არსენ დიდ საფარელს (IX ს.) მიეწერება. X საუკუნის კათოლიკოს არსენ II-ს დაუწერია „ცხოვრებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაძნელისაჲ და მოწაფეთა მისთაჲ“ და „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ ღირსისა მამისა ჩუენისა შიოჲსი და ევაგრესი“. იმავე საუკუნეში უცნობ ქართველ მწერალს შეუთხზავს „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისაჲ“. დასახელებულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში არწერილია ასურელ მოიღვაწეთა მოსვლა საქართველოში, სამონასტრო მშენებლობის წამოწყება და საკულტო კერების დაარსება, გვხვდება საყურადღებო ცნობებიც საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურული ცხოვრების შესახებ.
XI–XII საუკუნეებში დაიწყო ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციების გადამეტაფრასება. დაიწერა იოანე ზედაზნელის, შიო მღვიმელის, დავით გარეჯელის, აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებათა მეტაფრასული რედაქციები. ინტერესი ასურელ მამათა ცხოვრებისადმი არც შემდგომში შენელებულა. ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილმა (XVII–XVIII სს.) დაწერა „დაძინებაჲ ისე წილკნელ ეპისკოპოსისა“, მარიამ-მაკრინე ბაგრატიონმა (XVIII ს.) — „ცხოვრებაჲ იოსეა ალავერდელისაჲ“. გარკვეული ადგილი დაუთმეს ასურელ მამებს ანტონ I-მა „მარტირიკაში“ და იოანე ბატონიშვილმა „კალმასობაში“.
ასურელ მამათა ცხოვრებანის მოკლე რედაქციები შესულია „ქართლის ცხოვრებაშიც“ (ჯუანშერი, „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ — XVIII საუკუნის ჩანართები, ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 208–214).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მენაბდე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 662.