ანა მესხი
ანა მესხი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1851 რიონი, იმერეთი |
გარდაცვალების თარიღი |
1919 ქუთაისი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მსახიობი მთარგმნელი |
ანა სიმონის ასული მესხი (დ. 1851, სოფ. რიონი — გ. 1919, ქუთაისი) — ქართველი მსახიობი, მთარგმნელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმონ მესხისა და მაგდანა მარჯანიშვილის მეხუთე შვილმა, ანამ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. მამას სურდა ქალიშვილი ქუთაისის სასწავლებელში გაეგზავნა, მაგრამ ეკონომიური ხელმოკლეობა ზღუდავდა. ანას აღზრდა უფროსმა დამ პელაგიამ იკისრა. იმ დროს ქართულის ცოდნის საზომად „ვეფხისტყაოსანი“ ითვლებოდა. მაგდანა მარჯანიშვილმა ზეპირად იცოდა შოთა რუსთაველის პოემა და ისე სიღრმისეულად შეასწავლა ანას, რომ იგი „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენ კომისიაში შეიყვანეს. „ვეფხისტყაოსნის“ გიორგი ქართველიშვილის გამოცემაზე მუშაობის დროს ანა მესხმა რამდენიმე დამაჯერებელი და სწორი შენიშვნა მიაწოდა კომისიას.
თეატრალურ წარმოდგენებში ანა ბავშვობიდან მონაწილეობდა. 1870 წლიდან იგი ქუთაისის სცენისმოყვარეთა წრეში ირიცხება, რომელიც იმ დროს წარმოდგენებს ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო სახლში მართავდა. 1878 წელს ანა თავის ძმასთან, კოტე მესხთან და ეფროსინე (ეფრო) კლდიაშვილთან ერთად გამოდის ალექსანდრე ოსტროვსკის ხუთმოქმედებიან კომედიაში „შემოსავლიანი ადგილი“. 1880 წელს ანა მესხი ქუთაისის მსახიობთა ჯგუფში შედის და რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობს: „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუა“, „მზის დაბნელება“, „სიყვარული მკურნალობს“, „ყვავი ფარშევანგის ფრთებით“ და სხვ. ამავე წელს ქუთაისის თეატრის მოყვარულთა მიერ დადგმულ გიორგი წერეთლის დრამაში „ოჯახის ასული“ და ივანე მესხის ვოდევილში „ჰერკულესი“ იღებს მონაწილეობას. ანა მესხმა 1882 წლიდან მიატოვა სცენა და მთარგმნელობით საქმიანობას შეუდგა.
1883 წელს მან თარგმნა ეტი პირსის რომანი, „არა, არ არის დანაშაული“ და ქუთაისის ჟურნალ „ქართულ ბიბლიოთეკაში“ გამოაქვეყნა. ანა ამ სალიტერატურო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო სხვა ქუთაისელ ქალბატონებთან ერთად.
ანა მესხი თეატრს მთლიანად არ ჩამოშორებია. ამაზე მეტყველებს გაზეთ „ივერიის“ ერთი ცნობა, სადაც ნათქვამია, რომ ანა მესხმა თარგმნა ვასილ ველიჩკოს თხზულება „პირველი ბუზი“, რომელიც შემდეგ ორმოქმედებიან კომედიად გადააკეთა ვალერიან გუნიამ და სახელად უწოდა „გამარჯვებულებს არ სჯიან“. ეს კომედია თეატრში 1898 წლის 6 დეკემბერს დაიდგა და მასში მონაწილეობდნენ: ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე და სხვები.
ანას მეუღლე იყო ქუთაისში ცნობილი პედაგოგი ვასილ პეტრიაშვილი. ��ათი შვილი, ელენე პეტრიაშვილი ასევე პედაგოგი იყო.
ანა მესხი ცნობილია როგორც ხალხური სიტყვიერების ნაწარმოებთა შემკრები. იგი გაზეთ „დროებას“ სისტემატურად აწვდიდა ქუთაისიდან ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს დასაბეჭდად.
ანა მესხი გარდაიცვალა 1919 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რამაზ სურმანიძე. ივანე მესხი: (ქალაქის მდივანი) , თბ., 2013.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით მესხის მოგონებანი
- განმანათლებლობა საქართველოში დაარქივებული 2019-03-18 საიტზე Wayback Machine.