შინაარსზე გადასვლა

აია-ნაპის მონასტერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აია ნაპას მონასტერიაია-ნაპას მონასტერი მდებარეობს ამავე ქალაქის ცენტრში. სახელწოდება "აია ნაპა" მომდინარეობს "ტყის ღვთისმშობლის ხატიდან" და ნიშნავს წმინდა ტყეს. ეს სახელი დაერქვა მას შემდეგ, რაც ღვთისმშობლის ხატი მონადირემ აქ ტყეში, გამოქვაბულში იპოვა. მონადირის ძაღლი იყო პირველი, რომელმაც დაინახა მბზინავი ხატი და ყეფა დაიწყო. ამ ამბის შემდეგ ბევრმა მორწმუნემ შეიტყო ხატის შესახებ და დაიწყეს გამოქვაბულის სტუმრობა ხატის სანახავად, რის შემდეგაც იგი წმინდა ადგილად იქცა. ვარაუდობენ, რომ ხატი გამოქვაბულში VII-VIII საუკუნეებში, ხატმებრძოლობის პერიოდში დაასვენეს, მაშინ, როცა რელიგიური ხატები ნადგურდებოდა.

მონასტერის აშენების თარიღი ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ეკლესია იმ გამოქვაბულის ირგვლივ, სადაც ხატი იპოვეს, მე-14 საუკუნეში აშენდა. არსებობს მტკიცებულება, რომ აქ არსებობდა ქრისტიანული თემი ბიზანტიური ეპოქიდან, ამიტომაც ვარაუდობენ, რომ აია ნაპას ეს სახელი 1366 წლამდე უნდა დარქმეოდა.

მონასტერი იმ სახით, რომლითაც დღესაა შემორჩენილი, აშენდა მე-15 საუკუნეში, ხოლო მის ცენტრში გამოქვაბულის ეკლესია მოაქციეს. ის ააშენეს ვენეციელებმა, რომლებიც იმ დროს კვიპროსის მმართველები იყვნენ. ერთ-ერთი ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ვენეციელი დიდგვაროვნის ჯიუტ ქალიშვილს სურდა ცოლად გაჰყოლოდა მასზე დაბალი ფენის წარმომადგენელ მამაკაცს, რასაც მამამისი არ დაუშვებდა. ქალიშვილმა გამოქვაბულის ეკლესიას შეაფარა თავი, დაახლოებით 1500 წელს და რადგანაც ვერ დაქორწინდა, საკუთარი ხარჯებით ააშენა ეკლესია, კელიები და მონასტერი. თანდათანობით ტერიტორია გაფართოვდა და მოიცავდა დედათა მონასტერს, რომაულ სამლოცველოსა და ფქვილის წისქვილს. მონასტრის კარიბჭის გარეთ მდგომი გიგანტური სიკამორის ხე, გადმოცემების თანახმად, ამავე ვენეციელმა ქალმა დარგო.

ეზოს ჩრდილოეთ მხარეს ტახის თავის ფორმის შადრევანია. მის ზემოთ დგას ორსართულიანი შენობა, რომელშიც თავდაპირველად ვენეციელი ქალიშვილი ცხოვრობდა. ბორცვზე, ეკლესიის დასავლეთ მხარეს არის პატარა, უძველესი ეკლესია, რომელშიც, გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელი ცოტა ხნით გაჩერებულა დასასვენებლად.

1571 წელს კვიპროსი ოსმალეთის მმართველობის ქვეშ იყო, მაგრამ სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით, ეს მონასტერი არ დანგრეულა. 1625 წელს მოგზაურები აღწერდნენ, რომ მონასტერი ძირითადად გამოიყენებოდა დედათა მონასტერად და დიდ ტერიტორიაზე იყო გაშლილი. იმ დროს იგი ისე გამოიყურებოდა, როგორც დღეს. წლების განმავლობაში იგი გამოიყენებოდა ხან დედათა, ხან მამათა მონასტერად, მაგრამ მან მუდმივი მოსახლეობა დაკარგა დაახლოებით 1758 წელს.

მონასტერის მიმდებარე ტერიტორია იმ დროს არ იყო განვითარებული და მხოლოდ მე-18 საუკუნის შუა პერიოდში დაიწყო პირველი სახლების მშენებლობა აია ნაპაში. სოფლის პირველი მაცხოვრებლები იყვნენ თესალონიკელები, რომლებმაც ჭირის ეპიდემიის გამო მიატოვეს სამშობლო. მოგვიანებით, 1813 წელს, მონასტერს რემონტი ჩაუტარდა, მაგრამ მას არ გააჩნდა სამონასტრო თემი და ამიტომაც მონასტრის ქონება ადგილობრივ ფერმერებს მიაქირავეს. მონასტერის შენობები თემის საჭიროებათათვის გამოიყენებოდა.

1878 წლის შემდეგ, როცა ბრიტანელები მართავდნენ კვიპროსს, იგი გახდა სოფლის სამრევლო ეკლესია და ჩატარდა სამუშაოები ისტორიული შენობების შესანარჩუნებლად. 1990 წლისთვის მზარდი სოფლისთვის საჭირო გახდა უფრო დიდი ეკლესია და აშენდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი თანამედროვე ტაძარი.

მონასტრის ტერიტორია დღეს არის მშვიდობისა და სიმშვიდის ოაზისი, აია ნაპას მღელვარე ქალაქის ცენტრში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]