კაცხი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
კაცხი | |
კაცხის ტაძარი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
თემი | კაცხი |
კოორდინატები | 42°17′03″ ჩ. გ. 43°12′30″ ა. გ. / 42.28417° ჩ. გ. 43.20833° ა. გ. |
დაარსდა | ქვის ხანა |
პირველი ხსენება | XI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 610 მ |
მოსახლეობა | 403[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
კაცხი — სოფელი ჭიათურის მუნიცპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დიდი კაცხი, ეწერი, მორძღვეთი, ნავარძეთი, სალიეთი, ჯოყოეთი). მდებარეობს მდინარე კაცხურის ნაპირას. ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 610 მეტრი. ჭიათურიდან 11 კილომეტრი, ქუთაისიდან – 68 კმ., თბილისიდან – 188 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაცხი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. იგი ბაღვაშთა საგვარეულო მამულს წარმოადგენდა. გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება „კაცხის ციხე“. იგი თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან კი აბაშიძეთა ფეოდალური საგვარეულო განაგებდა. XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების კუთვნილებაა. 1970 წელს კაცხში ჭის გათხრის დროს აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთები და მონეტები, მ. შ. ორი კოლხური თეთრი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 403 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 756 | 357 | 399 |
2014[1] | 403 | 190 | 213 |
არქეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარეს, დაახლოებით 200-500 მ სიმაღლის პლატოზე 1958 წელს აღმოჩნდა შუა და გვიანდელი აშელის ხანის ნაბინარ-სახელოსნო კაჟნარი, იგივე საქორია. 4-4,5 ჰა ფართობი თითქმის მთლიანად დაფარული იყო კაჟის ბუნებრივი ნატეხებითა და პირველყოფილი ადამიანის ქვის ნაკეთობებით. ნაპოვნი 3000-მდე ნივთი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ციხე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში. გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება „კაცხის ციხე“. ციხე თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კვლავ სამეფო ხელისუფლების განმგებლობაშია. ციხის ნანგრევები შემორჩენილია მდინარე კაცხურას მარჯვენა ნაპირზე.
ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ცენტრში აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ტაძრის ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. დავით აღმაშენებლის მიერ ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო. 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული.
ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია. ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით. გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს არის ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის რესტავრაციის შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები. ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული.
სვეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაცხში მდებარეობს ბუნების იშვიათი ძეგლი - მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე არსებული შთენილი კლდე. მისი სიმაღლე 40 მეტრია. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია. ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო წინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V საუკუნე) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული, უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI საუკუნე) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტი 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. ბოლო პერიოდამდე კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელი იყო. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა შესაძლებელია ყველა მსურეველისთვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კაცხი
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 579.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|