შინაარსზე გადასვლა

წეროვნის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:43, 24 მაისი 2024-ის ვერსია, InternetArchiveBot (განხილვა | წვლილი) (დაარქივდა 1 წყარო და 0 წყარო მოინიშნა მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
წეროვნის სამების ეკლესია

წეროვნის სამების ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში. მდებარეობს სოფლის განაპირას, დასავლეთით, შემაღლებულ ადგილას. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XI საუკუნით. 1946 წელს ძეგლი შეაკეთეს.

ეკლესია დარბაზულია (9,55 X 5,79 მ), ნაგებია ყორე ქვით. გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო თლილი ქვის კვადრებით. ინტერიერში თლილი ქვისაა პილასტრები, კამარის საბჯენი თაღები, კონქი და კარ-სარკმლის საპირეები. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (ჩრდილოეთის ამოქოლილია). აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ვიწრო სარკმლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის შუა ნაწილში სატრაპეზო ქვა დგას. დასავლეთის კედელში ერთი, ხოლო სამხრეთისაში ორი ვიწრო სარკმელია გაჭრილი. დარბაზის კამარა პილასტრებზე დამყარებულ საბჯენ თაღებს ეყრდნობა.

ფასადები მორთულია დეკორატიული თაღებით. თაღების იმპოსტები მოჩუქურთმებულია, ბაზისებს შეწყვილებული ბურთულების ფორმა აქვს. აღმოსავლეთის ფასადზე ოთხკუთხა სარკმელს დიდი ფოთლებით მორთული ტალღოვანი საპირე აქვს. სარკმლის ორივე მხარეს მაღალი თაღოვანი ნიშებია. სარკმლებსა და ნიშებს დიდი თაღი აქვს შემოვლებული. დასავლეთის ფასადზე კუთხის ნახევარსვეტები გარკვეულ სიმაღლეზე ჰორიზონტალურ მიმართულებას იღებს და სარკმლის ზემოთ ქმნის თაღს, რომლის თავზე რელიეფური ჯვარია გამოსახული. სამხრეთის და ჩრდილოეთის ფასადები ოთხ-ოთხი დეკორატიული თაღითაა შემკული. სამხრეთის ფასადზე თაღები სხვადასხვა ზომისაა. კარზე გადავლებული თაღი ყველაზე ფართო და მაღალია, ხოლო, დასავლეთის განაპირა თაღი ყველაზე პატარა. ამ ფასადზე ერთ-ერთ სარკმელს ოთხყურა ფოთლოვანი მოტივით მორთული საპირე ქვა აქვს. ჩრდილოეთის ფასადის დეკორატიული თაღები ყველა ერთი ზომისაა, მაგრამ კარის მომიჯნავე ლილვები ცოკოლამდე არ ჩამოდის და თაღის ქუსლთან წყდება. ეკლესიას თაროსა და დახრილი სიბრტყისგან შედგენილი ლავგარდნის აქვს.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].