მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოცხარი, ხუნწი (Ribes) — მცენარეთა გვარი ხუნწისებრთა ოჯახისა. 1-3 მ სიმაღლის ბუჩქებია. სხვადასხვა ფერის (წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მოშავო) კენკრა ნაყოფი აქვთ. 150-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება 3 სახეობა: კლდის მოცხარი (Ribes biebersteinii), აღმოსავლური მოცხარი (Ribes orientale) და მთის მოცხარი (Ribes alpinum), რომელთაგან პირველი კავკასია-ანატოლიის სახეობაა, მეორე გავრცელებულია კავკასიაში, ანატოლიასა და ირანში, მესამე კი — ჩრდილოეთ და შუა ევროპაში, კავკასიასა და ანატოლიაში. ჩვენში გავრცელებულია სახეობები უეკლო ბუჩქებია. კულტურაში ცნობილია მოცხრის მრავალი ჯიში, მ. შ. აღსანიშნავია წითელი და შავი მოცხარი. შავი მოცხრის კენკრა საუკეთესო სამკურნალო და საკვებია, იყენებენ ნედლად, გამხმარს, გაყინულს; ამზადებენ მურაბას, წვენს, ღვინოს და სხვა. წითელი მოცხრის ნაყოფს ხმარობენ ნედლად და გადამუშავებულს. ორივე მრავლდება კალმით და გადაწიდენით. ოქროსფერ მოცხარს იყენებენ როგორც დეკორატიულ ბუჩქს, აგრეთვე ტყისსაცავ ზოლში და საძირედ ხურტკმელისა და მოცხრის შტამბიანი ფორმის მისაღებად.