ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია
ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია (The World Academy of Art & Science, შემოკლებით WAAS) — საერთაშორისო არასამთავრობო სამეცნიერო და სახელოვნებო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს თანამედროვე მეცნიერების ყველა ძირითად მიმართულებას (საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები) და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს.
აკადემიის დაფუძნების იდეა გაჩნდა 1955 წელს და მისი ავტორები იყვნენ ალბერტ აინშტაინი, რომელიც, იმავე წელს გარდაიცვალა, რობერტ ოპენჰაიმერი, ბერტრან რასელი და თანამედროვეობის სხვა გამოჩენილი მოღვაწენი. იგი ოფიციალურად დაარსდა 1960 წლის 24 დეკემბერს. 1960–1971 წლებში აკადემიის პირველი პრეზიდენტი იყო ბიოლოგიის პროფესორი, მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი, ლორდი ჯონ ბოიდ ორი.
დღეს აკადემია, რომლის ნამდვილი წევრობა შეესაბამება ეროვნული აკადემიების ნამდვილ წევრობას, შედგება 700–მდე ნამდვილი (Fellow) და ასოცირებული (Associated Fellow) წევრისაგან (მსოფლიოს 86 ქვეყნიდან), რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მეცნიერებისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარებაში. მათ შორის არიან იუნესკო–ს ყოფილი გენერალური დირექტორი, პროფესორი ფედერიკო მაიორი (ესპანეთი), ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი პაულ კრუტცენი (გერმანია), გამოჩენილი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, პროფესორი ფრენსის ფუკუიამა (აშშ), მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჩინგიზ აიტმატოვი (ლუქსემბურგი), ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი ჟელიო ჟელევი, ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი ფელიქს უნგერი (ავსტრია), უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ბორის პატონი, მწერალი კაზუაკი ტანაჰაში (იაპონია), პროფესორი ალფრედ ფონ ლიხტენშტეინი (ავსტრია) და სხვანი. აკადემიის შტაბ–ბინა მდებარეობს სან ფრანცისკოში (აშშ). მას აქვს ამერიკისა და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული განყოფილებები. აკადემიის საქმიანობას წარმართავს 20 წევრისგან შემდგარი საბჭო.
ამჟამად მისი პრეზიდენტია პროფესორი ივო სლაუსი (არჩეულია 2011 წელს). აკადემია პერიოდულად ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებს და ხელოვანთა გამოფენებს, გამოსცემს თემატურ კრებულებს და ჟურნალს. 2010 წლის ოქტომბრიდან აკადემია რომის კლუბთან ერთად გამოსცემს საერთაშორისო ჟურნალს „CADMUS“.
საქართველოდან აკადემიის ნამდვილ წევრებად არჩეულნი არიან: თამაზ გამყრელიძე (2007), დავით ზუბიტაშვილი (2006), დავით ლორთქიფანიძე (2007), გიული ალასანია (2009), ლევან ურუშაძე (2004) და გიორგი ონიანი (2009).