ჭყონდიდის ეპარქია
ჭყონდიდის ეპარქია | ||
მარტვილის მონასტერი | ||
ძირითადი ინფორმაცია | ||
---|---|---|
ქვეყანა : | საქართველო | |
ეპარქიალური ცენტრი : | ქალაქი მარტვილი | |
მმართ. ეპისკოპოსის ტიტული : | მიტროპოლიტი ჭყონდიდისა, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე | |
მმართ. ეპისკოპოსი : | სტეფანე (კალაიჯიშვილი) (მ/შ) |
ჭყონდიდის ეპარქია – მდებარეობს სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს.
ჭყონდიდის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ხონისა და სამტრედიის, დასავლეთიდან ზუგდიდ-ცაიშის, ჩრდილოეთიდან მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან ფოთი-ხობის და შემოქმედის ეპარქიები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საეკლესიო ტრადიცია ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერს.
პირველი ეკლესია წმინდა მოციქულს მთელს ეგრისში ცნობილი კერპის - მუხის ხის, მეგრულად „ჭყონი დიდი“ მოკვეთილი მასალისგან აუგია. გადმოცემით, მისი სახელწოდებაც „ჭყონდიდი“ სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება. IV საუკუნიდან ქვეყნის მოქცევასთან ერთად ეს კუთხეც გაქრისტიანდა, მაგრამ VI ს. II ნახევრიდან ამ მხარეში დაარსებულ ბერძნულენოვან ეპარქიებს შორის გადანაწილდა. აფხაზთა მეფეების მიერ IX-X საუკუნეებში ამ მხარეში დაარსებულ ქართულენოვან ეპარქიათა შორის (მოქვი, ბედია, ცაიში...) ჭყონდიდი ოდიშის უპირველეს სამღვდელმთავრო ეპარქიად ითვლებოდა. ჭყონდიდის სამღვდელმთავრო კათედრა დაარსებიდან (X ს.), მთელი მისი არსებობის მანძილზე უმნიშვნელოვანესი და დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ეპარქია იყო. ჭყონდიდელი მღვდელმთავრის დიდი გავლენისა და ავტორიტეტის გამო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა უმაღლესი საერო თანამდებობა - მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. შემდეგში მეფე დავითმა ჭყონდიდელს კიდევ ორი ეპარქია - ბედია და ალავერდი დაუქვემდებარა, რაც მისი მზარდი გავლენის მიმანიშნებელია. ჭყონდიდელ-მწ��გნობართუხუცესი ზოგჯერ საქართველოს უპირველესი საეკლესიო იერარქი - კათოლიკოსიც ხდებოდა.
საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში, XV-XVIII სს. ჭყონდიდელი ეპისკოპოსი აფხაზეთის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა და სამეგრელოს სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. XVII ს-ის 80-იან წლებამდე ოდიშის სამთავროში არსებულ ექვს სამღვდელმთავრო კათედრიდან ჭყონდიდი უპირველესად ითვლებოდა და გარკვეულ დროს ბედიისა და ცაგერ-სვანეთის ეპარქიების სამწყსო ტერიტორიასაც მართავდა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, დაიწყო რა ეპარქიათა შემცირება-გაუქმება, 1818 წელს რუსულმა საიმპერიო ხელისუფლებამ გააუქმა ცაიშის და ცაგერის საეპისკოპოსოები და მათი ტერიტორიები შეუერთა ჭყონდიდის საეპისკოპოსოს, რომელსაც უწოდეს სამეგრელოს ეპარქია, რომელიც 1885 წლიდან გურიის ეპარქიასთან გაერთიანდა და გურია-სამეგრელოს ეპარქია ეწოდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ჭყონდიდის ეპარქიაც.
ეპისკოპოსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ევდემონ ჩხეიძე, XVII საუკუნის დასაწყისი
- ზოსიმე კოპალაძე, XVII საუკუნე
- გაბრიელ ლიპარტიანი, XVIII საუკუნის დასაწყისი
- გრიგოლი, (-1877)
- ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი (1777-1815)
- ბესარიონ დადიანი (მიტროპოლიტი; 1815-15 ივლისი, 1828)[1] — გრიგოლ დადიანის ძმა[2].
- ამბროსი ხელაია 17 სექტემბერი, 1917 – 28 ოქტომბერი, 1919
- პეტრე (ცაავა) 2019 წლამდე
- სტეფანე (კალაიჯიშვილი) 2021 წლიდან
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟურნალი „ორნატი“ №1, 2003 წ
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 27-28.
- ↑ გაზ. „ივერია“, №6, 7 აპრილი, 1877