შინაარსზე გადასვლა

ურთხელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურთხელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  ურთხლისებრნი
გვარი:  ურთხელი
სახეობა:  ურთხელი
ლათინური სახელი
Taxus baccata
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42546

ურთხელი, უთხოვარი (ლათ. Taxus baccata) — წიწვოვანი მცენარეების ურთხლისებრთა ოჯახის, ურთხელის გვარის მცენარე მოწითალო-მოყავისფრო თხელი ქერქით. ზემოდან მუქმწვანე, ქვემოდან ბაცი, ბრტყელი, ხაზურა და შიშველი წიწვები 2-3,5 სმ სიგრძისა და 2-2,5 მმ სიგანისაა. სიმაღლე 10–20 , განსაკუთრებულ შემთხვევაში იზრდება 28 მ სიმაღლის.

იზრდება ძალიან ნელა, მაგრამ ხასიათდება დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობით. ხის მაქსიმალური დაფიქსირებული დიამეტრია 4 მეტრი. აღნიშნული ხის ასაკი 4 000 წელი იყო. საუცხოოა გამწვანებისათვის. საჭმელად ვარგისია როგორც რბილი თანათესლი, ასევე თესლის გულიც, რომელიც 30-38 (11-12)% ზეთს შეიცავს. ქერქისგან ხდიან წებოს. ყლორტები და წიწვები წამლავს ცხენს, ჯორს და ვირს. მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის ყლორტები და წიწვები ნაკლებ ტოქსიკურია.

გავრცელებულია დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ირანში, სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. საქართველოში ურთხელი საკმაოდ ფართო არეალითაა წარმოდგენილი, მაგრამ რაოდენობრივად მეტად მცირეღა შემორჩა. ამჟამად ყველაზე დიდი რაოდენობით იგი მხოლოდ ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში შემორჩა 100 ჰექტარ ფართობზე. მდ. ალაზნის ზემოწელში, პანკისის ხეობაში. ზღვის დონიდან გვხვდება 1500 მეტრ სიმაღლემდე, მაგრამ ოპტიმალური ზრდა მას 1200 მ სიმაღლის ფარგლებში ახასიათებს.

მიუხედავად გავრცელების საკმაოდ ვრცელი არეალისა, ურთხელი გადაშენების ზღვარზე მდგომი მცენარეა და ენერგიულ დაცვას საჭიროებს. ამჟამად ბაწარა-ბაბანეურის ტყეში არსებულ უთხოვარის კორომებს გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ. მათი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, იუნესკო ბაწარა-ბაბანეურის ტყეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: