შინაარსზე გადასვლა

სქოლასტიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სქოლასტიკა (ბერძ. σχολαστικός — სწავლული, ლათ. Scholia — სკოლა) — IX-X საუკუნეებიდან ერთ-ერთი წამყვანი ღვთისმეტყველური ფილოსოფიური მიმდინარეობა ევროპაში, რომელშიც შეჯერებული იყო კათოლიციზმისა და არისტოტელეს იდეები.

XIV საუკუნის სკოლის გამოსახულება

სქოლასტიკის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 1054 წელს ქრისტიანული ეკლესიის კათოლიკურ და მართლმადიდებლურ შტოებად დაყოფამ. ამ მოვლენამ ახლებურად დააყენა ღვთისმეტყველების პრობლემატიკა. აზრთა შორის სხვადასხვაობა მხოლოდ თეოლოგიური კამათით არ შემოიფარგლებოდა. სქოლასტიკოსებმა წინ წამოწიეს ისეთი საკითხები, როგორიცაა გონებისა და რწმენის, რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთობა. სქოლასტიკა უშვებდა ქრისტიანული სწავლების გააზრებას არა მხოლოდ თეოლოგიის, არამედ ფილოსოფიის კუთხიდანაც, ცდილობდა ქრისტიანული რწმენის რაციონალურ დასაბუთებას. წამყვანი სქოლასტების შემოქმედებაში კვლავ აღზევდა არისტოტელესეული რეალიზმი და ლოგიკის გაგება.

თავდაპირველად სქოლასტიკა ხელს უწყობდა დაკარგული ცოდნის აღდგენას, ორგანიზებასა და შენახვას. თუმცა, საკმაოდ ხშირად სქოლასტიკოსები საკუთარი შეხედულებების დასაბუთების მიზნით ძველი ავტორების (განსაკუთრებით პლატონის, არისტოტელეს) თავისებურ ინტერპრეტაციას აკეთებდნენ, რაც საბოლოოდ მათ ჭეშმარიტ არსს ამახინჯებდა.

სქოლასტიკის ჩარჩოებში სერიოზული კამათი იმართებოდა სამების, ღმერთის სამგვაროვნების გაგების და ზოგადად, ღმერთის არსებობის დადასტურების გარშემო. მაგალითად, ანსელმ კენტერბერიელს მიაჩნდა, რომ მხოლოდ უმაღლესი არსება შეიძლება იყოს რეალური და ვინაიდან ღმერთი უმაღლესი არსებაა, ის რეალურად არსებობს, ხოლო რადგან არსებობს ღმერთი, შესაბამისად არსებობს უნივერსალიებიც (ზოგადი ცნებები).

შუა საუკუნეებში კამათი უნივერსალიების (ზოგადი ცნებების) არსებობა-არარსებობის შესახებ ძირითადად სქოლასტიკურ ფილოსოფიაში არსებულ ორ მიდგომას — ნომინალიზმსა და რეალიზმს შორის მიმდინარეობდა.

ნომინალიზმის თანახმად, არსებობს მხოლოდ ცალკეული კერძო საგნები, ზოგადი ცნებები ამ საგნების შესახებ კი ჩვენი გონების შექმნილია. ნომინალიზმის შერბილებული ფორმაა კონცეპტუალიზმი, რომლის თანახმად თავად საგნებში არსებობს რაღაც საერთო, რაც სიტყვით აღნიშნული და გონებაში მოცემული კონცეპტის (ცნების) საფუძველი ხდება.

რეალიზმის მიხედვით კი უნივერსალიები რეალურად არსებობს და წინ უსწრებს ცალკეული, კერძო საგნების არსებობას. სქოლასტიკურ ფილოსოფიაში ანტიკური ფილოსოფიიდან მიღებული რეალიზმის ორგვარი გაგება არსებობდა:

  • უკიდურესი რეალ���ზმი — რომელიც სათავეს პლატონის იდეების თეორიიდან იღებს და რომლის თანახმად ზოგადი იდეები ცალკეულ საგნებამდე არსებობს და მათ ორგანიზებას ახდენს;
  • ზომიერი რეალიზმი — სათავეს იღებს არისტოტელეს შეხედულებიდან, რომ ზოგადი და კერძო ერთმანეთთან განუყრელ კავშირშია.
  • ფსიქოლოგიის ისტორია - ი. იმედაძე. თბილისი, 2008
  • Философия - А.Г. Спиркин. Москва, 2000
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სქოლასტიკა“-დან