სოლიკო ვირსალაძე
სიმონ (სოლიკო) ბაგრატის ძე ვირსალაძე (დ. 13 იანვარი, 1908, თბილისი, — გ. 7 თებერვალი, 1989, იქვე) — ქართველი თეატრალური მხატვარი, სცენოგრაფი, სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ლენინური, სტალინური და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1976).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ეკონომისტ ბაგრატ ვირსალაძისა და ბიოლოგ ელენე მუსხელიშვილის ოჯახში. მისი დები იყვნენ ხელოვნების ისტორიკოსი თინათინ ვირსალაძე და ფოლკლორისტი ელენე ვირსალაძე. სოლიკო ვირსალაძე სწავლობდა მოსე თოიძის სტუდიაში, შემდეგ (1927 წლიდან) — თბილისის სამხატვრო აკადემიაში. პარალელურად ესწრებოდა ქორეოგრაფიული სტუდიის მეცადინეობას. სწავლა განაგრძო ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც 1931 წელს დაამთავრა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, მ.შ. ზ. ფალიაშვილის „დაისის” სცენური გაფორმება (1936). 1932–1936 წლებში იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი. 1937 წელს ვირსალაძე ლენინგრადში მიიწვიეს, სადაც მხატვრულად გააფორმა ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტები: ა. ბალანჩივაძის „მთების გული” (1938), ა. კრეინის „ლაურენსია” (1939) და სხვ.
ვირსალაძის შემოქმედებამ მთელი ეტაპი შექმნა თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში — პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი” (1934), „გედების ტბა” (1935), მ. მინკუსის „დონ კიხოტი” (1940), „შოპენიანა” (ფ. შოპენის მუსიკაზე, 1943), ა. მაჭავარიანის „ოტელო” (1957), ვ. ა. მოცარტის „დონ ჟუანი” (1964) და სხვ.; ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1940–41 და 1945–62 მთავარი მხატვარი) — ა. გლაზუნოვის „რაიმონდა” (1948; სტალინური პრემია, 1949), დ. კაბალევსკის „ტარასის ოჯახი” (1950; სტალინური პრემია, 1951) და სხვ. მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობა ჰქონდა ქორეოგრაფ ი. გრიგოროვიჩთან. მოსკოვის დიდ თეატრში მათ ერთად შექმნეს სპექტაკლები: ა. ხაჩატურიანის „სპარტაკი” (1968; ლენინური პრემია, 1970), პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი” (1973), ა. ეშპაის „ანგარა” (სსრკ სახელმწ. პრემია, 1977) და სხვ.
ვირსალაძეს ეკუთვნის ოსტიუმების მხატვრობა ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტისათვის, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დასის წარმატებაში. 1999 წელს ვირსალაძის საიუ��ილეოდ თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაიდგა პ. ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა” (ვირსალაძის კოსტიუმებითა და დეკორაციებით). დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1937 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1941 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1948 — სტალინური პრემია
- 1951 — სტალინური პრემია
- 1957 — რსფსრ-ის სახალხო მხატვარი
- 1958 — საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი
- 1966 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1970 — ლენინური პრემია
- 1976 — სსრკ-ის სახალხო მხატვარი
- 1977 — სსრკ სახელმწიფო პრემია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 151, თბ., 1994.
- გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 88.
- ვირსალაძე, სიმონ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 13 იანვარი
- დაბადებული 1908
- გარდაცვლილი 7 თებერვალი
- გარდაცვლილი 1989
- ქართველი მხატვრები
- სსრკ-ის სახალხო მხატვრები
- რსფსრ-ის სახალხო მხატვრები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვრები
- საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით დაჯილდოებულები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- თბილისში დაბადებულები
- თბილისში გარდაცვლილები