შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ყულოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ყულოშვილის საფლავი კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში
ჯაბა ლაბაძის ფოტო

მიხეილ ყულოშვილი (დ. 1825, კახი, ელისუს სასულთნო — გ. 1917, მარსანი, დასაფლავებულია კახში) — ქართველი ინგილო სასულიერო მოღვაწე, მღვდელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხილი წმინდანად (2012). ქართულ პერიოდიკაში აქვეყნებდა ნაშრომებს ფსევდონიმით „ჰერეთელი“.

მიხეილ ყულოშვილი დაიბადა კახში, რაფაელ და საბედო ყულოშვილების ოჯახში. საზოგადო მოღვაწე მოსე ჯანაშვილი აღნიშნავდა, რომ სარწმუნოების დევნის პერიოდში კუთხის რელიგიური რელიკვიების მოვლა-პატრონობაზე მიხეილის პაპა და ბებია ზრუნავდნენ. მათვე გადაურჩენიათ „ხუციანთ ოთხთავი“ და სხვა საეკლესიო ნივთები. პაპა — აბელ ყულოშვილი და ბებია — დარეჯან ხუციშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ რეგიონში. გადმოცემის მიხედვით, ერთხელ შვილთან ერთად ქურმუხის საყდარში მიმავალი დარეჯანი მუსლიმანებმა შეამჩნიეს და მოურავ ვახვახიშვილთან დაასმინეს. ამ ოჯახისადმი დიდი მოკრძალების გამო, დამბეზღებელი სანიმუშოდ დასჯილაო. მოურავს უთქვამს: — „კარგად ვიცი, რომ დარეჯანი “ხუციანთ ოთხთავის” კერიდანაა და ქურმუხში ლოცულობსო“.

ადრეულ ასაკში შეისწავლა წერა-კითხვა, მშობლიური ენის გარდა საუბრობდა და კითხულობდა აზერბაიჯანულ, უდიურ, სომხურ და რუსულ ენებზე. ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“. თავდაპირველად მსახურობდა მოლად. 1857 წლის 17 აგვისტოს ქრისტიანად მოინათლა.

1858 წელს საკუთარი სახსრებით, შენობის უქონლობის გამო, თავისავე სახლში პირველი სამრევლო ორკლასიანი სკოლა გახსნა. 1865-1870 წლებში სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ინგილოების შვილებს. მისი მოსწავლე იყო მოსე ჯანაშვილი, რომელიც მშობლებმა 1865 წელს მიაბარეს კახის ახალგახსნილ სამრევლო სკოლაში. აქვე აღსანიშნავია, რომ მიხეილ ყულოშვილის შვილის, ასევე მღვდლის, ნიკოლოზის მეუღლე — სოფიო კონჭოშვილი-ყულ��შვილი პირველი იყო, ვინც საინგილოში 1896 წელს ქალთა საეკლესიო-სამრევლო სკოლა დააარსა, ადგილობრივი მოსახლეობა კარდაკარ ჩამოიარა და დაშინებული ოჯახებიდან გოგონები განათლების მისაღებად გამოიყვანა. ამ გაბედული ნაბიჯით ინგილო ქალს სიამაყე და გამბედაობა კვლავ დაუბრუნა. სკოლის შენობის ნანგრევები წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესიის ეზოში დღესაც შემორჩენილა.

სასულიერო და საგანმანათლებლო მოღვაწეობის გარდა, მიხეილ ყულოშვილი მისდევდა პუბლიცისტურ საქმიანობას. იგი ქართულ პერიოდულ გამოცემებში აქვეყნებდა ნაშრომებს ფსევდონიმით „ჰერეთელი“. მიხეილი, როგორც მედიცინის უბადლო მცოდნე, ექიმის მოვალეობასაც ითავსებდა.

მიხეილ ყულოშვილი მსახურობდა დიაკვნად ბელაქანში, შემდეგ კი მარსანსა და კახში. იგი 1870 წელს მღვდლად აკურთხეს. 1912 წელს მან საკუთარი ძალებით აღადგინა კასრის საყდარი.

XX საუკუნის დასაწყისში კავკასიაში პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა. რუსეთის 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ, რომელსაც იმპერიის ნგრევა მოჰყვა, ხელსაყრელი პირობები შექმნა დაპყრობილი ერების თვითგანსაზღვრისთვის. ამ ისტორიულ მოვლენას ჰერეთის მრავალეთნიკური საზოგადოება დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა. წესით, თავისუფლებას მშვიდობა უნდა მოეტანა, თუმცა ჰერეთის ტერიტორიაზე პროცესები უმართავი გახდა. ასე ნანატრი თავისუფლება რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების ინსტრუმენტი შეიქნა. პირველ მსოფლიო ომში თურქეთის გაძლიერებამ კავკასიაში პანისლამისტური ძალები გაააქტიურა. მუსლიმანთა ��ალმომრეობამ რეგიონში ქრისტიანობასა და ქართველობას საგრძნობი საფრთხე შეუქმნა. ნელ-ნელა წყდებოდა კავშირი დედასამშობლოსთან. წესრიგის აღდგენას ვერ უზრუნველყოფდა სამხარეო ხელისუფლების ორგანოები. ხშირად შეხვდებოდით პრესის ფურცლებზე ჰერეთში მცხოვრებ ქართველთა დანანებით ნათქვამს, საინგილოში, საყოველთაო განუკითხაობის პირობებში, ღმერთმაც დაგვივიწყა და ქართველებმაცო.

ამდენად, პოლიტიკური არასტაბილურობის დროს ჰერეთის ტერიტორიაზე რელიგიური ქაოსი სუფევდა. ისტორიულ ვითარებაში უკეთ გასარკვევად საინტერესოა საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს მიმართვა (1917 წლის ნოემბრის) ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრ აკაკი ჩხენკელის მისამართით, რომლის სრულ ვერსიას პირველად წინამდებარე საჟურნალო სტატიაში ვაქვეყნებთ:

ვიკიციტატა
„მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განკარგულებით, საკათალიკოსო საბჭოს კანცელარია მოვალეობად თვლის მოგახსენოთ, რომ დღეს მიღებულია სასწრაფო სატელეგრაფო შეტყობინება მისი უწმინდესობის სახელზე სოფელ კახიდან, შესახებ აღმაშფოთებელი და უკიდურესად საგანგაშო გარემოებებისა ზაქათალის ოკრუგში. ადგილობრივი მკვიდრი ხუციშვილი გვატყობინებს შემდეგს: “ოკრუგის 100 000 მოსახლეობიდან 8000 ქართველი ქრისტიანია. მუსლიმანების მასა ზეწოლას ახდენს ქრისტიანებზე, მოითხოვს მათგან გამუსლიმანებას, ძარცვავენ და კლავენ მეთაურებს. უკვალოდ გაქრა მღვდელი ყულოშვილი. ოკრუგში ქრისტიანობა დიდ ხიფათშია. საჭიროა დახმარება, რომელსაც თქვენგან ვითხოვთ.“

იმ დღესვე მიტროპოლიტმა ლეონიდემ მიიღო სხვა ტელეგრამა შემდეგი შინაარსისა: „მამა მიხეილ ყულოშვილი გაქრა უკვალოდ: 1 ნოემბერს გამოვიდა თასმალოდან. იგი უნახავთ მარსანში. სამძებრო ღონისძიებებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. გთხოვთ თანამშრომლობას კათოლიკოსისა და თქვენსას, რომ აღმოჩენილი (გარკვეულ) იქნას ნამდვილი და აღმაშფოთებელი ბოროტმოქმედება. სოფიო ყულოშვილი.

აღნიშნული ტელეგრამების შინაარსი არ ბადებს არავითარ ეჭვს იმაში, რომ ზაქათალის ოკრუგში მოქმედებენ ბნელი ძალები, რომლის გამოსვლები უბედურებას უქადის მოსახლეობის ერთ ნაწილს, ქართველ ქრისტიანებს.

აღნიშნულის მოხსენებიდან თქვენთან შეხვედრამდე, როგორც მხარეში სამთავრობო ხელისუფლების ორგანოს ყველაზე დიდ წევრთან, ვფიქრობ, რომ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი არ დააყოვნებს მიიღოს ყველა შესაძლო ზომები, რომ დაიცვას რელიგიური სინდისი, სიცოცხლე და ქონება ზაქათალის ოკრუგის ქართველ ქრისტიანთა“.

როგორც წერილობითი მიმართვიდან ირკვევა, რელიგიური ნიშნით ხდებოდა ჰერეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ქრისტიანების დევნა-შევიწროება. ამ განუკითხაობის მსხვერპლი გახდა მიხეილ ყულოშვილი. ზემოთ მოყვანილ წერილში ლაპარაკია სასულიერო პირის გაუჩინარების ფაქტზე. ყველამ კარგად იცოდა, რომ მამა მიხეილის მკვლელობა რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება იყო, ვინაიდან იგი ღიად ილაშქრებდა მანკიერ ტრადიციათა წინააღმდეგ და ხელს უშლიდა მოსახლეობის ძალით გამუსლიმების პროცესს.

თავდაპირველად, მხცოვან მღვდელს მოლები მიუგზავნეს, ქრისტიანული სარწმუნოების დაგმობა, ეკლესიიდან განდგომა და მეტიც, ისლამის მიღება უბრძანეს. მოძღვარი აცნობიერებდა, რომ მისი საქციელი მაგალითის მიმცემი იქნებოდა თანამოძმეებისთვის და სასტიკი უარით გაისტუმრა მომხდურები. პირიქით, უფრო მეტს აკეთებდა კუთხეში ქრისტიანობის გასაძლიერებლად, მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის სათავეში მოსული მუსავატელების პარტიის შიშით, მრევლმა შემცირება დაიწყო.

ფაქტია, რომ შეთქმულებმა გეგმა “A” ვერ განახორციელეს, ხოლო გეგმა “B” მის ფიზიკურ განადგურებას ითვალისწინებდა.

1917 წლის გვიან შემოდგომაზე, წირვის დასრულების შემდეგ სოფელ მარსანიდან დაბრუნებისას მიხეილს ახლობლის ავადმყოფობით შეწუხებული მუსლიმანი გადაუდგა და დასახმარებლად გაყოლა სთხოვა. რასაკვირველია, გაჭირვებულს მღვდელი გაჰყვა. ავადმყოფის ნაცვლად მიხეილ მღვდელს მუსავატელები დახვდნენ და გამაჰმადიანება მოსთხოვეს. მოძალადეებმა მოძღვრისგან თანხმობის მიღება წამებით გადაწყვიტეს. ოთხმოცდააათ წელს გადაცილებული მოხუცი განსაცდელს მომზადებული შეხვდა და სიძულვილით დაბრმავებულ ბრბოს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

ვიკიციტატა
„ადამიანის ბოლო მაინც სიკვდილია. მაშ, მომკალით წმინდა სამების გულისთვის. სიკვდილის შიშითაც არ მივიღებ თქვენს სარწმუნოებას.“

შეთქმულებმა, როდესაც მიზანს ვერ მიაღწიეს, დაუმორჩილებელ მოძღვარს პირჯვრის გადაწერა არ აცალეს და თავი მოჰკვეთეს. სამძებრო ღონისძიებათა შედეგად ადგილობრივებმა მღვდელმოწამის ნაწამებ გვამს ტყეში მიაგნეს. შთამომავლობამ მიხეილ ყულოშვილი კახის წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ეკლესიის ეზოში მდებარე საინგილოს მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალა.

მიხეილ ყულოშვილის შთამომავალია 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში ცხინვალთან გმირულად დაღუპული ერეკლე ყულოშვილი.[1]

წმინდანად შერაცხვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ მიხეილ ყულოშვილი წმინდანად შერაცხა და მისი მოხსენიების დღედ 5 ივლისი დააწესა[2].

  • მართა ტარტარაშვილი, "მომკალით წმინდა საქმისთვის!" – მღვდელი მიხეილ ყულოშვილი (1825-1918). ქართული სამღვდელოების ისტორიიდან // საპატრიარქოს უწყებანი. თბ., 2007. 19-25 ივლისი. N25(425). გვ. 19-20
  • მიხეილ ყულოშვილი, საინგილოში წამებული მღვდელი მიხეილ ყულოშვილი : [მის ღვაწლზე ინგილოების გაქრისტიანების საქმეში და მოწამეობრივ აღსასრულზე (1918 წელს) საუბრობს მისი შვილიშვილი მიხეილ ყულოშვილი] // საპატრიარქოს უწყებანი. 2002. N27(181). გვ. 9-11

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]