შინაარსზე გადასვლა

მზია სიმონიშვილი

სტატიის შ���უმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზია სიმონიშილი
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1965
მოსკოვი
გარდაცვალების თარიღი 19 მაისი, 2013 (47 წლის)
ვენა
ეროვნება ქართველი
პროფესია მუსიკოსი,

მზია სიმონიშვილი (დ. 2 ოქტომბერი, 1965, თბილისი — გ. 19 მაისი, 2013, ვენა) — ქართველი მუსიკოსი. 1973 წლიდან სწავლობდა „ნიჭიერთა ათწლედში“, პედაგოგი ვანდა შიუკაშვილი (ფორტეპიანო). 1980 წელს გაიმარჯვა საქართველოს პიანისტთა ეროვნულ კონკურსში. 1989 წელს, იგივე პედაგოგთან დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი. სწავლის პერიოდშივე გამოდიოდა საქართველოს ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით.

მზია სიმონიშვილი იყო მენდელსონისა (ჰამბურგი, გერმანია) და ბუზონის (1994, ბოლცანო, იტალია) საერთაშორისო კონკურსების I პრემიის მფლობელი, მონტე–კარლოს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.

1990 წლიდან მუსიკოსი მონაწილეობდა ფესტივალებში (ფინეთი, ჰოლანდია); მნიშვნელოვანი საკონცერტო გამოსვლები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალურ ცენტრში. 1992 წელს შედგა მისი დებიუტი შვეიცარიაში; ამავე წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, პარალელურად, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორ ვალერიან შიუკაშვილის ასისტენტი; 1993 წელს სწავლა განაგრძო ვენის Hohschsule-ში. გამოშვებული აქვს ალბომი, რომელშიც შევიდა: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეოთხე სონატა, სერგეი პროკოფიევის მეორე სონატა, ფედერიკ შოპენისა და მორის რაველის პიესები.

2004 წლიდან მზია სიმონიშვილი იყო ავსტრიის მოქალაქე. ბოლო წლებში იგი ვენაში მოღვაწეობდა და ხშირად მართავდა კონცერტებს ლა–სკალაში, მიუნხენის “ჰერკულეს – ცენტრში”, ჰამბურგის “მიუზიქჰოლში” და ვენის “კონცერტჰაუსში“; არაერთი საქველმოქმედო კონცერტი აქვს ჩატარებული ქართველი ბავშვების დასახმარებლად.

მზია სიმონიშვილი გარდაიცვალა 47 წლის, ქართველი მუსიკოსი დაკრძალულია ვენაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]