შინაარსზე გადასვლა

დავით ზილფიმიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ზილფიმიანი
დაბადების თარიღი 14 სექტემბერი, 1959 (1959-09-14) (65 წლის)
ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი, სსსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა რადიოფიზიკოსი, ბიზნესმენი
პარტია ევროპელი სოციალისტები

დავით ზილფიმიანი (დ. 14 სექტემბერი, 1959, ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი) — ქართველი რადიოფიზიკოსი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საქართველოში პირველი კერძო ციფრული მულტიპლექს ოპერატორის „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატი (2020–2024).

განათლება და სამეცნიერო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ზილფიმიანმა რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალისტის განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1976–1981 წლებში მიიღო. სწავლის პერიოდში ინჟინრად დაიწყო მუშაობა ფიზიკის ფაკულტეტის ნახევარგამტარების ლაბორატორიაში.

1979–2003 წლებში დავით ზილფიმიანი მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის, ლაბორატორიის გამგის, განყოფილების უფროსისა და სეისმური სამსახურის უფროსის თანამდებობებზე მუშობდა. 1985 წელს მოსკოვის უმაღლეს საატესტაციო კომისიაში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ელექტრომაგნიტური პროცესები მიწისძვრების მომზადების პროცესში“. 1992–1993 წლებში დავით ზილფიმიანმა ტოკიოს უნივერსიტეტში მიიღო JISTEC AWARD. ამავე წლებში იგი მოგის ლაბორატორიაში მეცნიერ-მუშაკად მუშაობდა. 1994–2006 წლებში იგი იყო რომის უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკის დეპარტამენტში. 2000–2003 წლებში, დავით ზილფიმიანი იკავებდა იტალიის კოსმოსური სააგენტოს პროექტ ESPERIA-ს მთავარი მეცნიერ-მუშაკისა და სისტემური ინჟინრის პოზიციას. 2003–2005 წლებში მან, აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან ერთად, დააფუძნა საქართველოს კოსმოსური კვლევის ცენტრი და იკავებდა ამ ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2003–2004 წლებში დავით ზილფიმიანი იყო საერთაშორისო ორბიტალურ სადგურზე განხორციელებული პროექტის, LAZIO-SIRAD-ის თანაავტორი. 2004–2008 წლებში კი წარმოადგენდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტის EGLE-ს თანაავტორს.

დავით ზილფიმიანი 2011–2013 წლებში NASA-ს „გოდარდის“ ფრენის ცენტრში (მერილენდი, აშშ) პროფესორ პატრიკ ტეილორთან, ახალი დაბალი ორბიტის სატელიტის პროექტზე მუშაობდა. 2014 წლიდან არის საქართველოს კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელი.

2016 წლიდან, დავით ზილფიმიანი არის ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი.

არის 108 საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის, 4 საერთაშორისო კოსმოსური პროექტისა და 1 საერთაშორისო პატენტის თანაავტორი.

პროფესიული საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ზილფიმიანი იყო პირველი კერძო მაუწყებლის „I რადიოს“ (1994 წელი) და ტელეკომპანია „I სტერეოს“ (1997 წელი) დამფუძნებელი. 2002 წელს, მან დააფუძნა სამაუწყებლო კომპანია „სტერეო პლუსი“. რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტელე და რადიო-მაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია. დაარსების დღიდან, კომპანია დახმარებას უწევს მრავალ ტელეკომპანიას, სიგნალის გავრცელებაში.

2013 წელს, მისი ხელმძღვანელობით, გაეშვა პროექტი „ტვ მობაილი“. პროექტის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა მოძრაობაში სატელევიზიო არხების მიღება. 2015 წლიდან, დავით ზილფიმიანის ხელმძღვანელობით, ქვეყანა გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე. 2017 წელს დააფუძნა პირველი საეთერო PAY TV მაუწყებელი „დიჯიტალ ტვ“.

პოლიტიკური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის 5 იანვარს საქართველოს პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო (მათ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები მას შემდეგ დაიკავეს, რაც მათ სადეპუტატო მანდატზე უარი თქვეს გაყალბებული არჩევნების მოტივით).[1] შესვლასთან ერთად ისინი გაემიჯნენ „პატრიოტთა ალიანსს“ და გამოაცხადეს ახალი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ შექმნა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სიის 3 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო“. formulanews.ge. 2021-01-05. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ახალ პარტიას აფუძნებენ“. 1tv.ge. 2021-01-05. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)