ბლანკა I ნავარელი
ბლანკა I ნავარელი | |
---|---|
ნავარის დედოფალი | |
კორონაცია: | 18 მაისი, 1429, პამპლონა |
მმართ. დასაწყისი: | 8 სექტემბერი, 1425 |
მმართ. დასასრული: | 1 აპრილი, 1441 |
წინამორბედი: | კარლ III |
მემკვიდრე: | კარლ IV |
სიცილიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 26 დეკემბერი, 1402 |
მმართ. დასასრული: | 25 ივლისი, 1409 |
წინამორბედი: | ანტონია დელ ბალცო |
მემკვიდრე: | მარგარიტა დე პრადესი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 ივლისი, 1387 |
დაბ. ადგილი: | პამპლონა, ნავარა |
გარდ. თარიღი: | 1 აპრილი, 1441, (53 წლის) |
გარდ. ადგილი: | სეგოვია, კასტილია |
მეუღლე: |
მარტინ I, სიცილიის მეფე (ქ. 1402 - გარდ. 1409) ხუან II, არაგონის მეფე (ქ. 1419) |
შვილები: |
კარლ IV, ნავარის მეფე ბლანკა II, ნავარის დედოფალი ლეონორ I, ნავარის დედოფალი |
დინასტია: | ევრეები |
მამა: | კარლ III, ნავარის მეფე |
დედა: | ელეანორა კასტილიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბლანკა I ნავარელი (ესპ. Blanca I de Navarra, ფრანგ. Blanche Ire de Navarre, იტალ. Bianca I di Navarra; დ. 6 ივლისი, 1387 — გ. 1 აპრილი, 1441) — ევრეს ���ინასტიის წარმომადგენელი. ნავარის მეფე კარლ III-ის ასული. სიცილიის დედოფალი 1402-09 წლებში როგორც მარტინ I-ის მეორე ცოლი. არაგონის მეფე ხუან II-ის პირველი ცოლი. ნავარის დედოფალი 1425-41 წლებში. ნავარის სამი მონარქის: კარლ IV-ის, ბლანკა II-ისა და ლეონორ I-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლანკა დაიბადა 1387 წლის 6 ივლისს პამპლონაში. იგი იყო ნავარის მეფე კარლ III-ისა და დედოფალ ელეანორა კასტილიელის მეორე ქალიშვილი. 1413 წელს, მისი უფროსი დის, ჟანას გარდაცვალების შემდეგ, ბლანკა ნავარის ტახტის მემკვიდრე ხდება.
სიცილიის დედოფალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ბლანკა სიცილიის მეფესა და არაგონის ინფანტს მარტინ უმცროსზე დაქორწინდა. მათი მარიონეტული ქორწინება 1402 წლის 21 მაისს შედგა ქალაქ კატანიაში. ამის შემდეგ ბლანკა სიცილიაში გაემგზავრა, სადაც შეხვდა თავის ქმარს და 1402 წლის 26 დეკემბერს მასზე დაქორწინდა. საპატარძლო ამ დროს თხუთმეტი წლის იყო, სიძე კი ოცდარვის.
მარტინს ვაჟი მემკვიდრეები სჭირდებოდა, რომელიც მას პირველ ცოლთან, სიცილიის დედოფალ მარიასთან არ შეეძინა. 1404-05 წლებში დედოფალი ბლანკა სიცილიის რეგენტად მუშაობდა, როდესაც მარტინი არაგონში იყო.
1408-09 წლებში იგი კვლავ სიცილიის რეგენტად გვევლინება, როდესაც მისი ქმარი სარდინიაში იმყოფებოდა. მარტინსა და ბლანკას მხოლოდ ერთი ვაჟი შეეძინათ, რომელიც ჩვილობაშივე დაიღუპა, ამიტომაც, როდესაც მარტინი 1409 წლის 25 ივლისს გარდაიცვალა, სიცილიის ტახტზე იგი მამამისმავე, არაგონის მეფე მარტინ I-მა შეცვალა. ვინაიდან იგი არაგონს ვერ დატოვებდა, მარტინმა თავისი რძალი სიცილიაში დატოვა, როგორც რეგენტი და მისი ფორმალური მმართველი. იგი სიცილიელებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იგი წარმოადგენდა სიცილიის სიმბოლურ დამოუკიდებლობას არაგონისგან. 1415 წელს, არაგონის მეფე ფერდინანდ I-ის გამარჯვების შემდეგ ბლანკამ დაკარგა სიცილიის რეგენტობა და იძულებული გახდა მშობლიურ ნავარაში დაბრუნებულიყო.
ნავარის დედოფალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნავარაში დაბრუნებისთანავე, 1415 წლის 18 ოქტომბერს მამამისმა იგი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, რის გამოც ლორდებმა მას ერთგულება შეჰფიცეს. 1419 წლის 6 ნოემბერს ბლანკა მეორედ დაქორწინდა არაგონის ინფანტ ხუანზე, რომელიც არაგონის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ ელეანორ ალბუკერკეს ვაჟი და ბლანკას პირველი ქმრის ბიძაშვილი იყო.
ხუანი ნავარაში გაემგზავრა, რათა მას შეხვედროდა, სადაც ისინი 1420 წლის 10 ივნისს დაქორწინდნენ პამპლონაში. ისინი ნავარაში 1422 წლამდე ცხოვრობდნენ.
1425 წლის 8 სექტემბერს ბლანკას მამა, მეფე კარლ III გარდაიცვალა, რის გამოც იგი ნავარის დედოფალი ხდება. ამის შემდეგ, წყვილი ჩავიდა პამპლონაში, სადაც 1429 წლის 25 მაისს ნავარის მეფე-დედოფლად ეკურთხნენ. მათ მალევე შეეძინათ ტახტის მემკვიდრეები.
ტახტზე ასვლისთანავე ბლანკამ თავისი უფროსი ვაჟი, ვიანის პრინცი კარლი თავის თანამმართველად დაისვა და ქვეყნის მართვას ასწავლიდა. დედოფალი ბლანკა გარდაიცვალა 1441 წლის 1 აპრილს, 53 წლის ასაკში. ამის შემდეგ მის ქმარსა და შვილებს შორის ხანგრძლივი ბრძოლა ატყდა ნავარის ტახტისათვის.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლანკას პირველ ქმართან ჰყავდა ერთი შვილი:
- მარტინი (1406-1407), სიცილიის ტახტის მემკვიდრე, გარდაიცვალა ჩვილი;
ბლანკას მეორე ქმართან ჰყავდა ოთხი შვილი:
- კარლ IV (1421-1461), ნავარის მეფე, ცოლად შეირთო აგნესა კლეველი, თუმცა უშვილოდ დაიღუპა;
- ხუანა (1423-1425), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ბლანკა II (1424-1464), ნავარის დედოფალი, ცოლად გაჰყვა კასტილიის მეფე ენრიკე IV-ს, რომელსაც იმპოტენციის გამო გასცილდა, თუმცა მეორედ ვეღარ გათხოვდა და გარდაიცვალა უშვილოდ;
- ლეონორ I (1426-1479), ნავარის დედოფალი, ცოლად გაჰყვა ფუას გრაფ გასტონ IV-ს, რომელთანაც თერთმეტი შვილი შეეძინა;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Anthony, Raoul: Identification et Etude des Ossements des Rois de Navarre inhumés dans la Cathédrale de Lescar, Paris, Masson, 1931
- Maria Rita Lo Forte Scirpo: C'era una volta una regina ... : due donne per un regno: Maria d'Aragona e Bianca di Navarra, Napoli : Liguori, ISBN 88-207-3527-X, 2003
- Blanca I de Navarra in Auñamendi Entziklopedia
|