შინაარსზე გადასვლა

ბერძენხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერძენხანაძველი თბილისის გორგასლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის ერთი ნაწილის ისტორიული ს��ხელწოდება. უბანს სახელი ეწოდა წმ. ეკატერინეს ბერძნული ეკლესია-მონასტრის მიხედვით, რომელიც მაშინდელი თათრის მოედნის სამხრეთ-დასავლეთ ხაზზე განლაგებული დუქნების უკან მდებარეობდა.

ბერძენხანას მართკუთხა მოხაზულობის ტერიტორია ეკავა თათრის მოედანს, ლილახანასა (ახლანდ. სამღებროს ქუჩა) და აშპაშხანას შორის. აშპაშხანა, კერძოდ კი მისი ნაწილი ქიაბაბხანა, წმ. ეკატერინეს ეკლესიის ჩრდ.-აღმ. კედელს გასდევდა მტკვრის მხარეზე, ლილახანა კი მის პარალელურად მიემართებოდა მოპირდაპირე კედლის გასწვრივ.

გადმოცემით, ამ უბანში მდგარ ეკლესიას დავით აღმაშენებლის ზეობაში ჩაეყარა საფუძველი (XI ს.). XIV ს. მიწურულს იგი დაანგრია თემურ-ლენგის ლაშქარმა. ალექსანდრე I-ის დროს, 1430 წ. ეკლესია აღადგინეს, მაგრამ კვლავ დაინგრა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს 1795 წ. პლატონ იოსელიანის ცნობით, მის ნანგრევებზე კვალვ აღუდგენიათ ეკლესია სინას მთიდან მოსულ ბერებს. შემოსავალიც სინას მთის მონასტრებისთვის ყოფილა განკუთვნილი. მონასტერს თავისი დუქანიც ჰქონია, რომელიც მას ერეკლე II-მ უბოძა 1781 წ. მონასტერშივე იდგა ბერძენი არქიმანდრიტის რეზიდენცია.