შინაარსზე გადასვლა

ახალხევის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალხევის რაიონი

ახალხევის რაიონი საქართველოს სსრ შემადგენლობაში 1954 წ.
ქვეყანა საქართველოს სსრ

ახალხევის რაიონი — ადმინისტრაციული რაიონი საქართველოს სსრ-ში, 1943-1955 წლებში.

ახალხევის რაიონის წარმოშობას ქლუხორის რაიონისაგან განსხვავებით თავისი წინაპირობა გააჩნდა, კერძოდ მდინარე არღუნის ხეობის ქვედა ნაწილი იქ სადაც თავდება პირიქითა ხევსურეთი (ანდაკისწყალისა და მდ. არღუნის შესართავთან), თბილისის გუბერნიას მომატებული ჰქონდა მცირე ნაწილი. იგი 1860 წლლის 23 სექტემბერს ბარიატინსკის ბრძანებით ტფილისის გუბერნიის თიანეთის ოკრუგს შატილის მხრიდან შეუერთდა არღუნის ხეობის ორი ქისტეთის მითხოსა და მალხის საზოგადოებები (სახანოს და მაისტის)[1]. მანამდე კი, 1854 წელს იქაური ქისტები მთიდან პანკისში გადაასახლეს[2].

1912 წელს იყო მცდელობა აღნიშნული მიწები ტფილისის გუბერნიიდან თერგის ოლქისთვის გადაეცათ[3][4]. აღნიშნული ტერიტორია თბილისის გუბერნიაში შედიოდა 1914 წელსაც, ხოლო საბჭოთა საქართველოში შევიდა აღნიშნული ტერიტორიით, რისი დასტურია 1922 წლის რუკაც.

ახალხევის რაიონის დაარსება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული რაიონი ახალხევის სახელით დაარსდა 1943 წელს, რომელიც შედგებოდა არა მარტო არღუნის ხეობის ქვედა ხეობისაგან არამედ მოიცავდა დღევანდელ დუშეთის რაიონსაც[5].

საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ ნაწილში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი წლებიდანვე გარკვეული დაძაბულობა შეიმჩნეოდა. ჯერ კიდევ 1925 წელს ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა საქართველოს, რათა მათთვის გადაეცა მდინარე არღუნის ხეობაში მდებარე ქისტებით დასახლებული სოფლები – ჯარეგო, თერეთეგო, ��ელხესტი, ცეკარო, სახანო და სხვები. ეს აულები შედიოდნენ თიანეთის მაზრაში. მოთხოვნა მალევე დაკმაყოფილდა. 1927 წელს ქართველ შატილელებსა და ჩაჩან ჯარეგოელებს შორის საძოვრების გამო წარმოიშვა დავა. სსრკ ცაკ-ის სპეციალურმა კომისიამ ა. ისლამოვის ხელმძღვანელობით საკითხი სრულიად რუსეთის ცაკ-ის პრეზიდიუმის სხდომაზე გაიტანა და სასწრაფო წესით, 1928 წლის 20 აგვისტოს დაამტკიცა. როგორც შემდეგ გამოირკვა, თურმე კომისიას საქართველოს ცაკ-ის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების იგნორირება მოუხდენია.

...მთა ალაქოს სადავო უბანი უანგაროდ გადაეცეთ სარგებლობისათვის ჩაჩნეთის ავტონომიური ოლქის სოფელ ჯარეგოს მცხოვრებთ, მაგრამ ის რჩება საქართველოს შემადგენლობაში.

— საქართველოს პოლიტიკური პარტიების არქივი, ფ.14, აღწ.14, საქმე 338.

აღნიშნულის გამო შატილელები ძალზე ნაწყენი დარჩნენ საბჭოთა ხელისუფლებისადმი და 1939 წელს დავამ ახალი ძალით იფეთქა და როგორც საარქივო წყაროებით ირკვევა, საქმე შეტაკებამდეც კი მისულა. დუშეთის რაიკომმა, კონფლიქტის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ, კატეგორიული თხოვნით მიმართა საქართველოს კომპარტიის ცეკას, რათა 1928 წლის დადგენილება გადასინჯულიყო. მიმოწერა თბილისს, მოსკოვს და გროზნოს შორის საკმაოდ გაჭიანურდა.

1944 წლის 7 მარტს, როცა ხელი მოეწერა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებას ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. მიზეზი იყო – სოციალისტური სამშობლოს ღალატი, გერმანელ-ფაშისტებისადმი დახმარება, დივერსიების მოწყობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ბრძანებულების

  • პირველი პუნქტი ეხებოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებასა და მოსახლეობის გადასახლებას,
  • მეორე პუნქტი – გროზნის ოლქის შექმნას,
  • მესამე და მეოთხე – ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიის დანაწილებას ჩრდილოეთ ოსეთს და დაღესტანს შორის.
  • მეხუთეში კი ნათქვამი იყო:

...შევიდეს საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შემდეგი რაიონები: ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-დან – ითუმ-ყალეს რაიონი არსებული საზღვრებით, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი; გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.

ეს ნორმატიული აქტი, როგორც სხვა, გაზეთებში არ გამოქვეყნებულა.

საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ 1944 წლის 21 მარტს მიიღო დადგენილება ზემოაღნიშნული რაიონების საქართველოსადმი შემოერთების შესახებ, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ითუმ-ყალეს რაიონი, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი, გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში ერთიანდებოდა.

ბრძანებულების

  • მესამე პუნქტით განისაზღვრა საქართველოსა და რსფსრ-ს შორის შეცვლილი საზღვრის ახალი ხაზი, რომელიც დეტალურად იყო აღწერილი.
  • მეოთხე პუნქტში ნათქვამი იყო: „ყოფილი ითუმ-ყალეს რაიონის ცენტრს – სოფელ ითუმ-ყალეს სახელი შეეცვალოს და ეწოდოს ახალხევი”.

იმავე ნორმატიული აქტით ჩრდილოეთ ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩაჩნეთ-ინგუშეთის პრიგოროდნის რაიონის სამხრეთი ნაწილები შეუერთდა საქართველოს სსრ ყაზბეგის რაიონს.

სსრკ სახკომსაბჭოს 1944 წლის 9 მარტის დადგენილებით სტავროპოლის სამხარეო აღმასკომს, დაღესტნის ასსრ-ის, ჩრდ. ოსეთის ასსრ-ის და საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოებს დაევალათ 1944 წლის პირველ ივნისამდე აითვისონ ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ტერიტორია და შეიმუშაონ მათი დასახლების გეგმები. კიდევ ერთი გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოდან და სხვა რესპუბლიკებიდან სპეცჩასახლებულებს გადასახადების სფეროში მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ.

მოგვიანებით, 50-იანი წლების დასაწყისში, ახალხევის რაიონი გაუქმდა და მისი ტერიტორია დუშეთის რაიონს შეუერთდა.

იოსებ სტალინის სიკვდილის და ლავრენტი ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ, კრემლის კულუარებში დაიწყო საუბარი საქართველოსათვის რუსეთის მიწების გადაცემის უსამართლობის შესახებ, რასაც ორიოდე წელიწადში შესაბამისი იურიდიული აქტიც მოჰყვა. 1955 წლის 10 მარტს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო შემდეგი დადგენილება:

საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, მხედველობაში მიიღო რა ქლუხორის რაიონის ტერიტორიული დაშორება საქართველოსთან და მისი მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიური, კულტურული კავშირები რსფსრ სტავროპოლის მხარესთან, აგრეთვე რსფსრ-ის თანხმობა ქლუხორის რაიონის სტავროპოლის მხარესთან მიერთების თაობაზე, დაადგინა: გადაეცეს საქართველოს სსრ ქლუხორის რაიონის ტერიტორია რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას

— სუიცსა, ფ.1165, აღწ.8, საქმე 1034.

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ზემოთ ხსენებული დადგენილების მიღების შემდეგ კრემლში წამოიჭრა საკითხი რეპრესირებული ხალხების მშობლიურ ადგილებში დაბრუნების თაობაზე. 1956 წლის 4 ივლისს ნიკიტა ხრუშჩევს მოსკოვში შუა აზიიდან ჩასული ყარაჩაელთა რვაკაციანი დელეგაცია შეხვდა.

...12 საათსა 25 წუთზე ჩვენ ამხანაგ ხრუშჩოვის ფართო კაბინეტში შევედით. იგი წამოდგა და ყველას აღმოსავლურად მოგვესალმა - ორივე ხელი ჩამოგვართვა. დავსხედით.... “მე მივიღე თქვენი წერილი”, - გვითხრა ნიკიტა სერგის ძემ. მართლაც, ყველამ დავინახეთ, რომ წერილი მაგიდაზე იდო. “მე მესმის თქვენი სურვილი სამშობლოში დაბრუნებისა, მაგრამ საკითხი საკმაოდ რთულია... სტალინმა და ბერიამ ისეთი საქმეები ჩაიდინეს, რომ მათი გამოსწორება ძნელია. ბერია კავკასიის ფრონტზე რომ იყო, სტალინს ცნობებს აწვდიდა, თითქოს ზოგიერთმა კავკასიური ეროვნების ხალხმა სამშობლოს უღალატა, სტალინმა კი ისინი დაუფიქრებლად გაასახლა. სტალინი ავადმყოფურად ეჭვიანი კაცი იყო, რითაც ბერიამ კარგად ისარგებლა... არასწორი იდეაა, თითქოსდა მთელი ხალხი რაღაცაში დამნაშავე იყოს. იგი მთელ უკრაინასაც კი გაასახლებდა, მაგრამ 40 მილიონ ადამიანს სხვაგან ვერსად ვერ დაასახლებ.

შემდეგ ნიკიტა სერგის ძე უშუალოდ ჩვენს თხოვნას შეეხო. მან კვლავ გაიმეორა, რომ საკითხი საკმაოდ რთულია, რადგან იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ყარაჩაელები გაასახლეს, უკვე სხვა ხალხი ცხოვრობს. “ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი – ადგილობრივ ხელისუფლებას, სადაც ახლა თქვენ ცხოვრობთ, თქვენი მშობლიურ ადგილებში გაშვება არ სურთ. რაც შეეხება ყარაჩაელთა პოლიტიკურ რეაბილიტაციას, ალბათ, ამ საკითხს თქვენს სამშობლოში დაბრუნებასთან ერთად გადავწყვეტთ”, - თქვა ნიკიტა სერგის ძემ. ამ დროს კაბინეტში შემოვიდა უკრაინის ცეკას პირველი მდივანი ამხანაგი კირიჩენკო, რომელსაც ხრუშჩოვმა ჩვენი თავი წარუდგინა, როგორც ყარაჩაელი ხალხის წარმომადგენლები. კირიჩენკო შეგვეკითხა, თუ რამდენი ვართ ამჟამად ყარაჩაელი. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ დაახლოებით 68 ათასი. “ეს ხომ ქალაქის ნახევარიც არ არის, ალბათ, დაბრუნების დროს ყველა დაეტევით”, - შენიშნა კირიჩენკომ.

ამხანაგმა მაჯირ გაჯაევმა, ჩვენი დელეგაციის მეთაურმა, ნიკიტა სერგის ძეს მიმართა: “დიახ, ჩვენ გვესმის საკითხის სიმძიმე, ამიტომაც, ჩვენი პრობლემის გადაჭრა რომ გაადვილდეს, არ ვითხოვთ დაუყონებლივ ავტონომიის აღდგენას, არ ვითხოვთ სახელმწიფო ხარჯებს მოსახლეობის სამშობლოში დასაბრუნებლად... ჩვენ ასევე არ ვითხოვთ იქ მცხოვრები სვანების დაუყონებლივ გასახლებას. ქლუხორის რაიონში მოსახლეობა ამჟამად ძველი რაოდენობის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს, მიწები ცარიელი და დაუსახლებელია. ჩვენ არავის არაფერში არ შევედავებით, შეგვიძლია მათთან ერთად ცხოვრება. ნუთუ პატიოსანი ადამიანები – ქართველები ან რუსები - ჩვენი დაბრუნების წინააღმდეგნი იქნებიან? ნუთუ ისინი გულთან ახლოს არ მიიტანენ ჩვენი ხალხის ტრაგედიას?”.

ნიკიტა სერგის ძე ამბობს, რომ იოსებ სტალინს და ლავრენტი ბერიას ჩრდილოეთ კავკასიის ხარჯზე საქართველოს გაფართოების გეგმა ჰქონდა. ამხანაგი მაჯირ გაჯიევი მას ეთანხმება: “დიახ, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან სწორედ ის ხალხები გაასახლეს, რომლებიც უშუალოდ საქართველოს ესაზღვრებოდნენ – ყარაჩაელები, ბალყარელები, ჩაჩნები და ინგუშები... ჩვენს ხალხში ამბობენ, რომ რომანოვების დინასტიის არცერთი მეფე ისე ცუდად არ მოგვქცევია, როგორც ეს სტალინმა გააკეთაო”.

საუბარში ჩაერია მურატ ჯამაევი, მალოყარაჩაევსკის რაიკომის ყოფილი პირველი მდივანი:

- ჩვენ ვიყავით ყარაჩაიში და ვნახეთ, რომ ქლუხორის გარდა, ფაქტობრივად, ყველა რაიონი ცარიელია. შევხვდით იქ მცხოვრებ სვანებს და რუსებს, ისინი ჩვენს დაბრუნებას მიესალმებიან. ჩვენ მათთან ერთად ადრეც მშვიდობიანად ვცხოვრობდით და ახლაც ისე ვიცხო���რებთ. მთიან აულებში ამჟამად არავინაა, სახლები ნაწილობრივ დანგრეულია, ნაწილობრივ კი ბარდ-ეკალი აქვთ მორეული. თუ ისევ შუა აზიაში დავრჩებით, მაშინ ჩვენს ხალხს მოღალატის იარლიყი არ მოეხსნება. პარტიის მეოცე ყრილობის გადაწყვეტილების მიუხედავად, ადგილობრივი ორგანოები ჩვენ კვლავ ეჭვის თვალით გვიცქერიან, ამიტომაც ყარაჩაელები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში.

შეხვედრის დასასრულს ნიკიტა სერგის ძემ დაგვაიმედა და დაგვემშვიდობა...

1957 წლის 9 იანვარს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ჩეჩენი და ინგუში ხალხების რეაბილიტაცია და მათი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის აღდგენა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა შემდეგი დადგენილება მიიღო:

ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის აღდგენასთან დაკავშირებით, დაუბრუნდეს რსფსრ-ს ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ნაწილი, რომელიც შედგება ყოფილი ითუმ-ყალეს რაიონისაგან, აგრეთვე გალანჩეჟის, გალაშკის, შაროის, პრიგოროდისა და გიზელდონის რაიონების ნაწილებისაგან. ამის შესაბამისად, ჩაითვალოს აღდგენილად საქართველოსა და რუსეთის სფსრ-ის საზღვარი, რომელიც 1944 წლის 7 მარტამდე არსებობდა...

— სუიცსა, ფ.1165, აღწ.8, საქმე 1343.

ინგუში სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ძიაუდინ მალსაგოვის მემუარები, რომელიც რეპრესიების დაწყებისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმების დროს რესპუბლიკის იუსტიციის სახალხო კომისარი იყო, ხოლო რეპრესირებულების სამშობლოში დაბრუნების ჟამს - ავტონომიის აღდგენის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და რეპატრიანტების საკითხებში კომპარტიის ცეკას რწმუნებული იყო, წერდა:

1956 წლის 24 ნოემბერს პარტიის ცეკას პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება ჩეჩენი და ინგუში ხალხების ეროვნული ავტონომიის აღდგენის შესახებ. ამ მიზნით ჩამოყალიბდა საორგანიზაციო კომიტეტი გაირბეკოვის თავმჯდომარეობით... იმავე წლის დეკემბერში ჩვენ, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, მოსკოვში, ცეკას პრეზიდიუმში მიგვიწვიეს. როგორც იქ გვითხრეს, ჩვენი რესპუბლიკის აღდგენის მიზნით უკვე შექმნილა სახელმწიფო კომისია ანასტას მიქოიანის ხელმძღვანელობით, რომელშიც მალენკოვი, ვოროშილოვი, საბუროვი და კიდევ რამდენიმე წევრი შედიოდა. სწორედ ამ კომისიის სხდომაზე მივიღეთ მონაწილეობა... დაიწყო განხილვა, თუ რომელ ტერიტორიაზე უნდა აღდგენილიყო ჩეჩნეთ-ინგუშეთი. წარმოდგენილი ბარბაროსული გეგმის თანახმად, თითქმის ყველა ტერიტორია ისევ რჩებოდათ ჩრდილო ოსეთს, დაღესტანს და საქართველოს... ისე გამოდიოდა, რომ ჩვენ კვლავ მიწების გარეშე ვიქნებოდით და ამ ნარჩენებზე რესპუბლიკის შექმნა უაზრობად ჩანდა. განსაკუთრებით უარზე იყო ჩრდილო ოსეთის წარმომადგენელი აგკაცევი... კამათი საკმაოდ მწვავე იყო. მე სულ ვფიქრობდი – აი, ახლა ადგება აგკაცევი და იტყვის: “კარგი, მოვეშვათ ამ საკითხს, ჩვენ სხვისი მიწა არ გვინდა”. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. როცა მთიანი რაიონების კუთვნილების საკითხზე გადავედით, ვიდროვე და ანასტას მიქოიანს ვუთხარი: თქვენ კარგად იცნობთ ჩეჩნეთ-ინგუშეთს, რაღა დაგვრჩება, თუ ყველაფერს ისევ მეზობლებს დავუტოვებთ, განა ისინი დათანხმდებიან ამაზე? განა მათ არ შერცხვებათ ჩვენს სოფლებში იცხოვრონ და ჩვენი მიწის დოვლათით ისარგებლონ? მათ ხომ იციან, როგორი გზით მიიღეს ეს მიწები! სიტუაცია განმუხტა დაღესტნის ასსრ-ის წარმომადგენელმა დანიალოვმა: “მართლაც, ჩეჩნებსა და ინგუშებს არაფერი რჩებათ, ეს უსამართლობაა... ჩვენ უარს ვამბობთ მათ მიწებზე, გავიყვანთ ჩვენს ხალხს და დაე, იქ ჩვენმა ძმებმა იცხოვრონ...”. დანიალოვის შემდეგ გამოვიდა საქართველოს ცეკას მდივანი, რომლის გვარი, სამწუხაროდ აღარ მახსოვს. ისიც ისე მოიქცა, როგორც ნამდვილ მამაკაცსა და კავკასიელს შეჰფერის – უარი თქვა ინგუშებისა და ჩეჩნების მიწებზე. ორივემ მოუწოდა ჩრდილო ოსეთის წარმომადგენელს, რათა მასაც უარი ეთქვა პრიგოროდნის რაიონზე, მაგრამ აგკაცევი კვლავ მუხანათურად მოიქცა. მან შეარცხვინა კავკასიელთა ღირსება, მზაკვარი გამოდგა...

ახალხევის (ითუმ-ყალეს) რაიონი მდინარე არღუნის ხეობაში, მის შუაწელში მდებარეობდა. თვითონ რაიონული ცენტრი სოფელი ახალხევი ზღვის დონიდან 800 მეტრზე, საკმაოდ ფართო ქვაბულში იყო გაშენებული. მართალია, სოფლის ტერიტორია მაინც და მაინც დიდი არ იყო, მაგრამ ისტორიულად ის მდინარე არღუნის ვიწრო ხეობის შესასვლელ-გასასვლელს აკონტროლებდა. ახალხევი მდიდარი იყო არქიტექტურული ძეგლებით – კოშკებით, ციხე-სიმაგრეებით და სამარხებით. აქაა ციხე-სიმაგრე ევდოკიმოვსკაია – რუსეთის იმპერიის ფორპოსტი მთიანი ჩეჩნეთის სიღრმეში. ახალხევიდან შატილისაკენ მომავალ გზაზე, აულ ბეჩიკთან, მდებარეობს მელხესტი, ანუ “მზის ქვეყანა”. აქვეა სამარხთა კომპლექსი, რომელსაც გარდაცვლილთა ქალაქს – ცოი-პედეს უწოდებენ. კომპლექსი მე-16 – მე-18 საუკუნეებს განეკუთვნება. რა თქმა უნდა, ამ ახალ რაიონშიც ქართული ადმინისტრაცია ჩამოყალიბდა, დაიწყო სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ღონისძიებების გატარება. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ახალხევი (ითუმ-ყალე), ჯერ კიდევ ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებამდე, რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად სასოფლო-სამეურნეო რაიონს წარმოადგენდა, შედსაბამისად, გაფართოვდა სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურის, აგრეთვე კარტოფილის ნათესები, აშენდა მეცხოველეობის ფერმები, მოიმატა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ...

  • “ნეზავისიმაია გაზეტა”, 29.02.2000
  • “ფარი — საიმედო, მახვილი — ბასრი”, თბ., 1984

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]