შინაარსზე გადასვლა

ზურაბ ანტონოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანტონოვი, ზურაბ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანტონოვი (მრავალმნიშვნელოვანი).
ზურაბ ანტონოვი

ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი (დ. 21 თებერვალი [ძვ. სტ. 9 თებერვალი], 1820, გორი — გ. 21/25 დეკემბერი [ძვ. სტ. 9 დეკემბერი/13 დეკემბერი], 1854, თბილისი) — ქართველი დრამატურგი.

დაიბადა წვრილი ვაჭრის ოჯახში. მუშაობდა გორის მაზრის სამმართველოში, შემდეგ — მამისეულ სავაჭროში. 1851 წელს ჩაირიცხა გ. ერისთავის თეატრის დასში მსახიობად. იქვე დაიწყო პიესების წერა. მცირე ხნით (1854 წლის ნოემბერ-დეკემბერი) თეატრის ხელმძღვანელიც იყო. ჩვენამდე ანტონოვის შვიდმა პიესამ მოაღწია: „მე მინდა კნეინა გავხდე“ (1851), „განა ბიძიამ ცოლი შეირთო“ (1852), „მზის დაბნელება საქართველოში“ (დაიდგა 1853 წელს, დაიბეჭდა 1876 წელს), „ქმარი ხუთი ცოლისა“ (დაიდგა 1851 წელს, დაიბეჭდა 1852 წელს), „ქორწილი ხევსურთა“ (1852), „ქოროღლი“ (1853), „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“ (1854).

ანტონოვი აგრძელებს გ. ერისთავის რეალისტურ ტრადიციებს. მის შემოქმედებაში უკვე შეიმჩნევა დრამატურგიის ერთგვარი დემოკრატიზაციის ტენდენცია: თავად-აზნაურთა და ვაჭართა გვერდით მან სცენაზე გამოიყვანა გლეხობა, ქალაქის მოსახლეობის დაბალი ფენები — მეზურნეები, საზანდრები, „შარლატანები“. მანვე, ქართულ ლიტერატურაში პირველმა აქცია ქალაქის ქუჩა მხატვრული ასახვის ობიექტად. ამ რეალისტურ ფონზე ანტონოვი წარმოგვიდგენს XIX საუკუნის საქართველოს ქალაქისა და სოფლის ცხოვრების ცოცხალ, კოლორიტულ სურათებს, ასახავს „ძველი“ და „ახალი“ თაობების ბრძოლას, დასცინის უნიათო, ყალბ პატრიოტიზმს, ცხოვრებისაგან განდგომილ ლიტერატორებს. მოხდენილმა სცენებმა, სხარტმა რეპლიკებმა, ხალისიანმა ხალხურმა იუმორმა პიესათა ხანგრძლივი სცენური სიცოცხლე და პოპულარობა განაპირობა.

  • აბრამიშვილი ე., ზურაბ ანტონოვი, ბათ., 1958;
  • გამეზარდაშვილი დ., ნარკვევები ქართული რეალიზმის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1957;
  • ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 2, თბ., 1962;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]