ამალია ოლდენბურგელი
ამალია ოლდენბურგელი | |
---|---|
საბერძნეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 დეკემბერი, 1836 |
მმართ. დასასრული: | 23 ოქტომბერი, 1862 |
წინამორბედი: | სამეფო შეიქმნა |
მემკვიდრე: | ოლღა კონსტანტინოვნა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 დეკემბერი, 1818 |
დაბ. ადგილი: | ოლდენბურგი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 20 მაისი, 1875, (56 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბამბერგი, გერმანია |
დაკრძ. ადგილი: | მიუნხენი, ბავარია, გერმანია |
მეუღლე: | ოტონი, საბერძნეთის მეფე |
სრული სახელი: | ამალია მარია ფრედერიკა ფონ ოლდენბურგი |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | ავგუსტ I, ოლდენბურგის ჰერცოგი |
დედა: | ადელჰეიდ ანჰალტელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ამალია ოლდენბურგელი (გერმ. Amalie von Oldenburg, ბერძ. Αμαλία της Ελλάδας; დ. 21 დეკემბერი, 1818 — გ. 20 მაისი, 1875) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ოლდენბურგის ჰერცოგ ავგუსტ I-ისა და ადელჰეიდ ანჰალტელის ასული. საბერძნეთის პირველი დედოფალი 1836-62 წლებში როგორც ოტონ ბავარიელის მეუღლე.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამალია დაიბადა 1818 წლის 21 დეკემბერს ოლდენბურგში. იგი იყო ოლდენბურგის ჰერცოგ ავგუსტ I-ისა და მისი პირველი ცოლის, ადელჰეიდ ანჰალტელის პირველი შვილი. იგი ორი წლისაც არ იყო, როდესაც დედამისი, 1820 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი მშობიარობას გადაჰყვა, რის გამოც მამამისი მეორედ დაქორწინდა ამალიას დეიდაზე.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1836 წლის 22 დეკემბერს, ოლდენბურგში შედგა ამალიასა და საბერძნეთის მეფე ოტონის ქორწინება. ოტონი ბავარიის მეფე ლუდვიგ I-ისა და დედოფალ ტერეზა საქსენ-ჰაილდბურგაუზენელის მეორე ვაჟი იყო. მან საბერძნეთის ტახტი 1833 წელს დაიკავა და მემკვიდრის გასაჩენად მეუღლე სჭირდებოდა, ამიტომაც მან თავისი არჩევანი ამალიაზე შეაჩერა, რომელიც მთელ ევროპაში ულამაზეს პრინცესად ითვლებოდა.
საბერძნეთის დედოფალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტახტზე ასვლის პირველ წლებში, სილამაზითა და კეთილშობილური ხასიათით გამორჩეულმა დედოფალმა ამალიამ თავის მეტად გაჭირვებულ სამეფოში მოდისა და კულტურის აღორძინებას მიჰყო ხელი. იგი აქტიურად აკონტროლებდა ათენში ახალი ბაღებისა და ხეივნების გაშენებას. ამით და კიდევ თავისი საოცარი გარეგნობის წყალობით, მან ბერძნების გული მალევე მოიგო. მის პატივსაცემად, ბერძნებმა ელის რეგიონში ქალაქი ამალიადა დააარსეს, ხოლო ქალაქ მიგნესიაში მის პატივსაცემად მთავარ აკროპოლისს ამალიაპოლისი ეწოდა. ისტორიაში პირველად, დედოფალმა ამალიამ საბერძნეთში ნაძვის ხეები ჩაიტანა და გააშენა.
პოლიტიკური აქტივობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედოფალი ამალია პოლიტიკურად მეტად აქტიური პიროვნება აღმოჩნდა, რაც მეფე ოტონის ბავარიელ მრჩევლებს დიდად არ მოსწონდათ. სწორედ ამიტომ, იგი დიდი თავდასხმებისა და შეთქმულების მთავარი სამიზნე გახდა. ის ფაქტი, რომ ბავშვს ვერ აჩენდა, კიდევ უფრო უბიძგებდა მას პოლიტიკაში ჩართვისკენ. აღსანიშნავია, რომ იგი ლუთერანად რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ მართლმადიდებლური ქვეყნისა და სრულიად მართლმადიდებლური სამყაროს ცენტრის დედოფალი იყო. მისი სასახლის დიასახლისი, გრაფინია პლუსკოვი დიდ გავლენას ახდენდა სახელმწიფო მართვის საქმეებზე. განსაკუთრებით ავსტრიასთან დაკავშირებულმა დავამ, მეფესა და დედოფალს შორის დიდი განხეთქილება გამოიწვია. პლუსკოვი მათ დაშორებას ცდილობდა, რის გამოც საბოლოოდ ამალიამ იგი სამეფო კარიდან გააძევა.
მოდა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1837 წელს, საბერძნეთში დედოფლად ჩასვლისთანავე, მან დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის სოციალურ ცხოვრებასა და მოდაზე. მან გააცნობიერა, რომ ბერძნებს გერმანული კაბებით გამოწყობილი დედოფალი არ მოეწონებოდათ, ამიტომაც იგი ამალიამ ტრადიციული ბერძნული სამოსის ტარება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მისი ტანსაცმელები ნამდვილი ბერძნული კაბის დიზაინს აცდელინი იყო და მაინც ევროპულისაკენ იხრებოდა. ამ ინოვაციას, რომლითაც ბერძნულ-გერმანული სამოსები გაერთიანდა, დიდი აღიარება მოჰყვა საზოგადოებაში და დღემდე არ კარგავს პოპულარობას. ასეთ კაბას ამალიას კაბას უწოდებენ. მისი ს���ილის მიხედვით, კაბის ზედა ნაწილი ვიწრო და ტანზე მომდგარია, ბერძნული ორნამენტებითა და ვიწრო ბეწვის კანტებით, ქვედა ნაწილი კი მეტად გაშლილი და ფართოა. ზედა ნაწილი ძირითადად ბამბით, ან აბრეშუმით შეკერილ თეთრ პერანგზე შემოცმული მუქი, ძირითადად ხავერდის ნაქსოვი ჟილეტია გრძელი სახელურებით. როგორც წესი, მისი კაბების ზედა ნაწილი ყოველთვის მუქი და დატვირთული იყო, ქვედა კი ბაცი და უბრალო. სულ მალე, ასეთი კაბები ქრისტიანი ბერძენი ქალებისათვის ყოველდღიურ სამოსად იქცა. სულ მალე, მოდის ეს ტენდენცია გავრცელდა ოსმალების მიერ ოკუპირებულ ჩრდილოეთ ქრისტიანულ ბალკანეთის ხალხებშიც, ბელგრადამდე.
მკვლელობის მცდელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1861 წლის თებერვალში, უნივერსიტეტის სტუდენტმა, სახელად არისტეიდის დისიოსმა, წარუმატებლად სცადა დედოფალ ამალიას მოკვლა. სასამართლომ სტუდენტს სიკვდილი მიუსაჯა, თუმცა საქმეში დედოფალი ჩაერია, რომელმაც შეიწყალა იგი და მხოლოდ პატიმრობა მიუსაჯა. როგორც ცნობილია, მკვლელობის მცდელობისას, არისტეიდისი მას ომის გმირის სახელით გაეცნო და მოულოდნელად სცადა მისთვის დანის გაყრა, თუმცა დედოფალი მისმა მცველმა გადაარჩინა. როგორც შემდგომში არისტეიდისმა განაცხადა, მას სურდა „საბერძნეთის გაწმენდა უზურპატორი გერმანელებისაგან...“. დედოფლის სულგრძელობამ, ხალხში სამეფო წყვილს უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა.
დამხობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მკვლელობის მცდელობიდან ერთ წელიწადში, ათენში აჯანყებამ იფეთქა, რა დროსაც მეფე-დედოფალი პელოპონესში იყო წასული. მეფე ოტონს მხარი არავინ დაუჭირა, რის გამოც აჯანყებულებმა 1862 წლის 20 მაისს იგი ტახტიდან ჩამოაგდეს. სულ მალე ბერძნებმა თავიანთ მეფედ დანიის მეფე კრისტიან IX-ის ვაჟი აირჩიეს. ამის გამო, ოტონმა და ამალიამ სასწრაფოდ დატოვეს საბერძნეთი. მათ გაქცევაში დედოფალ ვიქტორიას ბრიტანული საბრძოლო ხომალდი დაეხმარა.
ისტორიკოსები დღემდე ვარაუდობენ, რომ ოტონს არ დაამხობდნენ, ამალიას რომ მემკვიდრე გაეჩინა. როგორც გაირკვა, აჯანყების მიზეზი სწორედ მემკვიდრის გადაუჭრელი პრობლემა გახდა. თუმცა, ისიც მართალია, რომლ 1843 წელს მიღებულ კონსტიტუციას ოტონი დაეთანხმა, რის მიხედვითაც მის შემდეგ ტახტი მის ძმებსა და ძმის შვილებზე უნდა გადასულიყო.
დევნილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავარიაში დასახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამხობილი სამეფო წყვილი ოტონის მშობლიურ ბავარიაში გაიქცა და იქ დასახლდა. ბავარიაში ამალია და ოტონი ხშირად სტუმრობდნენ სამეფო კარს. როგორც ცნობილია, ბავარიაში ცხოვრებისას, ისინი საღამოს 6-დან 8 საათამდე ბერძნულად ლაპარაკობდნენ, რათა არ დავიწყებოდათ. ამით ისინი საბერძნეთში გატარებულ ტკბილ წლებს იხსენებდნენ და იმედსაც იტოვებდნენ, რომ იქ კვლავ დაბრუნდებოდნენ.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოტონი 1867 წელს გარდაიცვალა. დაქვრივებულმა ამალიამ დატოვა მიუნხენის სამეფო კარი და ბამბერგში გადასახლდა, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები. იგი სწორედ აქ, 1875 წლის 20 მაისს გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში, უშვილოდ. ამალია დაკრძალეს მიუნხენში, მისი ქმრის გვერდით.
გარდაცვალების შემდეგ, ამალიას აუტოფსია ჩაუტარდა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ სამეფო წყვილის უშვილობის მიზეზი ის იყო.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტ��რება]- 21 დეკემბერი, 1818 - 20 მაისი, 1875: მისი სამეფო უდიდებულესობა ჰერცოგინია ამალია ოლდენბურგელი, პრინცესა ჰოლშტაინ-გოტორპისა;
- 22 დეკემბერი, 1836 - 23 ოქტომბერი, 1862: მისი უმაღლესობა საბერძნეთის დედოფალი;
- 23 ოქტომბერი, 1862 - 20 მაისი, 1875: მისი უმაღლესობა საბერძნეთის დედოფალი ამალია;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Irwin, Jason And Jen (2012-11-07). "When Life Doesn't Give You A Uterus...Make Lemonade: The Old Days". When Life Doesn't Give You A Uterus...Make Lemonade. Retrieved 2018-09-07.
- Marialé (2012-04-14). "ROKITANSKY SPACE: Amalia queen of Greece han MRKH". ROKITANSKY SPACE. Retrieved 2018-09-07.
- "HISTORY - Royal College of Physicians of Edinburgh" (PDF).
- Marysville Daily Appeal, Number 14, 17 January 1863
- "Archived copy". Archived from the original on 2016-10-10. Retrieved 2014-03-31. National Costume of Greece
- Brekis, Spyros, L Ph.D.; Ίστορια της Νεωτέρας Ελλάδος (History of Modern Greece) (in Greek) (2003)
- John Van der Kiste, Kings of the Hellenes (Sutton Publishing, 1994) ISBN 0-7509-2147-1
- Brekis, Spyros L. Ph.D.; Ιστορια της Νεωτερας Ελλαδος (History of Modern Greece) (in Greek) (coursebook in the 'History of Modern Greece' course of the University of Athens)
- Zaoussis, Alexander L.; Αμαλια και Οθων (Amalia and Othon) (in Greek) Okeanida, 2002. ISBN 960-410-254-0