შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ინაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე (სანდრო) იობის (იოველის) ძე ინაშვილი (დ. 23 აგვისტო, 1887, თბილისი — გ. 4 ივნისი, 1958, იქვე) — ქართველი საოპერო მომღერალი, ქართული ვოკალური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს (1941) და სსრკ სახალხო არტისტი (1950).

დაიბადა ღარიბი ხელოსნის ოჯახში. სწავლობდა ჯერ რკინიგზის სკოლაში, შემდეგ გიმნაზიაში. მუსიკის სიყვარული ოჯახიდან გამოჰყვა. ამან გავლენა იქონია ბავშვებზე — სანდროს ორი ძმაც პროფესიონალი მომღერლები გახდნენ: ერთი, გრიგოლ ვენაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო, ხოლო მეორე ანტონ ინოველი, ფილარმონიის მსახიობი. მათს პროფესიულ დაოსტატებას დიდად შეუწყო ხელი სანდრო კავსაძისა და ნიკო სულხანიშვილის გუნდებში მონაწილეობამ, რამაც სანდრო სამუსიკო სასწავლებელში მიიყვანა.

1909 წელს ს. ინაშვილი პირველად გამოვიდა საოპერო თეატრის სცენაზე, ასრულებდა მეორეხარისხოვან როლებს. შემდეგ სწავლობდა პროფესორ ევგენი რიადნოვის სტუდიაში, რომელიც 1916 წელს დაამთავრა. ამ დროისათვის მას უკვე შესრულებული ჰქონდა ტორეადორის („კარმენი“), რიგოლეტოს („რიგოლეტო“), ჟერმონის („ტრავიატა“), ფიგაროს („ფიგაროს ქორწინება“) და სხვა ურთულესი პარტიები.

1918–1919 წლების სეზონი მეტად ნაყოფიერი გამოდგა. ერთიმეორის მიყოლებით დაიდგა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, „აბესალომ და ეთერი“ და ქ„ეთო და კოტე“. მსახიობმა შესანიშნავად დაძლია აბდულ-არაბის, მურმანის პარტიები და მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი ქართულ საოპერო სცენაზე. 1923 წელს ა. სუმბათაშვილ-იუჟინისა და ვ. სარაჯიშვილის დახმარებით ორი წლით იტალიაში გაემგზავრა ვოკალური ხელოვნების დასახვეწად, სადაც გამოჩენილი იტალიელი მომღერლის, პროფესორ ჯირალდოს სტაჟიორია. პარალელურად მას შესთავაზეს გასტროლები, რომლებიც წარმატებით ჩაიარა იტალიასა და ესპანეთის საოპერო თეატრების სცენებზე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა მისი ხავერდოვანი ბარიტონი და რომ არა სამშობლოს სიყვარული, მას ელოდა დიდი ასპარეზი ევროპისა და ამერიკის სცენებზე.

საქართველოში დაბრუნებული მომღერალი წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. მოსკოვის დიდ თეატრში ბრწყინვალედ შეასრულა ონეგინისა და ტორეადორის პარტიები. 1932 წელს ს. ინაშვილი მთელი სეზონით მიიწვიეს ლენინგრადის მარინის საოპერო თეატრში, სადაც იმღერა ბარიტონის ყველა წამყვანი პარტია.

1933 წლიდან ის კვლავ თბილისშია. ამჯერად როგორც საოპერო თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი და სოლისტი. მან განახორციელა ისეთი რთული ოპერების დადგმა როგორიცაა ვერდის „აიდა“ და ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“. ამავე დროს ვოკალური ხელოვნებას ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში, სადაც აღზარდა ისეთი მომღერლები როგორებიც არიან: მ. ამირანაშვილი, თ ზაალიშვილი, პ. თომაძე, შ. კიკნაძე, ი. შუშანია და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — თამარ ბესარიონის ასული გვახარია (დ. 21 იანვარი, 1901, ქუთაისი — გ. 6 სექტემბერი, 1978, თბილისი).

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 185, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1941. №№1-3. გვ. 24.
  2. Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2022-03-16