ათანასე (ჩახვაშვილი)
მიტროპოლიტი ათანასე | |
---|---|
რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მიტროპოლიტი | |
მეუფე ათანასე | |
პროვინცია | ქვემო ქართლი |
ეპარქია | რუსთავისა და მარნეულის ეპარქია |
ეკლესია | ქართული მართლმადიდებლური ეკლესია |
ინთრონიზაცია | 1989 |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | ანზორ ჩახვაშვილი |
დაბადების თარიღი | 4 თებერვალი, 1936 |
დაბადების ადგილი | კარდანახი, გურჯაანი |
გარდაცვალების თარიღი | 9 აგვისტო, 2012 |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
მიტროპოლიტი ათანასე, სქიმმიტროპოლიტი ეფრემი (ერისკაცობაში ანზორ იორამის ძე ჩახვაშვილი; დ. 4 თებერვალი, 1936, კარდანახი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 9 აგვისტო, 2012) — რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მიტროპოლიტი 1996 წლიდან, 2009 წლამდე.
1953 წელს დაამთავრა სიღნაღის საშუალო სკოლა. მისი ბავშვობა დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს. 1953–1957 წლებში ანზორ ჩახვაშვილი შრომით საქმიანობას ეწეოდა კარდენახის კოლმეურნეობაში, 1957–1959 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1959–1962 წლებში სწავლობდა სიღნაღის ზოოვეტრინარულ ტექნიკუმში. 1963 წელს მცხეთაში უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც სულ მალე სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი რექტორი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი). 1965 წელს ანზორ ჩახვაშვილი ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1967 წელს და ამავე წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ დიაკვნად აკურთხა და სახელი ანდრია უწოდა. კურთხევის შემდეგ ანდრია სიონის საპატრიარქო ტაძარში განაწესეს. 1968 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის რომანოზის (პეტრიაშვილი) წერილობითი თხოვნის საფუძველზე გაიწვიეს ალავერდის ეპარქიაში. მეუფე რომანოზმა აკურთხა მღვდლად და განწესებულ იქნა ბოდბის წმიდა ნინოს ეკლესიაში მეორე მღვდლად. 1969–1970 წლებში მსახურობდა თელავის ღვთაების ეკლესიაში, ხოლო 1971–1979 წლებში გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო.
1978 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა წმიდა სინოდის სხდომა, სადაც ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსობის კანდიდატად წამოყენებულ იქნა სიონის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზი ანდრია ჩახვაშვილი. 15 დეკემბერს მამა ანდრია აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ათანასე, 17 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, 24 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხეს.
1986 წლიდან 1996 წლამდე ბოდბელი მთავარეპისკოპოსის წოდებას ატარებდა, ხოლო 1989 წელს მიტროპოლიტის ხარისხი მიანიჭეს. 1996 წლიდან 2009 წლამდე რუსთაველ მიტროპოლიტად იწოდებოდა. 2009 წლის 1 ნოემბრიდან კი მიტროპოლიტი ათანასე პენსიაზე იმყოფებოდა.[1] გარდაიცვალა 2012 წლის 9 აგვისტოს[2]
გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, მძიმე ავადმყოფი მიტროპოლიტი ათანასე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი სქემით შემოსა. აღკვეცისას მიტროპოლიტ ათანასეს სახელად ეფრემი ეწოდა, წოდება კი შემდეგნაირად შეიცვალა: სქიმმიტროპოლიტი ეფრემი.[3]