სათლეს ეკლესია
სათლე სათლელი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°09′09″N 42°12′06″E / 41.1525° ჩ. გ. 42.2016° ა. გ. |
ქვეყანა | თურქეთი |
პროვინცია | ართვინი |
მუნიციპალიტეტი | შავშათი |
ადგილმდებარეობა | სოფ. სათლე. |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკა |
თარიღდება | ~IX-X სკ. |
სათლეს ანუ სათლელის ეკლესია — ძველი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი თურქეთში, ართვინის პროვინციაში, შავშათის რაიონში, ისტორიულ მხარე შავშეთში, სოფელ სათლეს (ამჟამად ქალაქ შავშათის გარეუბანი) კიდეზე. დგას სოფლის ძველ სასაფლაოზე დგას. მას ერთხანს ჯამესთვის იყენებდნენ და, ალბათ, ამან იხსნა განადგურებისაგან. ახლა შენობა უპატრონოდ არის მიტოვებული, მაგრამ მოსახლეობა მაინც გარკვეული მოკრძალებით ეპყრობა და არ აზიანებს. ნაგებობამ თითქმის სრულად შეინარჩუნა კედლის პირითი წყობა.
სათლეს ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფით კი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას ეკუთვნის.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სათლელის ეკლესია რთული აგებულების მოზრდილი შენობაა. ის შედგება ხუთი - ორი დიდი და სამი პატარა - გრძივი ნავისა და მეორე სართულის სათავსისაგან. ყველაფერი გარედან საერთო ორფერდა სახურავით არის გადახურული. ნაგებობა რამდენიმე სამშენებლო ფენას შეიცავს. მის უძველეს ნაწილს წარმოადგენს სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც დღევანდელი ნაგებობის ფართო კორპუსის ჩრდილოეთ ნახევარს მოიცავს. ეს ნაწილი ყველაზე ცუდად არის შემონახული - ჩანგრეულია ბაზილიკის შუა და ჩრდილოეთ ნავების კამარებ�� და ჩრდილოეთ მხარის ბურჯები ზედ გადაყვანილი თაღებითურთ. როგორც ჩანს, ეკლესიის ჯამედ გადაკეთებისას აქ დაზიანება უფრო დიდი იყო, ვინაიდან ბაზილიკის შუა და ჩრდილოეთ ნავები ჯამეში არც ჩაურთავთ - უკეთ შემონახული სამხრეთის ნავი და მოგვიანო ორნავიანი მინაშენი მათგან კედლით გატიხრეს, ბაზილიკის ჩანგრეულ ნაწილს კი ხის სახურავი გაუკეთეს და წინკარის ფუნქცია დააკისრეს.
თავდაპირველი ბაზილიკის კედლები შიგნითაც და გარეთაც ამოყვანილია უხეშად დამუშავებული თანაბარზომიერი ქვებით. ისინი სწორ ჰორიზონტალურ რიგებად ლაგდება, მაგრამ ერთმანეთს მჭიდროდ არ ერგება, ქვებს შრის რჩება დიდი ღრიჭოები, რომლებიც კენჭებითა და კირის ხსნარით არის ამოვსებული. ასევეა გამოყვანილი აფსიდის კონქიც. ზოგიერთი ნაწილისათვის (თაღები, იმპოსტები, ღიობთაწირთხლები, ბურჯების კუთხეები) სუფთად თლილი ქვა უხმარიათ.
ბაზილიკა დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე მცირეოდენ არის წაგრძელებული. მას ჰქონდა ორი წყვილი ბურჯი (შემორჩა ორი ცალი სამხრეთ მხარეს, ისინი ახლა თურქების მიერ ჩაშენებულ კედელში სხედან). ბურჯები გეგმით მართკუთხაა, მსხვილი და მასიური. მათზე გადადის ფართო თაღები. გვერდითი ნავები ძალიან ვიწროა — 1,0-1,1 მეტრის სიგანისა. აღმოსავლეთ ბოლოში მათ აფსიდები არ გააჩნიათ. ჩრდილოეთის ნავს ჩრდილოეთ კედელში სამი სარკმელი აქვს. ანალოგიური სურათი იქნებოდა, ალბათ, სამხრეთითაც (სამხრეთის კედელი მთლიანად აიღეს ჯამედ გადაკეთებისას). შუა ნავის გრძივ კედლებ��ი, გვერდითი ნავების სახურავების ზემოთ, სარკმელი საერთოდ არ არის. ზედა განათების ნაკლებობას შუა სივრცეში შესაძლოა ნაწილობრივ მაინც ანაზღაურებდა საკურთხევლის დიდი სარკმელი (მისი სიგანე შიგნით 124 სმ-ია, ფასადზე - 45 სმ). ბაზილიკას შესასვლელები აქვს ჩრდილოეთიდან (ამჟამად მოქმედი) და დასავლეთიდან (ამოქოლეს თურქებმა). კიდევ ერთი კარი, ალბათ, იქნებოდა სამხრეთის კედელში.
იმპოსტები და კაპიტელები ეკლესიის ინტერიერში მარტივად არის დამუშავებული. პროფილი ყველგან ერთია - ზემოთ თარო, ქვემოთ ცერობი, ვარირებს მხოლოდ მათი სიმაღლეთა შეფარდება. ფასადები სრულიად სადაა, არავითარი დეკორაციული ელემენტები არ გააჩნიათ. ეს თვისება მკაფიოდ მიგვანიშნებს IX საუკუნეზე. მეორე მხრივ, აფსიდის უზარმაზარი სარკმელი და ინტერიერის სუფთად პროფილირებული ელემენტები თარიღს უფრო X საუკუნისკენ წევს. ამ ნიშნების გათვალისწინებით სათლეს ბაზილიკა IX-X საუკუნეთა მიჯნით უნდა დათარიღდეს. ზოგადი კომპოზიციითა და გეგმის პროპორციებით ის ახლოს დგას კლარჯეთის ბაზილიკებთან - პარეხთან და სვეტთან, აგრეთვე ორნავიან ნუკა-საყდართან.
ბაზილიკის აგებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ არსებულ შენობას სამხრეთიდან კიდევ ორი - დიდი და პატარა ნავი მიადგეს, რის შემდეგაც მან უჩვეული ასიმეტრიული სახე მიიღო. ახალი ნაწილის საფასადო წყობა ნაკლებ ხარისხიანია, ვიდრე ძველისა. სხვადასხვა ზომის ცუდად დამუშავებული ქვები არათანაბარ, არეულ რიგებად არის დალაგებული. შიდა წყობა უკეთესია (აქა-იქ ჩანს თურქების მიერ ჩატარებული რემონტის დროინდელი შელესილობის ქვეშ). კამარები ნატეხქვანარევი დუღაბითაა დასხმული ქარგილებზე. ბურჯები და თაღები თლილი ქვით არის გამოყვანილი.
ნავები ახალ ნაწილშიც ორი ბურჯითაა გაყოფილი. ბურჯები მართკუთხა გეგმისაა, აქვთ სხვადასხვანაირი კაპიტელები. ორივე ნავის კამარებს ორ-ორი საბჯენი თაღი აქვთ ბურჯების ღერძებზე. დიდ ნავში ისინი ორსაფეხუროვანია და ეყრდნობა ბრტყელ პილასტრებს, რომლებიც სამხრეთ მხარეს იატაკამდე ჩამოდის, ხოლო ჩრდილოეთით (ე.ი. მცირე ნავის მხარეს) წაკვეთილია და შედგმულია ბურჯებს ზემოთ ჩასმულ კრონშტეინებზე. პილასტრების კაპიტელები ახლა გადალესილია, მაგრამ ჩანს, რომ პროფილი თაროსა და მის ქვემოთ გამოყვანილი ¾ წრიული ლილვისაგან შედგება. დიდ ნავს სამი სარკმელი აქვს, თითო-თითო აფსიდში და სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში, მცირე ნავს - ერთი, აღმოსავლეთის კედელში (აფსიდი აქ არ არის). თვალშისაცემია ყველა სარკმლის უჩვეულო სიპატარავე.
აღმოსავლეთ ფასადზე დიდი ნავის აფსიდის სარკმელს მძლავრი რელიეფური თავსართი აქვს, რომელიც მის ზემოთ ფართო ნახევარწრეს შემოწერს და ქუსლებთან ძალიან მოკლე გადანაკეცებს იკეთებს. თავსართსა და სარკმელს შორის გამოკვეთილია მედალიონში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი. დასავლეთის სარკმლის ასეთსავე დიდ თავსართს გადანაკეცები საერთოდ არ გააჩნია. მის ქვეშ სამი ჯვრის კომპოზიციაა. ეს ჯვრები უფრო სქემატურად და ზედაპირულად არის ნაკვეთი, ვიდრე აღმოსავლეთ ფასადისა. სამხრეთ ფასადზე თავსართები აქვს კარსაც (ესაა ორნავიანი მინაშენის ერთადერთი გარე შემოსასვლელი, ახლა ამოქოლილია) და სარკმელსაც. კარის თავსართი ზღუდარის უზარმაზარი ქვის ზემოთაა გაკეთებული, კარისგან ერთგვარად მოწყვეტილად. ზღუდარის ქვის შუაგულში ორი ღარისაგან შემდგარი ჩარჩოთი მოფარგლულია მართკუთხა არე, რომელშიც ბუნდოვნად განირჩევა ორი ჯვრის მოხაზულობა (გამოსახულება გადაფხეკილია). ოთხივე თავსართი თაროს მარტივი პროფილისაა, გლუვია, უჩუქურთმო. მათი ფორმა ტაო-კლარჯეთის X საუკუნის I ნახევრის არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი (ხანძთა, სვეტი). 950-იანი წლების მერე თავსართის პროფილი რთულდება, ხოლო ზედაპირი ჩუქურთმით იფარება (დოლისყანა, ტბეთის მრავალმკლავიანი და ჯვარგუმბათოვანი ეკლესიები, ოშკი, ოთხთა ეკლესია). ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ სათლეს ეკლესიის მინაშენის ხუროთმოძღვარი საშუალო დონის ოსტატია, ე.წ. ხელოსნური მიმართულების წარმომადგენელი, რომელიც თავის შემოქმედებაში ალბათ არ ასახავს ეპოქის არქიტექტურული აზროვნების უახლეს ტენდენციებს. ამდენად, მინაშენი შეიძლება X საუკუნის შუახანაებით დათარიღდეს.
მოგვიანებით სათლეს ეკლესიაზე კიდევ ერთი მშენებლობა ჩატარდა. ორ დიდ ნავს შორის, თავდაპირველი ბაზილიკის სამხრეთის ნავისა და ახალი კორპუსის მცირე (ჩრდილოეთის) ნავის თავზე ჩაშენდა მეორე სართულის სათავსი, რის შედეგადაც შენობა ერთ მასივად შეიკრა. სათავსი გეგმით მართკუთხაა, გადახურულია ცილინდრული კამარით. მის აღმოსავლეთ კედელში არის უსისტემოდ განლაგებული ხუთი ვიწრო სარკმელი (ამათგან სამი ამოუქოლავთ) და ერთი დიდი (113X61სმ ზომის) მართკუთხა ღიობი, დასავლეთისაში - ორი სარკმელი და ასეთივე ღიობი. საფიქრელია, რომ მეორე სართულის სათავსი საცხოვრებელს წარმოადგენდა და მასში ამ ღიობებიდან ხვდებოდნენ მისადგმელი კიბის მეშვეობით. ეკლესიის ჯამედ გადაკეთებისას ოთახს მინბარის ფუნქცია დააკისრეს და ორი დიდი ფანჯრითა და ერთი კარით გახსნეს სამხრეთის დიდი ნავისაკენ. ჩაშენებული სათავსის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით, მაგრამ წყობა უხეიროა. ქვები სწორი მართკუთხა მოყვანილობისა არ არის, რიგები ზოგან ირევა. აღმოსავლეთ ფასადზე სამ სარკმელს პატარა წარბისებრი თავსართები ამკობს. საფიქრელია, რომ მეორე სართულის ჩაშენება სათლელის ეკლესიაში XIV-XV საუკუნეებში უნდა მომხდარიყო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სათლელის (სათლეს) ეკლესია // Dzeglebi.ge დაარქივებული 2017-01-28 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დ. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, არტანუჯი, 2005