ფირდოუსი, ჰაქიმ აბუ ლ–ყასემ ტუსი (სპარს. حکیم ابوالقاسم فردوسی توسی; დ. 935/940, სოფ. ბაჟი, ქ. ტაბარანის მახლობლად, ტუსის ოლქი, ხორასანი — გ. 1020–1030, იქვე) — სპარსელი პოეტი. სპარსული პოეზიის უდიდესი წარმომადგენელი. ირანული ეროვნული ეპოსის „შაჰნამეს“ ავტორი.

ფირდოუსი
სპარს. فِر��ُوسی
დაბადების თარიღი 940[1]
დაბადების ადგილი ტუსი, სამანიდების სახელმწიფო
გარდაცვალების თარიღი 1020[1] [2]
გარდაცვალების ადგილი ტუსი, ღაზნევიდების სახელმწიფო
დასაფლავებულია ტუსი
საქმიანობა პოეტი[3] და მწერალი[2]
ენა სპარსული ენა
მოქალაქეობა სამანიდების სახელმწიფო
ღაზნევიდების სახელმწიფო
Magnum opus შაჰნამე

ბიოგრაფია და შემოქმედება

რედაქტირება

მისი ნამდვილი სახელი ამოუცნობია, „ფირდოუსი“ კი ნიშნავს „სამოთხელს“, ჰაქიმი – ბრძენს, აბუ ლ–ყასემ (მამა ყასემისა) საპატიო ტიტულია (ლაყაბი), ტუსი – წარმომავლობას აღნიშნავს (ტუსელი). წარმოშობით დეჰყანთა (მიწისმფლობელთა საშუალო ფენა) წრიდან იყო. მიიღო ბრწყინვალე განათლება. მოღვაწეობა დაიწყო სამანიდთა კარზე. ადრევე დაინტერესდა ძვ. ისტორიულ–ლიტერატურული ლეგენდებით, რომელთა ვრცელი პროზაული კრებულები ფალაურ, არაბულ და ახლანდელ სპარსულ ენებზე პოპულარული იყო მის დროს, იგულისხმება „ხვატაინამაკი და ხოდაინამე“. განსაკუთრებით გამოირჩეოდა აბუ–მანსურისეული პროზაული „შაჰნამე“, რომლის გალექსვა წამოიწყო იმ დროს ახალგაზრდა პოეტმა დაყიყიმ. მისი სიკვდილის შემდეგ ფირდოუსიმ გააგრძელა „შაჰნამეს“ გალექსვა და თითქმის 30 წელი მოანდომა თავისი შედევრის შექმნას მაგრამ X ს. მიწურულს პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. სამანიდთა დინასტია დაამხო თურქული მოდგმის სულთანმა მაჰმუდ ღაზნევიმ (998–1030). პოეტს ადრესატი და დამკვეთი მოეშალა, უამისოდ კი ვერც ავტორი მიიღებდა გასამრჯელოს და ვერც თხზულება მოიპოვებდა ოფიციალურ აღიარებას. პოემის ტექსტიდან ირკვევა, რა მძიმე დღეები გადაიტანა ფირდოუსიმ როგორც პირად ცხოვრებაში (შვილის გარდაცვალება, სიღარიბე, დასნეულება), ისე შემოქმედებით ასპარეზზე (არეულობის წლებში იგი იძულებული იყო დაემალა თავისი თხზულება). მაჰმუდის ძლევამოსილი აღზევების შემდეგ ფირდოუსის სხვა გზა არ ჰქონდა, ხელი მიჰყო პოემის მეორე რედაქციის შექმნას. მისი პოემის სხვადასხვა ადგილას გაჩნდა მაჰმუდის საქებარი სტრიქონები, მაგრამ ამ ხერხმა საქმეს ვერ უშველა. კონფლიქტი სულთანსა და პოეტს შორის საფუძვლად დაედო მრავალ ლეგენდას. ფირდოუსი გადაიხვეწა, სულთანი კი ერთობ გვიან დარწმუნდა „შაჰნამეს“ მაღალმხატვრულ ღირსებებში. გადმოცემების მიხედვით, ფირდოუსის უცხოეთში ხეტიალის დროს დაუწერია „სატირა სულთან მაჰმუდზე“. დღეს უკვე გარკვეულია, რომ ეს 100–ბეითიანი თხზულება მოგვიანებით არის შედგენილი ძირითადად „შაჰნამედან“ აღებული სხვადასხვა ციტატისაგან. უადრესი ცნობა ფირდოუსის შესახებ და 6 ბეითი დაუცავს ნიზამი არუზი სამარყანდს (XII ს.). ფირდოუსის მიეწერება აგრეთვე რამდენიმე ლირიკული ლექსი და პოემა „იოსებ და ზელიხა“, რომელიც თითქოს სიბერეში შეუთხზავს. პოემის შესავალში დაგმობილია როსტომისა და სხვა გმირთა ცრუ ზღაპრები და უპირატესობა ეძლევა ყურანით ნებადართულ იოსებ მშვენიერის ჭეშმარიტ ამბავს. ფაქტობრივად ეს არის იოსებისა და ზელიხას სამიჯნურომსიუჟეტის ჩვენამდე მოღწეული პირველი პოეტური დამუშავება საკმაოდ მაღალ მხატვრულ დონეზე. მაგრამ მკვლევართა დიდი ნაწილი უარყოფს ფირდოუსის ავტორობას. ამრიგად, ერთადერთი თხზულება, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ფირდოუსის, არის მსოფლიო მასშტაბით უნიკალური ეპიკური ნაწარმოები „შაჰნამე“ („მეფეთა წიგნი“ ან „წიგნი მეფეთა შესახებ“).

 
სცენა შაჰნამედან, ტუსი, ირანი

„შაჰნამე“ შედგება დაახლოებით 50000 ბეითისაგან (100 000 სტრიქონი). დაწერილია მესნევის (წყვილად გარითმული ტაეპები) სალექსო ფორმით, მოთეყარების საზომით, ზოგადად მთელი მასალა მითოლოგიურ, საგმირო და ისტორიულ ნაწილებად იყოფა. უფრო კონკრეტულია სამეფო დინასტიების გამოყოფა (სულ 50) და სიუჟეტის გაშლა მეფეთა ქრონოლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით. პოემა იწყება ვრცელი შესავლით. მითოლოგიურ ნაწილში აღწერილია პირველი მეფეების: ქაიუმარსის, ჰუშანგის, თაჰმურასის, ჯამშიდის თანადროული ამბები, რომელთა შორის აღსანიშნავია ბოროტი ზოჰაქის წინააღმდეგ მჭედელი ქავეს აჯანყება და ფერიდუნის გამეფება. ამ დროიდან იწყება მრავალწლიანი ომი ირანსა და თურანს შორის, ხოლო მანუჩეჰრის მეფობას დაემთხვა საგმირო ეპოსის სახელოვან გმირთა გამოჩენა. კერძოდ, აქ იწყება ისტორია იმ ოჯახისა, რომელმაც შვა ირანის ხალხთა უსაყვარლესი გმირი – როსტომი. მას წინ უძღვის ზაალისა და რუდაბეს რომანული ისტორია. ამავე ნაწილშია მოთხრობილი მსოფლიო მწერლობაში გავრცელებული მოტივის (მამა–შვილის შერკინება) ამსახველი თავგადასავალი როსტომისა და მისი ძის სოჰრაბის (ზურაბი). ქეიქავუსის მეფობასვე დაემთხვა მეორე ტრაგიკული ისტორია – უდანაშაულო სიავუშის მკვლელობა. ქეი–ხოსროვის მეფობის თანადროულია ბეჟანისა და მანიჟეს სამიჯნურო თავგადასავალი. ისტორიული ნაწილი იწყება მეფე გოშთასფის დროს ირანში ზარდაშთის გამოჩენით და ზოროასტრიზმის გავრცელებით. საგმირო ეპოსის დასასრულის გამოძახილად ჟღერს როსტომისა და ისფანდიარის შეტაკება, შემდეგ კი როსტომის ღალატით მოკვლა. ძირითადად ამ მესამე ნაწილშია წარმოდგენილი სასანელ მეფეთა ქრონიკა არაბთა შემოსევამდე. ამრიგად, „შაჰნამეში“ საოცარი სიზუსტითა და მაღალმხატვრულობით აისახა ძველი ირანის ისტორია და ყოფა. პოემას მკაფიოდ ატყვია ხანგრძლივი ფიქრისა და დაუღალავი შემოქმედებითი შრომის კვალი.

შესაძლებელია ფირდოუსი ჯერ ცალკეულ დასთანებს (ციკლებს) თხზავდა და შემდეგ აერთიანებდა ამ ნაწილებს. თითქმის ყოველ დიდ მონაკვეთს აქვს თავისი შინაგანი კომპოზიცია (შესავალი, ამბის განვითარება, დასკვნა). მთელი პოემა გაჟღენთილია სამშობლოს თავდადებული სიყვარულით, ჰუმანიზმით, მიუხედავად ყოველ ნაბიჯზე ბრძოლების აღწერისა, არსად არ არის ომის ქება. სისხლის მოსურნე ყოველთვის უარყოფითადაადახასიათებული. პოემაში უხვადაა ჩაქსოვილი ბრძნული გამონათქვამები, შეგონებები, აფორიზმები. იგი გამოირჩევა მდიდარი და ორიგინალური პოეტური ხერხებით, იშვიათი მუსიკალურობით. დიდია „შაჰნამეს“ როლი სპარსულ და საერთოდ აღმოსავლური მწერლობის განვითარების ისტორიაში. მისი უშუალო გავლენით შეიქმნა მრავალი მიბაძვა–გაგრძელება, რომელთა ნაწილი თვით პოემის ტექსტს დაერთო, ნაწილი კი დამოუკიდებელი თხზულებების სახით არსებობდა (ასადი ტუსის „გერშასფნამე“, „ბარზუნამე“, „ბაჰმანნამე“, „საამნამე“ და სხვა). მოგვიანებით შეიქმნა „შაჰნამეს“ პროზაული ვერსიები. ყველაზე ადრინდელია ბუნდარის არაბული თარგმანი (XIII ს.). XIV ს. იგი ითარგმნა თურქულად, ხოლო XVI-XVIII სს–ში გაჩნდა „შაჰნამეს“ ქართული ვერსიები. ქართველები ადრინდანვე იცნობდნენ ფირდოუსის თხზულებას, მაგრამ ძველ თარგმანებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ე. წ. აღორძინების ეპოქაში შეიქმნა როგორც პოეტური („როსტომიანი“, „ზააქიანი“, „უთრუთიან–საამიანი“), ისე პროზაული („ფრიდონიანი“, „უთრუთიან–საამიანი“, „წიგნი საამ ფალავნისა“) ვერსიები.

1970 წელს დაიწყო და დღემდე „შაჰნამეს“ თარგმნის პოეტი ბელა შალვაშვილი. მის მიერ ნათარგმნია პოემის შესავალი, ქეიუმარსი, უშანგი, თაჰმურასი, ჯემშიდი, ზოჰაქი, ფრიდონი, მანუჩარი, ნოვზარი, ზოვი-თაჰმასფის ძე, გერშასფი, ქეიყობადი, ქეიქაუსი, ზურაბი, იაუში, ქეიხოსროვი, ფორუდი, ქამუს ქაშანელი, აქვან-დევის ამბავი, თორმეტი ორთაბრძოლის ამბავი, ქეიხოსროვისა და აფრასიაბის დიდი ომი, მეფე ლოჰრასბი, გოშთასბი, ესფანდიარის შვიდი გმირობა, როსტომისა და ესფანდიარის ბრძოლა, ანუ შირვანი, ხოსროვ ფარვიზის მეფობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება