მარტინე ტურელი
მარტინე ტურელი (ლათ. Martinus, დ. 317 ან 337 პანონია — გ. 11 ნოემბერი 397, ტუ���ი, საფრანგეთი) — კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 12 ოქტომბერი, ახალი სტილით — 25 ოქტომბერი.
ცხოვრება
რედაქტირებაწმინდა მარტინე მოწყალე, ტურელი ეპისკოპოსი პანონიის ქალაქ საბერიაში დაიბადა. ბერად აღკვეცამდე იგი მხედართუფროსად მსახურობდა იმპერატორ იულიან განდგომილის (361-363) ლაშქარში. როცა იმპერიას ბარბაროსები დაესხნენ თავს, იგი თავისი რაზმით ქალაქიდან გავიდა მათთან საბრძოლველად; გზად გლახაკს გადაეყარა, შეებრალა და საკუთარი სამოსელი უბოძა. ღამით მარტინეს უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და მტერზე გამარჯვება აღუთქვა.
იმპერატორი ზეიმით შეხვდა გამარჯვებულს და შესთავაზა, სამადლობელი მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. მარტინემ კი მიუგო: მე მსურს მსხვერპლი შევწირო ქრისტეს, ვისი მეოხებითაც გავიმარჯვე, და ბერად შევდგეო.
წმინდა მამა მძიმე მონაზვნურ ღვაწლს შეუდგა და რამდენიმე წლის შემდეგ პუატიედან რვა ვერსის დაშორებით დააარსა ლიგუჟეს სავანე, რომელიც მალე საფრანგეთის ბერმონაზვნობის კერა შეიქნა. წმინდა ცხოვრებისათვის მარტინე საკუთარი ნების წინააღმდეგ ტურის (საფრანგეთში) ეპისკოპოსად აკურთხეს. ნეტარი მღვდელმთავარი სიმდაბლის, მოთმინების და სიმშვიდის მაგალითს აძლევდა ყველას. მან ერთი მივარდნილი და უკაცრიელი ადგილი აირჩია სამოღვაწეოდ, სადაც დააარსა სავანე (შემდგომში სახელგანთქმული მამურტიეს მონასტერი). იგი მიმოდიოდა მეზობელ ქვეყნებში, ქადაგებდა მართლმადიდებლობას და თავის სწავლებას სასწაულებით განამტკიცებდა. ყოველივე ამასთან ერთად ნეტარი მამა საოცრად გულმოწყალეც იყო. სიყვარულისა და ქველმოქმედებისთვის უწოდეს მას „მოწყალე“. საკვირველთქმედებისა და წინასწარმეტყველების ნიჭმომადლებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა 397 წელს, ოთხმოცი წლის ასაკში. საკუთარი მიცვალების დღე მან წინასწარ განჭვრიტა. ღირსი მამის ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულა.
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.