ზედაზნის მონასტერი

ზედაზნის მონასტერი — ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამოს ქედზე. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ზედაზნის მონასტერი
ზედაზნის მონასტერი — საქართველო
ზედაზნის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°52′16″ ჩ. გ. 44°45′55″ ა. გ. / 41.8713306° ჩ. გ. 44.7654750° ა. გ. / 41.8713306; 44.7654750
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
თარიღდება VI–VIII საუკუნეები

535 წელს სირიიდან იბერიაში ჩამოსული ასურელი მამების წინამძღვარმა წმ. იოანემ მოილოცა მცხეთა და დასამკვიდრებლად შეარჩია ზედაზნის მთა, სადაც არსებობდა გაუქმებული წარმართული საკერპო ადგილი ზადენისა. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანემ თავისი მოწაფეები სამოღვაწეოდ გაგზავნა ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფე თათესთან (თადეოსი) და ელია დაიკონთან ერთად დარჩა ზედაზენზე. იოანეს ტაძარი არ აუშენებია, მხოლოდ ერთი გამოქვაბული მოაწყო სამლოცველოდ და მცირე სადგომები ააგო. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. იოანე დაკრძალეს მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში, მისი დაკრძალვის შემდეგ კი დაიწყო ტაძრის მშენებლობა. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათოლიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდეგ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს - სადიაკვნე, მისაელის მიერ - „აკლდამასა თანა“ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს „ეკლესია განადიდა“, სამოელმა „მარანი ქვითკირითა ქმნა“ და სხვ.

ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს „წარუღო ციხე ზედაზენი“ და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა.

1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგენიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1705 წელს აქ სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა. XVIII საუკუნეში აიგო სამრეკლო (კარიბჭეზე დაშენდა) და ბერის საცხოვრებელი სენაკი. ამავე საუკუნეში ეკლესია განაახლა კათოლიკოსმა დომენტიმ. XIX საუკუნეში, 1889 წელს ეკლესია შეკეთდა გორის (შემდგომში გურია-სამეგრელოს) ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის წინამძღვრობის დროს მის მიერ და კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ეკლესია გადახურეს „რკინის სახურავით“, დასავლეთ კედელში გაჭრეს შესასვლელი, მოაწყვეს გასასვლელი საკურთხევლიდან სამკვეთლოში და სხვა.

1915-1922 წლებში მონასტერი გაპარტახდა. 1926-27 წლებში ეკლესიის X-XI საუკუნეების კანკელის ფრაგმენტები გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ააწყო ა. ოლინკევიჩმა (ინახება ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). საბჭოთა პერიოდში 1938 და 1970-71 წლებში მონასტერს ჩაუტარდა გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები.

არქიტექტურა

რედაქტირება

სამონასტრო ნაგებობათაგან დღეისათვის შემორჩენილია ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა, კარიბჭე-სამრეკლო, გალავანი და ციხის სხვა ნაშთები. გეგმით კვადრატული ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანაა (დასავლეთი შესასვლელი გვიანდელია). სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები მთავარ ნავს აგურის თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. ჩრდილოეთი ნავის აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია VI-VII საუკუნეების მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია, რომლის გეგმით სწორკუთხა აფსიდა გადახურილია კონუსურ ტრომპებზე დაყრდნობილი ნალისებრი კონქრით. საკურთხეველი აქ ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. იოანე ზედაზნელის ქვის კუბო (იგი XVII საუკუნეში უნდა იყოს გაკეთებული), "პატიოსანი ლუსკუმა", ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი.

ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ნაწილში წყლის აუზია. სამხრეთ ნავი ორი ნაწილისაგან შედგება, ეკლესიაში შესასვლელი მთავარი ნავიდანაა (ადრე კი დასავლეთიდან იყო). ძეგლი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, ნაწილობრივ აგურით. გვხვდება შირიმის ქვაც. ფასადები მარტივად და სადად არის გადაწყვეტილი, სარკმლები განლაგებულია ასიმეტრულად. მთავარი ნავის სარკმელი მორთულია "განედლებული" ჯვრის რელიეფით.ფასადზე ჯვრის მარტივი გამოსახულებაა.

ეკლესიას სამხრეთიდან თლილი ქვით მოპირკეთებული XVIII საუკუნის კვადრატული კარიბჭე ეკვრის. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარიბჭეზე აგურით ნაგები, ოთხმხრივ თაღოვანი სარკმლებით გახსნილი სამრეკლოს რვაწახნაგა ფანჩატური დგას.

ციხე-გალავანი ძირითადად XVII საუკუნით თარიღდება (ზოგიერთი ნაწილი განვითარებულ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება). ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია თლილი კვადრები და აგურიც. ამჟამად ძლიერ დაზიანებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანდღულაძე ნ., მენაბდე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 495.
  • რაქვიაშვილი, ხ. „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, გვ. 10-14 თბილისი, 2015,
  • მერკვილაძე, დ. „ზედაზნის მონასტრის დაარსების ისტორიის და მისი სახელწოდების შესახებ“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები IX ტ. გვ. 68-76 — თბილისი, „უნივერსალი“, 2008

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5088