ალექსანდრე ჯავახიშვილი
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი (დ. 17 აგვისტო, 1875 ― გ. 22 იანვარი, 1973) — ქართველი გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1920), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944).[2] საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1956), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე (1924–40), პრეზიდენტი (1940–70), საპატიო პრეზიდენტი (1970 წლიდან). კითხულობდა ლექციებს საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტსა (1918–21) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1920–73), ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1936–38), გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1943–49), ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუში (1933–36) და ბაქოს პედაგოგიურ ინსტიტუტში (1934–36). ალექსანდრე ჯავახიშვილი იყო საქართველოს ცენტრალური პედაგოგიური მუზეუმის (1918–22), საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტის (1926–32), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული გეოგრაფიის ინსტიტუტის (1933–38), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის (1945–62) დირექტორი. მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტი (1926, იარსება 1933 წლამდე), გეოგრაფიის ინსტიტუტი (1933), ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი (1945), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება (1924).[3]
ალექსანდრე ჯავახიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 (17) აგვისტო, 1875 |
დაბ. ადგილი | გორი, რუსეთის იმპერია[1] |
გარდ. თარიღი | 22 იანვარი, 1973 (97 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი, ანთროპოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი |
განთქმული მოსწავლეები | თეოფანე დავითაია |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს სახელმწიფო პრემია |
ალექსანდრე ჯავახიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში ივანე ჯავახიშვილთან, იოსებ ყიფშიძესთან, პეტრე მელიქიშვილთან, ექვთიმე თაყაიშვილთან, გაბრიელ ღამბარაშვილთან ერთად — იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანია.[3][4][5]
ალექსანდრე ჯავახიშვილი საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებელია.[4] იყო საქართველოში უმაღლესი გეოგრაფიული განათლების ორგანიზატორი. ფართო იყო მისი სამეცნიერო ინტერესები. მან კვლევა დაიწყო ქიმიაში, შემდგომ მუშაობდა ანთროპოლოგიაში. ალექსანდრე ჯავახიშვილის მეცნიერულ ინტერესებს აღძრავდა გეოგრაფიული მეცნიერების სხვადასხვა დარგი: გეომორფოლოგია, ჰიდროლოგია, კლიმატოლოგია, ლანდშაფტმცოდნეობა, ეკონომიკური გეოგრაფია, მოსახლეობისა და დასახლებული პუნქტების გეოგრაფია, კარტოგრაფია, გეოგრაფიის აზროვნების ისტორია და სხვა. რიგი ნაშრომი მიეძღვნა გეოგრაფიული მეცნიერების სტრუქტურასა და გეოგრაფიის თეორიის ზოგად საკითხს.[6]
ალექსანდრე ჯავახიშვილს გამოქვეყნებული აქვს 400-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო, რომლებზეც აღიზარდა გეოგრაფთა არაერთი თაობა. დიდია მისი დამსახურება საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიული რუკების შედგენაში. ალექსანდრე ჯავახიშვილი ქართული მეცნიერული ანთროპოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება ეთნიკურ ანთროპოლოგიას. მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ატლასის (1964) შედგენა-გამოცემაში, რისთვისაც მას სხვა მეცნიერებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971).[6]
ალექსანდრე ჯავახიშვილი ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: „საქართველოს გეოგრაფია, ტ. 1. — გეომორფოლოგია“ [ატლასით] (1926), „საქართველოს სსრ ფიზიკური გეოგრაფია“ (1983), ორტომიანი „საქართველოს ანთროპოლოგია“ (რუსულ ენაზე; 1908–14), „საქართველოს სსრ გეომორფოლოგიური რაიონები“ (რუსულ ენაზე; 1947), „გეოგრაფიული მეცნიერების სტრუქტურის შესახებ“ (რუსულ ენაზე; 1956) და სხვა.[3]
ალექსანდრე ჯავახიშვილი 1900–17 წლამდე მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ლაბორანტად, ასისტენტად, პრივატ-დოცენტად, კითხულობდა ლექციებს, ხოლო შემდეგ ხარკოვის უმაღლეს სასწავლებლებში. 1917 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნდა. იგი პეტრე მელიქიშვილის შეთავაზებას დაუყოვნებლივ დათანხმდა და 1917 წელს თბილისში პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის გეოგრაფიის კათედრას ჩაუდგა სათავეში. მისი შვილი იყო ცნობილი ქართველი ანატომი და სახელმწიფო მოღვაწე, აკადემიკოსი ნინო ჯავახიშვილი.[7]
2015 წლის 22–23 ოქტომბერს ქალაქ თბილისში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც მიეძღვნა ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 140 წლისთავს.[8]
ბიოგრაფია
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1875 წლის 17 აგვისტოს ქალაქ გორში, მოსამსახურის ოჯახში. მისი მამა-პაპა ქართლის სოფელ ძევერის მკვიდრი იყო. პაპა გრიგოლი სწავლა-განათლებას დიდ პატივს სცემდა და შვილი ნიკოლოზი გორში სასწავლებლად ჰყავდა გაგზავნილი. სწავლის დამთავრების შემდეგ, ცოლად შეირთო თონეთელი მღვდლის მაქსიმე თეთრაძის ქალიშვილი ევა. გორში მათ ორი შვილი შეეძინათ, — დავითი და ალექსანდრე. ალექსანდრეს მამა — ნიკოლოზ გრიგოლის ძე, კავკასიის სახელმწიფო პალატაში მსახურობდა საფინანსო ნაწილის უფროსად. მას დამსახურების ნიშნად მრავალი ჯილდო ჰქონდა მიღებული. დედა — ევა მაქსიმეს ასული თეთრაძე დიასახლისი იყო, ამიტომ შვილების აღზრდაზე უფრო მეტად დედა ზრუნავდა. დაინტერესებული იყო ქართული ლიტერატურითა და საქართველოს ისტორიით.[9]
1880 წელს ჯავახიშვილების ოჯახი გორიდან თბილისში გადმოსახლდა და ცხოვრობდა მთაწმინდის მისასვლელთან, მამადავითის უბანში. სოფელ ძევერაში პატარა ალექსანდრე არდადეგებზე ხშირად ჩადიოდა. თვით ნიკოლოზ ჯავახიშვილს სამი ვაჟი — დავითი, ალექსანდრე, ნიკოლოზი და სამი ქალიშვილი — ვერა, ელენე და თამარი ჰყავდა. მათ შორის ალექსანდრე რიგით მეორე შვილი იყო. ნიკოლოზის ძმისშვილი პროფესორი დიმიტრი ჯავახიშვილი იგონებდა:[9]
„ალექსანდრეს მამამ ნიკოლოზმა ბავშვობიდანვე იგრძნო სწავლა-განათლების მნიშვნელობა და შეძლო ექვსივე შვილისათვის განათლების მიცემა. თამარმა და ელენემ, ქართველ ქალთაგან ერთ-ერთმა პირველებმა დაამთავრეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.“
|
ალექსანდრე ჯავახიშვილის და-ძმებიდან ნიკოლოზი და თამარი სამედიცინო დარგის მოღვაწეები გახდნენ. ნიკოლოზი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ფსიქიატრი, ხოლო თამარი მეცნიერ-ოფთალმოლოგი. დავითი, ვერა და ელენე კულტურისა და განათლების დარგში მოღვაწეობდნენ.[9]
ალექსანდრე ჯავახიშვილმა პირველდაწყებითი სწავლა-განათლება თბილისის სათავადაზნაურო ვაჟთა სასწავლებელში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ, 1887 წელს, იგი თბილისის ვაჟთა მეორე კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც სწავლას დიდი ყურადღებით ეკიდებოდა და შრომის უნარს იჩენდა. გიმნაზია 1895 წელს წარჩინებით დაამთავრა (ვერცხლის მედლით). დამთავრების ატესტატში აღნიშნული იყო, რომ მთელი ათი წლის განმავლობაში არც ერთი გაკვეთილი არ გაუცდენია. ამის გამო იგი გაანთავისუფლეს სასწავლო გადასახადისაგან და სტიპენდიაც დაუნიშნეს მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.[10]
სტუდენტობის წლები
1895 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე შედის, რომელსაც 1900 წელს პირველი ხარისხის დიპლომით ამთავრებს და ტოვებენ სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მოსამზადებლად. იმ პერიოდში უნივერსიტეტში ბუნებისმეტყველ რუს მეცნიერთა შორის მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: კლიმენტ ტიმირიაზევი, ივანე სეჩენოვი, ნიკოლოზ უმოვი, ალექსანდრე სტოლეტოვი, პეტრე ლებედევი, ნიკოლოზ ზელინსკი, დიმიტრი ანუჩინი და რუსული მეცნიერების სხვა კორიფეები. სტუდენტი ალექსანდრე ჯავახიშვილი ყურადღებით უსმენდა ლექციებს და მაღალი შეფასებებით აბარებდა საგნებს. გარდა ამისა, იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ მუშაობაშიც.[11]
ალექსანდრე ჯავახიშვილი სტუდენტობის პერიოდში (1895) შევიდა სტუდენტთა სათვისტომოში, რითაც დაუახლოვდა მოსკოვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მყოფ ქართველ სტუდენტებს. აქტიურად მონაწილეობდა სათვისტომოს მუშაობაში, კერძოდ, სათვისტომო აწყობდა მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებს და კონცერტებს. მოგვიანებით ქართული სათვისტომოს მუშაობაში არაქართველი სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას. ქართული სათვისტომო ძირითადად მუშაობდა ქართული კულტურის პროპაგანდისთვის; ამასთან, ახერხებდა მატერიალური დახმარება აღმოეჩინა ხელმოკლე სტუდენტებისათვის. ამ მიზნით კი ეწყობოდა „ქართული საღამოები“.[9]
თანხა გროვდებოდა საღამოებიდან და კონცერტებიდან, აგრეთვე, კერძო პირების შემოწირულობებიდან. ეს ხდებოდა იმ პირობით, რომ შემდეგ მიღებული თანხა მათ უკანვე დაებრუნებინათ. სწორედ თანხებთან დაკავშირებული საკითხები, სტუდენტობის პირველ წელსვე, მიანდეს ალექსანდრე ჯავახიშვილს, რასაც მან წარმატებით გაართვა თავი. უფრო მეტიც, მიიღო ზომები შემოწირულობების გასადიდებლად; მანვე გამოარკვია ხელმოკლე სტუდენტების მდგომარეობა და სათვისტომოს გამგეობაში შეიტანა წინადადება, რათა მათ ყოველთვიურად გაწეოდათ დახმარება 10–15 მანეთის რაოდენობით. ეს მოსაზრება გამგეობამ მოიწონა. ალექსანდრე ჯავახიშვილი ზრუნავდა იმაზეც, რომ სათვისტომოს საკუთარი ბინაც შეეძინა ხელმოკლე სტუდენტებისათვის საერთო საცხოვრებლის მოსაწყობად.[9]
1897 წელს მოსკოვის სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად ქალაქ მოსკოვში მოძებნა ვახუშტი ბატონიშვილის საფლავი. ვახუშტის საფლავს მიაგნეს დონის მონასტრის ქვემო სართულის ერთ-ერთი ბნელი სამლოცველოს კედლის გვერდით. იატაკის პირას მდებარე ლითონის ფილაზე შემორჩენილი იყო მხოლოდ სახელის სამი ბოლო ასო „щти“ და სამეფო გვირგვინის ნახატის ნახევარი. ალექსანდრე ჯავახიშვილმა 1900 წელს წარჩინებით (პირველი ხარისხის დიპლომით) დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება და იგი იქვე, იმავე უნივერსიტეტში სამეცნიერო მოღვაწეობის მოსამზადებლად ჩარიცხეს არაორგანული ქიმიის კათედრაზე ლაბორანტის თანამდებობაზე.[9]
ჯერ კიდევ სტუდენტობის დამთავრების წინ, დავით სარაჯიშვილმა ალექსანდრე ჯავახიშვილს შესთავაზა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაეწყო ბაქოში ქიმიკოსად, ან თბილისში ქართული მუზეუმის გამგებლობაში, თუმცა მოსკოვის უნივერსიტეტში ალექსანდრე ჯავახიშვილის სამუშაოდ დატოვებამ და დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებამ ეს განზრახვა ჩაშალა. მოსკოვის უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება ალექსანდრე ჯავახიშვილს შემდეგ დიდად დაეხმარა მომავალ მოღვაწეობაში ბუნებისმეტყველებასა და, კერძოდ, გეოგრაფიაში.[9]
სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი
1900–17 წლებში ალექსანდრე ჯავახიშვილი მოსკოვში მოღვაწეობდა. გარდა უნივერსიტეტისა, იგი მუშაობდა მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში და ქალთა უმაღლეს კურსებზე.[12] აგრეთვე, იგი მონაწილეობდა სხვა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების მუშაობაში. საყურადღებოა, რომ ალექსანდრე ჯავახიშვილს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან და აქტიურად მონაწილეობდა იმ პერიოდში მოქმედ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობაში. როგორც მოსკოვში, ისე თბილისში იგი ასრულებდა ამ ორგანიზაციების დავალებებს. მისი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა დაკავშირებული იყო საქართველოსა და კავკასიასთან. წლების განმავლობაში იგი აგროვებდა მასალებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში და რამდენიმე წიგნიც გამოსცა.[13]
საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგიური შესწავლისათვის ალექსანდრე ჯავახიშვილი წლების განმავლობაში საჭირო მასალებს აგროვებდა. თუმცა პირველი შრომა მან მოსკოვის უნივერსიტეტში მუშაობისას, არაორგანული ქიმიის ლაბორატორიაში პროფესორ ალექსანდრე საბანეევის ხელმძღვანელობით შეასრულა. ეს შრომა დაიბეჭდა 1902 წელს. მისი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა წარიმართა ანთროპოლოგიის ხაზით; ეს ძირითადად გამოწვეული იყო, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, ენათმეცნიერის, ვინმე ვოლკოვის ლექციაზე დასწრებით, როცა მან კავკასიელ ხალხთა ენები მიაკუთვნა ეგრეთ წოდებულ „იზოლირებული ხალხების“ ენათა ჯგუფს. ეს გარემოება ალექსანდრე ჯავახიშვილისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიაშურა მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ სამეცნიერო საზოგადოების ანთროპოლოგიურ განყოფილებას, რათა ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდით გაერკვია კავკასიის ხალხთა და ქართველი ერის მოდგმის საკითხი.[14]
ამ მიზნით, იგი 1903–17 წლებში ზაფხულობით, არდადეგების დროს, აგროვებდა ანთროპოლოგიურ მასალებს საქართველოს სხვადასხვა მხარეში — ქართლში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭაში, მთიულეთში. შეგროვებულ მასალებს კი მოსკოვში ამუშავებდა. მიღებულ შედეგებზე კითხულობდა მოხსენებებს და რუსულ ანთროპოლოგიურ ჟურნალში ბეჭდავდა შრომებს. 1905 წელს მზად იყო მისი ნაშრომი „საქართველოს ანთროპოლოგია, ტ. 1. ქართველები. ქართლელები და კახელები“. დაისვა საკითხი ამ შრომის გამოცემის ���აობაზე, მაგრამ გამოცემის სახსრები არ იყო. მაშინ პროფესორმა დიმიტრი ანუჩინმა მიმართა მოსკოვში მცხოვრებ, მის კარგ ნაცნობ ქართველ ლევან ზუბალაშვილს, რომელმაც მაშინვე გამოჰყო საჭირო თანხა აღნიშნული შრომის გამოსაცემად. 1908 წელს დაიბეჭდა მისი მონოგრაფია — „Антропология Грузии, т. XXVI, М., 1908“. ამ წიგნის გამოქვეყნებამდე სამეცნიერო ლიტერატურაში ძალიან მცირე ცნობები მოიპოვებოდა ქართველთა ანთროპოლოგიაზე.[15]
მანამდე შეუძლებელი იყო „ანთროპოლოგიური“ თვალსაზრისით ქართველების შედარება კავკასიის დანარჩენ ხალხებთან. ამ შრომას დიდი შეფასება მისცეს რუსმა მეცნიერებმა. 1908 წლი 15 ოქტომბერს ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოებამ საკონკურსო კომისიის დასკვნით ალექსანდრე ჯავახიშვილის მონოგრაფიას ალექსანდრე რასცვეტოვის პრემია მიანიჭა. ამ შრომამ საქართველოშიც პოვა გამოძახილი. გაზეთ „ამირანში“ ამ შრომასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაიბეჭდა. აღმოსავლეთ საქართველოს შესწავლის შემდეგ, ალექსანდრე ჯავახიშვილმა დასავლეთ საქართველოს ანთროპოლოგიური შესწავლა გააგრძელა. ამ მიზნით 1908 წლის ზაფხულში იკვლევდა იმერეთს, რაჭას, 1909 წელს კი — გურიას. 1912 წელს დაიბეჭდა ნაშრომი, რომელიც იწყება გურიის ისტორიის მოკლე დახასიათებით, სადაც მოყვანილია სათანადო სტატისტიკური მონაცემები გურიის მოსახლეობის რაოდენობაზე. ამ ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საკუთრივ ანთროპოლოგიურ მასალებსა და დასკვნებს. 1912 წელს მზად იყი მისი მონოგრაფია იმერეთის, რაჭისა და გურიის ქართველების შესახებ, მაგრამ იგი მხოლოდ 1914 წელს დაიბეჭდა. ალექსანდრე ჯავახიშვილს მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულმა ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოებამ, 1912 წლის 10 ოქტომბერს უმაღლესი სამეცნიერო ჯილდო — ალექსანდრე რასცვეტოვის პრემია მეორედ მიაკუთვნა.[13]
ალექსანდრე ჯავახიშვილმა 1911 წელს გამოკვლევები ჩაატარა სამეგრელოში და მის შესახებ მოხსენება გააკეთა 1912 წელს ანთროპოლოგიის განყოფილების სხდომაზე, ხოლო 1913 წელს იგი ანთროპოლოგიურ ჟურნალში გამოაქვეყნა. ალექსანდრე ჯავახიშვილმა შემდეგშიც გააგრძელა კვლევა კავკასიის ხალხებზე. 1915–17 წლებში მისი სამეცნიერო კვლევა გასცდა საქართველოს ფარგლებს; შედეგად გამოაქვეყნა მონოგრაფია — „კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის შედარებითი ანთროპოოგიური ანალიზი“. მონოგრაფია ილუსტრირებულია რუკებით, კარტოგრამებით, აგრეთვე დიაგრამებითა და ფოტოსურათებით. ალექსანდრე ჯავახიშვილი მუშაობდა აგრეთვე ასისტენტად მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში (1900–08) და ქალთა უმაღლეს კურსებზე (1900–17).[13]
საზოგადოებრივი საქმიანობა მოსკოვში
მოსკოვში ალექსანდრე ჯავახიშვილი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. იგი პირველსავე წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოში და აქტიურად ჩაერთო მის საქმიანობაში. ასეთი მოღვაწეობა მან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც გააგრძელა. 1900-იან წლებში მოსკოვში დაიწყო სტუდენტთა სამეცნიერო წრეების ორგანიზაცია. ქართველმა სტუდენტებმა შექმნეს უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო წრე, უმაღლესი კომერციული ინსტიტუტის სტუდენტებმა კი — აკაკი წერეთლის სახელობის სამეცნიერო წრე. სტუდენტთა მოთხოვნით, ორივე წრის თავმჯდომარეობა, მათი მუშაობის ხელმძღვანელობა და საქმიანობა ალექსანდრე ჯავახიშვილს დაევალა.[9][16]
1905 წლის რევოლუციის შემდეგ მოსკოვში ქართველ სტუდენტთა რიცხვი გაიზარდა. ამასთან, გაიზარდა მოსკოვში მომუშავე ქართველ ინტელიგენტთა რაოდენობაც. წარმოიშვა აზრი, რომ მოსკოვში შექმნილიყო ქართველთა საზოგადოება, რაც განხორციელდა კიდეც 1908 წელს. ამ საზოგადოებას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი, ხოლო მის კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას 1908–16 წლებში ხელმძღვანელობდა ალექსანდრე ჯავახიშვილი. მან რამდენჯერმე წაიკითხა მოხსენება მოსკოვის ქალთა საზოგადოებაში, მათი თხოვნით, საქართველოს ყოფა-ცხოვრების შესახებ.[9]
ალექსანდრე ჯავახიშვილი მონაწილეობას იღებდა მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებთან არსებულ საბუნებისმეტყველო სამეცნიერო წრის მუშაობაში, კერძოდ, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის სექციაში. მოსკოვში ყოფნისას, სტუდენტობის დროს და შემდეგშიც, ალექსანდრე ჯავახიშვილს მუდამ ჰქონდა კავშირი საქართველოს საზოგადოებრივ დაწესებულებებთან, ღებულობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს და თვალყურს ადევნებდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ალექსანდრე ჯავახიშვილი მოსკოვში საქართველოში არსებული სამეცნიერო საზოგადოებების რიგ დავალებებს ასრულებდა, მათ შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავალებებს. ასევე, საქართველოს საზოგადოებების დავალებით ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინისადმი მიძღვნილ მოსკოვში გამართულ საიუბილეო სხდომაზე ალექსანდრე ჯავახიშვილმა იუბილარს მიართვა თბილისიდან გამოგზავნილი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და წაიკითხა ქართულად დაწერილი მილოცვა.[9]
მოსკოვში ყოფნის დროს ალექსანდრე ჯავახიშვილი ზაფხულობით ცოცხალ კავშირს ამყარებდა საქართველოს საზოგადოებრივ და სამეცნიერო საზოგადოებებთან; კერძოდ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო, ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებებთან, საეკლესიო მუზეუმთან, ქართული გაზეთების რედაქციებთან. თბილისში ყოფნის დროს იგი კითხულობდა საჯარო მოხსენებებს და ლექციებს; ღებულობდა უშუალო მონაწილეობას მათ მუშაობაშიც. აგრეთვე, მონაწილეობდა მოგზაურობებსა და ექსკურსიებში საქართველოს ბუნებისა და კულტურის ძეგლების გასაცნობად და სხვა.[9]
ალექსანდრე ჯავახიშვილი აქტიურ მონაიწლეობას ღებულობდა სხვადასხვა ყრილობის მუშაობაში. კერძოდ, რუსეთის ტექნიკური და პროფესიული განათლების მოღვაწეთა III ყრილობაში, რომელიც მიეძღვნა რუსეთის კომერციულ სასწავლებლებში სწავლების მდგომარეობის შესწავლას და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა დასახვას. ყრილობაში აქტიური მონაწილოებისათვის ალექსანდრე ჯავახიშვილს მადლობა გამოუცხადეს.[9]
1910 წელს მოსკოვში შედგა რუსეთის ბუნებისმეტყველთა და ექიმთა XII ყრილობა, რომლის მონაწილეთა აქტიური წევრი სწორედ ალექსანდრე ჯავახიშვილი იყო. ყრილობაზე მან წაიკითხა მოხსენება ქართველთა ანთროპოლოგიის შესახებ, რომლის ძირითადი დებულებები დაიბეჭდა ყრილობის მასალებში. 1913 წლის რუსეთის ბუნებისმეტყველთა და ექიმთა მორიგ XIII ყრილობაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ალექსანდრე ჯავახიშვილი მონაწილეობდა როგორც მოსკოვის ანთროპოლოგიური სკოლის წევრი და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წარმომადგენელი.[9]
ყრილობაზე მან წაიკითხა მოხსენება ანთროპოლოგიის ამოცანების შესახებ კავკასიაში, რომელიც აგრეთვე დაიბეჭდა ყრილობის შრომებში. ალექსანდრე ჯავახიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მოღვაწეობდა, მაინც პოულობდა დროს, რათა მონაწილეობა მიეღო საქართველოში მოქმედ სამეცნიერო-საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მუშაობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელთანაც მას მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.[9]
1907 წლის 2 სექტემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ, იგი უკვე იმავე წლის 8 ნოემბერს ამ საზოგადოების წევრი გახდა. ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა ინიციატივით, 1916 წელს თბილისში დაარსდა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა ���აზოგადოება, რომლის დამფუძნებელთა კრებამ 1916 წლის ოქტომბერში ალექსანდრე ჯავახიშვილი დაუსწრებლად აირჩია საზოგადოების გამგეობის წევრად.[9]
ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბრუნება საქართველოში
მოღვაწეობის მეორე პერიოდი (1917–1921)
1917 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილმა მოსკოვიდან საქართველოში დააპირა წამოსვლა. პროფესორმა ა. კაბლუკოვმა გააცნო მთავრობის დადგენილება თბილისში პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების შესახებ. პროფესორს აინტერესებდა მისი აზრი ამ ინსტიტუტის დაარსებაზე. ალექსანდრე ჯავახიშვილი ამ შემთხვევაში თავშეკავებული იყო, რადგან, როგორც იგი აღნიშნავდა, მას უფრო ქართული უნივერსიტეტის დაარსება აინტერესებდა. მალე მას შეხვდა ყოფილი თანაკურსელი ს. ზახაროვი, რომელმაც შესთავაზა მონაწილეობა მიეღო ამ ინსტიტუტის მუშაობაში. ალექსანდრე ჯავახიშვილი იგონებს:[9]
„თბილისში ჩამოსვლისთანავე დამიკავშირდა პეტრე მელიქიშვილი. ის მოეწვიათ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიის კათედრაზე. პ. მელიქიშვილმა მთხოვა მოვხმარებოდი მას ქიმიის კათედრის მუშაობაში. მე მას უარი ვერ ვუთხარი და დავიწყე მასთან თანამშრომლობა.“
|
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აირჩიეს დოცენტად (1918–19), შემდეგ ექსტრაორდინარულ პროფესორად, სადაც ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის გეოგრაფიის კათედრის მუშაობას. ამავე პერიოდში მან მოაწყო გეოგრაფიული კაბინეტი და კითხულობდა ლექციებს ფიზიკურსა და ამიერკავკასიის გეოგრაფიაში. ალექსანდრე ჯავახიშვილი იგონებს:[9]
„მე განვიზრახე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კავკასიის გეოგრაფიის კურსი მომეწყო, რაზედაც დირექტორი დამთანხმდა. ამ კურსის მოსაწყობად ინსტიტუტში მოვიწვიე რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი.“
|
1917 წლის 3 ოქტომბერს ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელი კრების მიერ არჩეულ იქნა სარეკომენდაციო კომისიის წევრ��ბად ე. ღამბაშიძე, ივ. ჯავახიშვილი, ი. ყიფშიძე, პ. მელიქიშვილი, ნ. ნაკაშიძე, ს. ვირსალაძე, გ. დიასამიძე, შ. მესხიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, ი. მდივნიშვილი, ე. თაყაიშვილი, ალ. ჯავახიშვილი, რომელსაც ევალებოდა შეედგინა ქართული უნივერსტიეტის მომავალ თანამშრომელთა ღირსეული კანდიდატების სია და სხვა. ამდენად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებელთაგან შეიძლება ჩაითვალოს ალექსანდრე ჯავახიშვილი.[17]
ალექსანდრე ჯავახიშვილი განაგრძობდა მონაწილეობას ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების მუშაობაში: კითხულობდა მოხსენებებს, მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებაში, იყო საზოგადოების გამგეობის წევრი. 1917 წლის 12 ნოემბერს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საზოგადოების ჯანმრთელობის სექცია. იგი შედიოდა საზოგადოების მიერ არჩეულ საუნივერსიტეტო კომისიაში, რომელსაც ევალებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა. ალექსანდრე ჯავახიშვილმა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის საგნების სიაში შეიტანა გეოგრაფიული დისციპლინები (საზოგადო გეოგრაფია, კერძო გეოგრაფია, აგრეთვე ფიზიკური ანთროპოლოგია და რასიული ეთნოლოგია), რაც ითვალისწინებდა აგრეთვე გეოგრაფიულ კაბინეტ-ლაბორატორიების მოწყობას. საზოგადოების კრებამ მოიწონა ეს წინადადება და გამოთქვა სურვილი, 1918 წლის 1 ოქტომბრიდან გახსნილიყო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი საექიმოსთან ერთად.[9]
1917 წლის 17 ოქტომბერს შედგა ქართული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საექიმო ფაკულტეტების საორგანიზაციო საკითხების დამდგენი კომისიის სხდომა. კომისიაში შედიოდნენ პროფესორი პეტრე მელიქიშვილი (თავმჯდომარე), ალექსანდრე ჯავახიშვილი და არჩილ ხარაძე. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობით კმაყოფილი იყო დირექტორი და ალექსანდრე ჯავახიშვილიც, რომელიც მალე პროფესორად აირჩიეს, თუმცა მალე დატოვა ინსტიტუტი. ალექსანდრე ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდ ორგანიზაციულ მუშაობასაც ეწეოდა. იგი ცდილობდა სამეცნიერო-გეოგრაფიული დაწესებულებები ჩამოეყალიბებინა, რისთვისაც მან შეადგინა ინსტიტუტის დებულება, რომელიც მთავრობამ 1918 წლის 18 მაისს დაამტკიცა.[9]
1917 წლის 16 სექტემბერს ალექსანდრე ჯავახიშვილი აირჩიეს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრად. თუმცა მალე ამ საზოგადოებამ ფაქტობრივად მუშაობა შეწყვიტა. ალექსანდრე ჯავახიშვილი ჯერ კიდევ 1918 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ცენტრალური პედაგოგიური მუზეუმის მუშაობას, როგორც მისი დირექტორი. ამ მუშაობას იგი აგრძელებდა 1921–23 წლებში.[9]
1920 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ალექსანდრე ჯავახიშვილი მიიწვია ახლადდაარსებულ უნივერსიტეტში გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრის პროფესორად და კათედრის გამგედ. აქედან მოყოლებული, მისი მოღვაწეობა ძირითადად, ნახევარ საუკუნეზე მეტი, თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში წარიმართა. უნივერსიტეტში იგი ნაყოფიერად ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კათედრას, არჩეული იყო ფაკულტეტის დეკანადაც.[8]
მოღვაწეობის მესამე პერიოდი (1921–1973)
სამეცნიერო კვლევითი მოღვაწეობა
ალექსანდრე ჯავახიშვილის მოღვაწეობა საქართველოში არანაკლებ ნაყოფიერი გამოდგა. შეიქმნა პირობები გეოგრაფიის როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სათანადო კადრების მომზადების მხრივაც. ფართოდ გაიშალა მუშაობა საქართველოს გეოგრაფიული პირობების მეცნიერული შესწავლისათვის. გეოგრაფიულ შესწავლას ცალკეული მეცნიერები კი აღარ აწარმოებდნენ, არამედ ამ მუშაობას მთელი რიგი დაწესებულებები, სამეცნიერო კადრები ხელმძღვანელობდა.[9]
სწორედ ალექსანდრე ჯავახიშვილის ინიციატივით შეიქმნა მთელი რიგი გეოგრაფიული სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური დაწესებულება და კათედრა, რომელთა ხელმძღვანელი საკუთრივ ალექსანდრე ჯავახიშვილი იყო. ალექსანდრე ჯავახიშვილმა შეისწავლა საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიული პირობები, გადაწყვიტა სათანადო მეთოდური და მეთოდოლოგიური, აგრეთვე სამეცნიერო კადრების მომზადებისა და სხვა საკითხები. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე არც ერთი გეოგრაფიული საკითხი არ დასმულა და გადაწყვეტილა, რომლის ინიციატორი ან თანაავტორი იგი არ ყოფილიყო.[18]
ალექსანდრე ჯავახიშვილი უშუალოდ ჩაება საქართველოს ბუნების შესწავლის საქმეში და ამ მხრივ, მთელ რიგი საყურადღებო ნაშრომი გამოაქვეყნა. ამასთან, აქტიურ მონაწილეობას იღებდა სათანადო კადრების მომზადებაში, სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მუშაობაში. საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში მისი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ძირითადად წარიმართა საქართველოსა და კავკასიის გეოგრაფიული შესწავლის მიმართულებით. კვლევის ძირითადი ობიექტი გახდა საქართველოს რთული რელიეფი. იგი აგრეთვე სწავლობდა საქართველოს კლიმატურ, ჰიდროგრაფიულ თავისებურებებს, მისი ინტერესის სფეროში მოექცა ფიზიკური და ეკონომიკურ-გეოგრაფიული, აგრეთვე ლანდშაფტური კვლევები.[19]
ამ შესწავლის შედეგად, ალექსანდრე ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა შრომები, რომლებიც ხასიათდება შესასწავლი საკითხების ღრმა მეცნიერული ანალიზით და ორიგინალური დასკვნებით. გარდა ა��ისა, მას ყურადღების გარეშე არ დარჩა გეოგრაფიული განათლების მდგომარეობა უმაღლეს და საშუალო სკოლებში. ახალი მოთხოვნების შესაბამისად, გეოგრაფიის კათედრაზე თბილისის უნივერსიტეტის გეოგრაფიული სპეციალობის სტუდენტებისათვის შეიმუშავეს სასწავლო გეგმა. ამ პერიოდში მკაფიოდ გამოიკვეთა ალექსანდრე ჯავახიშვილის როლი საქართველოში გეოგრაფიული კადრების მობილიზაციის საქმეში. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ნაშრომები: „ახალი მიმართულება გეოგრაფიაში“ (1924), „საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დაარსება და მისი მნიშვნელობა“ (1924) და სხვა.[20]
ალექსანდრე ჯავახიშვილის კვლევის მრავალმხრივობა გამოიხატა საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგიის რიგი საკითხის შესწავლით. ამის საუკეთესო მაგალითებია ნაშრომები: „კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიური შემადგენლობა“ (1923) და „კავკასიური მოდგმა“ (1923), „სომხები ანთროპოლოგიური თვალსაზრისით“ (1924). შემდგომ წლებში ალექსანდრე ჯავახიშვილი მთლიანად ჩაება გეოგრაფიული მეცნიერების ცალკეული დარგების პრობლემების დამუშავებაში.[21]
ალექსანდე ჯავახიშვილის სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კარტოგრაფიულ სამუშაოებსაც. სერგი ცხაკაიასთან ერთად, მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სასწავლო-სასკოლო რუკების შედგენას და გამოცემას. გამოცემულ რუკათა შორის აღსანიშნავია კავკასიის ოროგრაფიული, ჰიფსომეტრიული, მინერალურ სიმდიდრეთა, პოლიტიკური და ადმინისტრაციული რუკები 1:1800000 მასშტაბში. 1927 წელს გამოვიდა ალექსანდე ჯავახიშვილის „გეოგრაფიული ატლასი“, რომელშიც 15 რუკაა მოთავსებული. მოგვიანებით შეადგინა 24 რუკისაგან შემდგარი ატლასი.[13]
სერგი ცხაკაიასთან ერთად შედგა და გამოიცა სასწავლო ფიზიკური რუკა 4 ფურცელზე 1:400000 მასშტაბში. ამავე მასშტაბში შედგა აგრეთვე საქართველოს ფიზიკური რუკა 4 ფურცელზე. 1931–32 წლებში მისი ხელმძღვანელობით შედგა და გამოიცა უფრო მსხვილმასშტაბიანი რუკები (1:200000) 12 ფურცელზე, რომელზეც რელიეფი გამოსახულია ტუშვით და იზოჰიფსებით. აღსანიშნავია, რომ ეს რუკა 1933 წელს დემონსტრირებული იყო სრულიად საკავშირო I გეოგრაფიულ ყრილობაზე ლენინგრადში და 1934 წელს მსოფლიო XIV გეოგრაფიულ კონგრესზე ვარშავაში. ამავე მასშტაბში გაკეთდა რუკის მეორე ვარიანტი ტყეების გავრცელების ჩვენებით. იმ დროისათვის ეს იყო ქართულ ენაზე შედგენილი ერთადერთი რუკა, რომელიც სამეცნიერო დონითა და პოლიგრაფიული ხარისხით დასავლეთ ევროპის სტანდარტებს არ ჩამოუვარდებოდა.[13]
ალექსანდე ჯავახიშვილმა შემდგომაც არაერთი თემატური რუკა შეადგინა სხვადასხვა მასშტაბში. მათ შორის აღსანიშნავია: საქართველოს რელიეფის ეგზოგენური ტიპების, მორფოგრაფიული, მორფოგენეტური, მორფოლოგიური, აგრეთვე კლიმატური, ჰიდროგრაფიული, ფიზიკურ-გეოგრაფიული, მოსახლეობის სიმჭიდროვისა და სხვა შინაარსის რუკები. საქართველოში დაბრუნებისთანავე იგი შეუდგა კარტოგრაფიული დაწესებულების შექმნის ორგანიზებას. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დაარსებასთან ერთად, 1924 წელს, მისი ინიციატივით შეიქმნა კარტოგრაფიის კაბინეტი, რომელიც 1928 წელს კარტოგრაფიის ინსტიტუტად გადაკეთდა.[13]
ალექსანდრე ჯავახიშვილმა აქ შემოიკრიბა გამოცდილი პროფესიონალი კარტოგრაფები, მათ შორის სერგი ცხაკაია. ამ ინსტიტუტში შედგა და გამოიცა მრავალი ზოგადგეოგრაფიული და თემატური რუკები და ატლასები. 1926 წლიდან ალექსანდრე ჯავახიშვილი სწავლობდა საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობის და დასახლებათა გეოგრაფიულ განლაგებას. ამ მიზნით მან შეადგინა საქართველოს მოსახლეობის სიმჭიდროვისა და მოსახლეობის ვერტიკალური გავრცელების რუკები 1:400000 მასშტაბში და დასახლებული პუნქტების განლაგებისა და განაწილების რუკა 1:200000 მასშტაბში.[13]
ამასთან, 12 ფურცელზე შეადგინა ნაშრომი საქართველოს მოსახლეობის და დასახლების განაწილებასა და გავრცელებაზე ვერტიკალური სიმაღლის ზონების მიხედვით, რომელსაც დაურთო სათანადო ცხრილები და რუკები. იმავე საკითხზე გააგრძელა მუშაობა, ოღონდ ამჯერად მთლიანად კავკასიაზე.[13]
1960-იანი წლების დასაწყისში ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის თაოსნობით განხორციელდა ისეთი საშვილიშვილო მეცნიერული და კულტურული ღონისძიება, როგორიცაა საქართველოს გეოგრაფიული ატლასის (1964) შედგენა-გამოცემა ქართულ და რუსულ ენებზე. ეს ატლასი პირველი კომპლექსური გეოგრაფიული, კერძოდ, კარტოგრაფიული ნაწარმოებებია და აღნიშნავს მისი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს. ამ ატლასის შედგენა ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებიდანვე, 1945 წლიდან, დაიწყო.[19]
ანთროპოლოგია
ალექსანდრე ჯავახიშვილმა თავის სამეცნიერო მოღვაწეობის პირველი ორი ათეული წელი (1917 წლამდე) მოსკოვში გაატარა და უმთავრესად საქართველოს და კავკასიის ხალხთა ანთროპოლოგიის სადავო და ნაკლებად ცნობილი საკითხები გამოიკვლია; ამ საკითხების შესწავლას კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის ისტორიის, ურთიერთდამოკიდებულებისა და ნათესაობის გადაუწყვეტელი ან წყვდიადით მოსილი საკითხების გამოსარკვევად. საქართველოსა და კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის ფიზიკური ანთროპოლოგიური შედგენილობის შესწავლას, ამ მოსახლეობის შემადგენელი ანთროპოლოგიური ტიპებისა და ჯგუფების წარმოშობის გაშუქებას და მსოფლიო ხალხთა ანთროპოლოგიურ ტიპებთან და ჯგუფებთან მათი დამოკიდებულების საკითხების გარკვევას ალექსანდრე ჯავახიშვილი იწყებს საქართვდელოს გულის — ქართლის ქართველების შესწავლით. ამ მიზნით იგი 1903 და 1904 წლების ზაფხულის თვეებში ანთროპოლოგიურ კვლევა-ძიებას ეწეოდა ქართლში.[3]
შემდგომ წლებში ალექსანდრე ჯავახიშვილმა ანთროპოლოგიური დაკვირვებები გააგრძელა საქართველოს დანარჩენ კუთხეებში: 1905 წელს — კახეთსა და მთიულეთში, 1908 წელს — იმერეთსა და რაჭაში, 1909 წელს — გურიაში, 1911 წელს — სამეგრელოში. თითოეულ ამ კუთხეში ალექსანდრე ჯავახიშვილმა ას-ასი ცდის პირი შეისწავლა. სულ საქართველოში 900 პირი შეისწავლა, რომელთა შესახებ ას-ასი ზომითი მონაცემი აქვს აღებული. ამ მონაცემებს, მაშინდელი მათი პირდაპირი დანიშნულების გარდა, დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ისეთი პრობლემების გასარკვევად, როგორიცაა ადამიანთა განსაკუთრებული დიდსიმაღლიანობა (გიგანტიზმი) მსოფლიო ხალხთა, კერძოდ, ქართველთა შორის. საქართველოს ცალკეული მხარეების ქართველების ანთროპოლოგიური დახასიათებისადმი მიძღვნილ სტატიებში, აგრეთვე შემაჯამებელ მონოგრაფიების პირველ თავებში, იმდროინდელი მსგავსი ნაშრომებისაგან განსხვავებით, ალექსანდრე ჯავახიშვილი იძლევა საკმაოდ ღრმა და საფუძვლიან გეოგრაფიულ, ისტორიულ და ეთნოგრაფიულ დახასიათებას.[3]
ალექსანდრე ჯავახიშვილის ანთროპოლოგიური შრომების მაღალმეცნიერულ ღირებულებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ საქართველოს ანთროპოლოგიის ორ მონოგრაფიას („საქართველოს ანთროპოლოგია“, ტ. I და II) მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულმა ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოებამ უმაღლესი სამეცნიერო ჯილდო — პროფესორ ალექსანდრე რასცვეტოვის პრემიები მიანიჭა 1906 და 1912 წლებში, როგორც ძვირფასი შენაძენი კავკასიის ანთროპოლოგიაში და რომელიც გამოირჩევა მასში მოყვანილი მონაცემების სიუხვით, დეტალური დამუშავებით და მაღალი მეცნიერული დონით. იგი მუშაობდა აგრეთვე საქართველოს ანთროპოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის დოლიქოკეფალია ქართველთა შორის. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ასევე ჯავახიშვილის შრომები კავკასიის ებრაელების შესახებ.[3][4]
ყურადღებას იპყრობს ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ შედგენილი რეცენზიები უცხოელ მკვლევართა ანთროპოლოგიურ ნაშრომებზე, მათ შორის: ადოლფ დირის, ჰანს ვირხოვის, ფელიქს ფონ ლუშანის, ჰანს ფელინგერის, ოტო აიხელისა და სხვათა ნაშრომებზე. შემდგომ წლებში ალექსანდრე ჯავახიშვილის კვლევა-ძიება სცდება საქართველოს ფარგლებს და სწავლობს კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიას. ამასთან დაკავშირებით, 1913 წელს იგი მოხსენებით გამოვიდა რუს ბუნებისმეტყველთა და ექიმთა XIII ყრილობაზე თბილისში კავკასიის ანთროპოლოგიის მორიგი ამოცანების შესახებ. ეს მიზანდასახული კვლევა კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიის შესახებ ალექსანდრე ჯავახიშვილმა კაპიტალური მონოგრაფიის შედგენით დააგვირგვინა. ამ მონოგრაფიაში დასაბუთებული ზოგიერთი შედეგი გამოქვეყნდა 1923–26 წლებში ქართულ და გერმანულ ენებზე. ამ წლებში გამოქვეყნებულ სტატიებში ალექსანდრე ჯავახიშვილმა დაახასიათა აგრეთვე კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრები ირანული, სლავური და მონღოლური მოდგმები და გაარკვია მათი დამოკიდებულება კავკასიურთან.[3]
გეოგრაფია
გეომორფოლოგია
ალექსანდრე ჯავახიშვილმა თავის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო საქართველოს გეომორფოლოგიურ საკითხებს. პირველ ეტაპზე საჭირო გახდა ზოგადი გეომორფოლოგიური დახასიათების შედგენა, რაც ჯერ კიდევ 1926 წელს შეასრულა და გამოსცა მონოგრაფია „საქართველოს გეოგრაფია, ტ. 1. — გეომორფოლოგია“, გეოგრაფიული ატლასით.[22][5] ეს მონოგრაფია საქართველოს ტერიტორიის ზოგადი გეომორფოლოგიის შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს და გამოირჩევა ფაქტობრივი მასალის სიმდიდრით. 1924 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მოამბეში დაიბეჭდა მისი სტატია „ახალი მიმართულება გეოგრაფიაში“, სადაც ნათქვამია, რომ თუ ადრე გეოგრაფიული ობიექტების დახასიათებისას ყურადღება მხოლოდ მათ აღწერაზე იყო გამახვილებული, ამჟამად წინა პლანზე ნანახის ახსნა, ესე იგი, გენეზისის საკითზების განხილვა იყო წამოწეული.[13]
1942 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „რელიეფის დანაწევრების ტიპები“, რომელსაც თეორიულთან ერთად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მასში გამოყოფილი ქვეჯგუფების რაოდენობა 35-მდეა, ხოლო ტიპებისა 100-ზე მეტი. თეორიული საკითხების განხილვას ეძღვნება აგრეთვე 1956 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი „გეოგრაფიული მეცნიერების სტრუქტურის შესახებ“. თეორიული ხასიათისაა აგრეთვე 1951 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელიც „რელიეფის ფორმებისა და რელიეფის ტიპების გეომორფოლოგიურ კლასიფიკაციას“ შეეხება. 1947 წელს საქართველოს რელიეფის ტიპებისა და მათი გავრცელების რაიონების შესახებ დაიბეჭდა მონოგრაფია „Геоморфологические районы Грузинской ССР. Типы рельефа и районы их распространения“ (1947). ამ შრომაში მოცემულია რეგიონალური გეომორფოლოგიის საგნის ზუსტი განსაზღვრა საქართველოს ტერიტორიის მაგალითზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიეფის ტიპების კლასიფიკაცია, რომელშიც ყველაზე მცირე გეომორფოლოგიური ლანდშაფტური ერთეულის ტიპი და მისი გავრცელების რაიონია წარმოდგენილი. განხილულია აგრეთვე რელიეფის ტიპთა კომპლექსები, რომლებიც ხასიათდებიან ზონალური გავრცელებით.[23] ამ მონოგრაფიამ დიდი აღიარება პოვა მეცნიერთა წრეებში.[24]
მეცნიერის სხვა შრომები გეომორფოლოგიაში ეხება საქართველოს ტერიტორიის ცალკეული მხარეების გეომორფოლოგიურ დახასიათებას. რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა ზოგადი გეომორფოლოგიის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა — გეომორფოლოგიის საგანი და ამოცანები, გეომორფოლოგიური დარაიონების პრინციპები, მთიანი მხარეების დახასიათების პრინციპები და მათი გეომორფოლოგიური კარტოგრაფირების მეთოდები, ვაკეთა და ვაკიან მხარეთა კლასიფიკაცია, რელიეფის ტიპებისა და ფორმების კლასიფიკაცია, გეომორფოლოგიური რუკის უნიფიკაციის საკითხები, ზედაპირის დახრილობისა და დანაწილების გეომორფოლოგიური მნიშვნელობა და მისი გამოყენების მეთოდები და სხვა. 1955 წელს გამოაქვეყნა შრომა — „რელიეფის ტიპები და მათი ფორმები. საქართველოს გეომორფოლოგიური რუკის ლეგენდისათვის 1:200000 მასშტაბით“. ყურადღების გარეშე არ დარჩენია ზოგადი გეომორფოლოგიური სამეცნიერო ტერმინების ქართული შესატყვისების შემუშავებაც. ალექსანდრე ჯავახიშვილს თეორიული და რეგიონული გეომორფოლოგიის საკითხებზე 30-ზე მეტი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული.[25][13]
კლიმატოლოგია და ჰიდროლოგია
ალექსანდრე ჯავახიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა კლიმატურ და ჰიდროლოგიურ კვლევასაც. ამ მიმართულებით მის მიერ ჩატარებული კვლევა პირველ ცდას წარმოადგენს, კერძოდ, მან შეისწავლა ქვეყნის თერმული და პლუვიომეტრიული რეჟიმის გავრცელების პირობები, რის მიხედვითაც დაადგინა თერმული ზონები და მათი გეოგრაფიული განაწილების თავისებურებანი. თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის რამდენიმე წლის მონაცემების მიხედვით დაადგინა ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების მონაცემები თითოეული მეტეოროლოგიური სადგურებისათვის ცალ-ცალკე. ამის საფუძველზე ალექსანდრე ჯავახიშვილმა დაადგინა საქართველოს სითბოს ზონები და ნალექთა ტიპები.[13]
მიღებული შედეგების მიხედვით კი გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი — ტემპერატურული რეჟიმის დახასიათება ცხრილების დართვით და წლიური იზოთერმების განაწილების რუკით, იანვრისა და ივლის-აგვისტოს საშუალო ტემპერატურათა განაწილებისა და სითბოს ზონების ცხრილებითა და რუკით. გარდა ამისა, შეისწავლა სითბოს ზონები ცალკეული რეგიონების მიხედვით და გამოაქვეყნა სტატიები სითბოს რეჟიმის გეოგრაფიული გავრცელების სურათის მისაღებად. გამოყოფილი ტიპები გამოსახა 1:400000 მასშტაბის რუკაზე, რითაც მიიღო საქართველოს სითბოს ზონების რუკა. ამ რუკის ანალიზით ჩანს სითბოს რეჟიმის დამოკიდებულება რელიეფის ჰორიზონტალური და ვერტიკალური განვითარების თავისებურებებთან.[9]
უნივერსიტეტში ზოგადი კლიმატოლოგიის კურსის წაკითხვასთან ერთად, აგრეთვე კლიმატოლოგიის პრაქტიკუმის შედგენასა და გერმანულიდან თარგმნილი ალფრედ ჰეტნერის „დედამიწის ჰავების“ (1936) ქართული თარგმანის რედაქციასთან დაკავშირებით, მან დაამუშავა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია კლიმატოლოგიაში.[26][27]
ალექსანდრე ჯავახიშვილმა დიდი მუშაობა გასწია ჰიდროლოგიურ კვლევაშიც. სხვა საკითხებთან ერთად მოახდინა საქართველოს ჰიდროლოგიური დაყოფა და შეადგინა ჰიდროგრაფიული დარაიონების რუკა. ამით შედგა მდინარეთა აუზების გეოგრაფიული განლაგება, რაც მჭიდრო კავშირშია საქართველოს რთული რელიეფის პირობებთან.[9]
ფიზიკური გეოგრაფია და ეკონომიკური გეოგრაფია
ალექსანდრე ჯავახიშვილმა დიდი მუშაობა გასწია საქართველოს ფიზიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის კვლევაში. 1935 წელს შეადგინა საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების რუკა, ხოლო მოგვიანებით შექმნა შრომა ამავე საკითხზე. მას შემდეგ არაერთი შრომა გამოაქვეყნა როგორც ფიზიკურ-გეოგრაფიულ, ისე ეკონომიკურ-გეოგრაფიულ საკითხებზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია დარაიონების პრინციპები, რომლის ამოცანას წარმოადგენდა მრავალფეროვანი ბუნების მქონე ქვეყნის ტერიტორიის დაყოფა ბუნებრივ ნაწილებად ამ ტერიტორიაზე წარმოებული გეოგრაფიული პროცესების გენეზისის საფუძველზე, გეოგრაფიული კანონზომიერებების პრინციპებზე და გეოგრაფიულ პროცესთა და ობიექტთა ურთიერთდამოკიდებულების და შეპირობების კანონებზე. შრომის მეორე ნაწილში გაარკვია საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ამოცანა, ხოლო შემდეგ მოგვცა ამ დარაიონების ცდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული დარაიონება ასე სრული სახით არ განხორციელებულა. 1930 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილმა შეადგინა და გამოაქვეყნა საქართველოს გეოგრაფიულ-სტატისტიკური ატლასი, რომელიც 50 დიაგრამისა და 40 კარტოგრამისაგან შედგება, რითაც კარგი სამსახური გაუწია ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებს. ამ ატლასში მოცემული კარტოგრამები და დიაგრამები ნათლად გვიჩვენებენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას.[8]
ლანდშაფტმცოდნეობა
ალექსანდრე ჯავახიშვილის შრომები შეეხება აგრეთვე ლანდშაფტურ დახასიათებას, რასაც თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. 1935 წელს პირველმა შეადგინა ლანდშაფტმცოდნეობის კურსის პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისათვის და სათანადო კურსს კითხულობდა გეოგრაფიული განყოფილების სტუდენტებისათვის.[13]
1937–38 წლებში ალექსანდრე ჯავახიშვილი ქობულეთის და ოზურგეთის რაიონების ლანდშაფტების დახასიათების მაგალითზე იძლევა ამა თუ იმ მხარის ლანდშაფტური კვლევა-ძიების ნიმუშს. 1947 წელს შეადგინა საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული ლანდშაფტური დახასიათება და ამ ლანდშაფტების გავრცელების რუკა.[9]
1961 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში დაიბეჭდა ალექსანდრე ჯავახიშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი „საქართველოს სსრ ბუნებრივი ლანდშაფტები“, სადაც საქართველოს ლანდშაფტური ტიპების მრავალფეროვნებას რთულ გეოლოგიურ აგებულებას, რელიეფის ძლიერ დანაწევრებას და ლანდშაფტშემქმნელი ფაქტორების და პროცესების მრავალგვარობას უკავშირებს.[13]
ალექსანდრე ჯავახიშვილს ეკუთვნის საქართველოს ლანდშაფტების დახასიათების ცდა, ლანდშაფტთა ტიპების კლასიფიკაცია და ბუნებრივ ლანდშაფტებთან ერთად, სახეცვლილი კულტურული (სოციალ-ეკონომიკური) ლანდშაფტების გამოყოფა, რომელიც მოიცავს ორ ქვეჯგუფს: ა. ელემენტარული და ბ. სინთეზური, ხოლო თითოეული მათგანი, თავის მხრივ, ლანდშაფტების ფიზიკურ-გეოგრაფიული და კულტურული ნიშნების მიხედვით, დაყოფილია უფრო მცირე ერთეულებად. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს შედგენილ ლანდშაფტმცოდნეობის კურსის პროგრამაში იგი ერთ-ერთი პირველი აღნიშნავს საქართველოში ანთროპოგენური ლანდშაფტების არსებობის შესახებ.[13]
სხვა დარგები
ალექსანდრე ჯავახიშვილის შრომები ეხება აგრეთვე სამედიცინო გეოგრაფიის, სამხედრო გეოგრაფიის, გეოგრაფიის თეორიულ საკითხებს, საქართველოს გეოგრაფიული მეცნიერების ისტორიას და სხვა. მნიშვნელოვანია ალექსანდრე ჯავახიშვილის კვლევები თეორიულ საკითხებზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია გეოგრაფიული მეცნიერებისა და მისი დარგების საგნის, ამოცანების, თეორიული საფუძვლებისა და მეთოდების დადგენა-განსაზღვრა. იმ პერიოდში ეს არსებითი და კარდინალური საკითხები ჯერ კიდევ საბოლოოდ დამუშავებული არ იყო და მის დამუშავებას მეცნიერების მომავალი განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.[8]
ალექსანდრე ჯავახიშვილმა სათანადო შრომები გამოაქვეყნა გეოგრაფიის ისტორიის საკითხებზე, საქართველოს გეოგრაფიულ შესწავლაზე და მიღწევებზე, მათ შორის აღსანიშნავია გეოგრაფიის განვითარება საბჭოთა პერიოდში, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიული მემკვიდრეობა და სხვა. საქართველოსა და კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგიურ დახასიათებასთან დაკავშირებით ფართოდ იყენებდა ვახუშტი ბაგრატიონის ისტორიულ და გეოგრაფიულ შრომებს.[13]
1941 წელს დაიბეჭდა ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (საქართველოს გეოგრაფია) თამარ ლომოურისა და ნიკო ბერძენიშვილის რედაქციით. იგი დაიბეჭდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის დადგენილებით, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ჯავახიშვილი.[13]
სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა
ალექსანდრე ჯავახიშვილის მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პედაგოგიურ საქმიანობას უმაღლეს სასწავლებლებში. ამ მხრივ, მისი მოღვაწეობა ნაყოფიერი აღმოჩნდა. 1917–20 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტად, შემდეგ კი ექსტრაორდინალური პროფესორის თანამდებობაზე. 1920 წლიდან იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.[5]
1920 წლის 30 ივნისს პროფესორთა საბჭომ საზოგადო გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრაზე პროფესორად აირჩია ალექსანდრე ჯავახიშვილი. რამდენჯერმე არჩეული იყო ფაკულტეტის დეკანად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფიის და ანთროპოლოგიის კათედრის დაარსებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში გეოგრაფიული წინსვლისა და სათანადო კადრების მომზადებისათვის. ეს იყო პირველი გეოგრაფიული კერა საქართველოში, რომლის საფუძველზე ფართოდ გაიშალა გეოგრაფიული მეცნიერება და დაიწყო სათანადო კადრების მომზადება. ალექსანდრე ჯავახიშვილი წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიაში, ზოგად გეომორფოლოგიაში, ზოგად კლიმატოლოგიაში, საქართველოს გეომორფოლოგიაში, გეომორფოლოგიური კვლევის მეთოდებსა და გეომორფოლოგიურ კარტირებასა და საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში, ზოგად ლანდშაფტმცოდნეობასა და სამხედრო გეოგრაფიაში, გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკასა და ზოგად ფიზიკურ ანთროპოლოგიაში და სხვა.[9]
1920 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიეტში გეოგრაფიული კათედრა ჩაიბარა ყოველგვარი სამეცნიერო-დამხმარე დაწესებულებისა და დამხმარე საშუალებების გარეშე. სულ მალე მისი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა რამდენიმე გეოგრაფიული კაბინეტი, გეოგრაფიული ბიბლიოთეკა, სადაც თავი მოიყარა ძვირფასმა სასწავლო მასალამ. შექმნა რამდენიმე გეოგრაფიული კათედრა, რომელთა მუშაობას დასაწყისში თვითონ ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ მოწაფეებს გადააბარა. ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული გეოგრაფიული განათლების იმ დონემდე განვითარება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიული განყოფილება გახდა გეოგრაფიული განათლების ცენტრი არა მარტო საქართველოში, არამედ, ნაწილობრივ, სამხრეთ კავკასიაში.[9]
მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით, ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაარსებისთანავე (1933) ჩამოყალიბდა გეოგრაფიული ფაკულტეტი. მოაწყო გეოგრაფიული კაბინეტები, იქვე შექმნა გეოგრაფიული კათედრები.[9]
სტუდენტებთან მუშაობის გარდა, იგი 1929 წლიდან ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის სპეციალობის ასპირანტთა მომზადებას რიგ დარგებში. მის მიერ ასპირანტურის ხაზით მომზადებულ იქნა 40-მდე მეცნიერ-მუშაკი. გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობას უწევდა საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვლინებულ ასპირანტებსა და მეცნიერ-მუშაკებს სადისერტაციო სამუშაოს შესრულებაში.[9]
ალექსანდრე ჯავახიშვილმა დიდი მუშაობა გასწია საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოების შესაქმენლად. ჯერ კიდევ, 1924 წელს შეადგინა ფიზიკური გეოგრაფიის პრაქტიკუმი. ამასთან, მასში პირველად არის მოცემული მრავალი ქართული სამეცნიერო გეოგრაფიული ტერმინი. ალექსანდრე ჯავახიშვილს ეკუთვნის საშუალო სკოლების გეოგრაფიული სახელმძღვანელოების შექმნაც. ამ მხრივ, აღსანიშნავია საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, რომლითაც ათეული წლები ისწავლებოდა საშუალო სკოლის მეშვიდე კლასში. მისი გარდაცვალების შემდეგ, ახალი პროგრამის მიხედვით სახელმძღვანელო გადაამუშავა ქეთევან ყავრიშვილმა და შალვა ყიფიანმა და ეს სახელმძღვანელო XX საუკუნის 90-იან წლებამდე მოქმედებდა. იგი თავიდანვე (1947 წელს) ითარგმნა ჯერ რუსულ, შემდეგ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და არაქართულ სკოლებში ასწავლიდნენ საქართველოს გეოგრაფიას.[5] 1925–26 წლებში მან შეადგინა სასწავლო რუკების სერია, ხოლო 1927 წელს გამოაქვეყნა პრაქტიკულ ვარჯიშობათა ატლასი საქართველოს გეოგრაფიაში; 1928–29 წლებში შეადგინა სასწავლო გეოგრაფიული ატლასი, რომელიც 24 რუკისგან შედგებოდა.[9]
სამეცნიერო-ორგანიზაციული მოღვაწეობა
ალექსანდრე ჯავახიშვილი სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას კარგად უთავსებდა სამეცნიერო-ორგანიზაციულ მოღვაწეობას. ჯერ კიდევ რუსეთიდან ახლადდაბრუნებულმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა შეადგინა გეოგრაფიის ისნტიტუტის დებულება, რომელიც 1918 წლის 18 მაისს დამტკიცდა. მომდევნო წელს ამ ინსტიტუტის მაგიერ უნდა დაარსებულიყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, რომლის წესდება დამტკიცდა 1919 წლის ნოემბერში. ორივე ამ დებულების პროექტი ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელნაწერით შემორჩენილია საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების არქივში. მიუხედავად, სამუშაოს კარგად გააზრებისა, ეს გეგმა მაშინ არ განხორციელებულა. 1924 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილის ინიციატივით და ორგანიზაციით დაარსდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება.[28][9]
1924 წლის 18 იანვარს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა დაამტკიცა ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ შემუშავებული საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წესდების პროექტი, რომელიც გამოქვეყნდა საზოგადოების მოამბეში. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დაარსებისთანავე ჩამოყალიბდა კარტოგრაფიული კაბინეტი ქართული რუკების გამოსაცემად. 1928 წლიდან კარტოგრაფიული კაბინეტი გარდაიქმნა საქართველოს კარტოგრაფიულ ინსტიტუტად, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯავახიშვილი იყო. საქართველოს კარტოგრაფიული ინსტიტუტი 1933 წელს შეუერთდა ახლადგახსნილ გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. 1933–1936 წლებში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიულ კათედრას.[9]
1933 წლის 16 მარტს ალექსანდრე ჯავახიშვილის დიდი ძალისხმევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაარსდა გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელმაც 1938 წლამდე იარსება. 1945 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრების ბაზაზე დაარსდა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ალექსანდრე ჯავახიშვილმა.[28]
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შემოერთების საკითხი
მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე ალექსანდრე ჯავახიშვილმა დაიწყო ზრუნვა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შემოერთებაზე. ამ მიზნით, მთავრობის დავალებით, მთელ რიგ წამყვან მეცნიერებს ამ ტერიტორიების შესწავლა დაევალათ. ესენი იყვნენ სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, სერგი ჯიქია, ალექსანდრე ასლანიკაშვილი, პავლე ინგოროყვა და სხვა. როცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ეს საკითხი განუხორციელებელი დარჩა, უმეტესი ნაშრომები დაიბეჭდა წიგნებად და რუკებად, ხოლო ალექსანდრე ჯავახიშვილის ნაშრომი არქივს შემორჩა. მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დააყენა საკითხი თურქეთის შემადგენლობიდან საქართველოს ისტორიული ტერიტორიის (ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გადასვლის თაობაზე. 1945 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“ დაიბეჭდა სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის წერილი: „О наших законных претензиях к Турции“. როგორც ჩანს, ქართველ მეცნიერთა ღვაწლი ამით არ დასრულებულა. 1945 წლის იანვარში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მიიღეს აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის ნარკვევი: „სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ვახუშტი ბაგრატიონის აღწერილობით“. ალექსანდრე ჯავახიშვილის ნაშრომი 1946 წლის 7 იანვრითაა დათარიღებული. ისტორიკოსებმა ვახტანგ გურულმა და ლევან ჯიქიამ არქივში მიაკვლიეს ამ ხელნაწერ ნაშრომს და შესავალი წერილით გამოაქვეყნეს ჟურნალ მაცნეს, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერიაში.[29]
ჯილდოები
1906 წლის 15 ოქტომბერს მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულმა ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოებამ ალექსანდრე ჯავახიშვილს მიანიჭა საზოგადოების უმაღლესი ჯილდო — პროფესორ ალექსანდრე რასცვეტოვის სახელობის პრემია — მონოგრაფიისათვის: «Антропология Грузии. Т. I. Грузины Карталинии и Кахетии». 1912 წლის 12 დეკემბერს მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულმა ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოებამ მეორედ მიანიჭა საზოგადოების უმაღლესი ჯილდო — პროფესორ ალექსანდრე რასცვეტოვის სახელობის პრემია მონოგრაფიისათვის: «Антропология Грузии: Т. II. Грузины Имеретии, Гурии и Рачи».[30][12]
საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1941 წლის 24 თებერვლის ბრძანებულებით მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება. 1944 წლის ნოემბერში დააჯილდოვეს შრომის წითელი დროშის ორდენით.[3][31]
1945 წლის ივნისში დაჯილდოვდა მედლით „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში, 1941–1945 წწ“. 1955 წლის ნოემბერში დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, იმავე წელსვე სამკერდე ნიშნით: „სახალხო განათლების წარჩინებული“. 1965 წლის აგვისტოში დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის მეორე ორდენით. 1965 წლის 13 სექტემბერს დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. 1965 წლის ნოემბერში დაჯილდოვდა იაკობ გოგებაშვილის მედლით. 1971 წლის მაისში მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია.[3]
ოჯახი
ალექსანდრე ჯავახიშვილი მოსკოვში მოღვაწ��ობის დროს დაოჯახდა. მან ცოლად შეირთო ზინაიდა სტეფანეს ასული მოსურსკაია, რომელიც მისი სტუდენტი იყო ქალთა უმაღლესი კურსებიდან. მოსკოვში მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო. ალექსანდრე ჯავახიშვილი ცდილობდა ქალიშვილი ქართულად აღეზარდა. მან დაიქირავა ძიძა, რომელსაც ასწავლა იავნანა. ძიძა ქართულად უმღეროდა ნანას. 1917 წელს ალექსანდრე ჯავახიშვილი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა, თუმცა საკუთარი ბიბლიოთეკისა და საოჯახო ნივთების გარეშე, რადგან იმ პერიოდში არეულობის დროს, ყველაფერი გზაში დაიკარგა.[19] თბილისში ალექსანდრე ჯავახიშვილის ოჯახი დუშეთის (ახლანდელი იაკობ ნიკოლაძის) ქუჩაზე დასახლდა, მოგვიანებით (1930 წელს) მან და მისმა მეგობარმა გაბრიელ ღამბარაშვილმა მელიქიშვილის ქუჩაზე ააშენეს ორსართულიანი სახლი. 1966 წლიდან კი სიცოცხლის ბოლომდე ალექსანდრე ჯავახიშვილი ცხოვრობდა კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში. თბილისში ალექსანდრე ჯავახიშვილის ოჯახს კიდევ ერთი ქალიშვილი — ეთერი შეეძინა. ალექსანდრე ჯავახიშვილის ქალიშვილი — ეთერ ჯავახიშვილი მოღვაწეობდა გეოლოგიის დარგში, ხოლო ნინო ჯავახიშვილი იყო ქართველი ანატომი და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.[2]
ხსოვნა
ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელის უკვდავსაყოფად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლას მიენიჭა ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელი.[32] 1974 წლიდან 1993 წლამდე საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მიერ გაიცემოდა ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, რომელიც სხვადასხვა დროს მიენიჭათ გიორგი გველესიანს, ემილ კობახიძეს და სხვა.[33] 1955 წლის დეკემბერში, ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო-გეოგრაფიულ ბიბლიოთეკას, მისი დამაარსებლის — ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.[19] 1985 წლის მაისის ბოლოს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების VI ყრილობამ და შემდეგ, განმეორებით, 1990 წლის VII ყრილობამ მიიღო დადგენილება საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოებისთვის მისი დამაარსებლის — ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელის მინიჭების შესახებ. დღეს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობისაა. 1986 წლის 14 ივნისს სოფელ ძევერაში გაიხსნა ალექსანდრე ჯავახიშვილის მემორიალური მუზეუმი. თბილისის მერიის დადგენილებით, 2000 წელს, თბილისის განათლების მთავარმა სამმართველო, დააარსა სკოლის მასწავლებლებისათვის აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. ცენტრალური კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალი (4250 მ) ატარებს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელს.[10]
გარდაცვალება
ალექსანდრე ჯავახიშვილი გარდაიცვალა 1973 წლის 22 იანვარს, 97 წლის ასაკში.[34] საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ შექმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, პროფესორ ალექსანდრე ჯავახიშვილის დაკრძალვის მომწყობი კომისია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: დ. ჩხიკვიშვილი (თავმჯდომარე), პ. გამყრელიძე, თ. დავითაია, ნ. ნაჭყებია, ნ. ჟვანია, მ. საბაშვილი, ზ. ფორაქიშვილი, დ. ქიტიაშცვილი, ე. ხარაძე. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა 24 ია��ვარს საღამოს 7 საათზე, განსვენებულის ბინაში, კეკელიძის ქუჩა №1-ში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით. საფლავზე არის მეუღლის — ზინაიდა მოსურსკაიას ბარელიეფი და ალექსანდრე ჯავახიშვილის ბიუსტი. ალექსანდრე ჯავახიშვილის ნეკროლოგი გამოქვეყნებულ იქნა სხვადასხვა გაზეთში.[35]
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს გეოგრაფია, ტ. 1. — გეომორფოლოგია [ატლასით] (1926);
- საქართველოს სსრ ფიზიკური გეოგრაფია (სახელმძღვანელო 7 კლასისთვის), გამოც. 35-ე, თბ., 1983;
- Антропология Грузии» (т. 1‒2, 1908‒14);
- Геоморфологические районы Грузинской ССР. М-Л., 1947;
- К структуре географической науки, 1956.
ლიტერატურა
- ჭეიშვილი ო., მოკლე გეოგრაფიული ცნობარი, თბ., 1977;
- ყიფიანი შ., ჩვენი სახელოვანი თანამედროვენი, თბ., 1971;
- ხარაძე კ., საქართველოს გეოგრაფიული კალენდარი, 1987, თბ., 1986.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Джавахишвили Александр Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (2021-05-05).
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 3.8 მ. ბარკავა, ი. დუდუჩავა, შ. ყიფიანი (1984). რედ. შ. ყიფიანი, ს. ხადური: ალექსანდრე ჯავახიშვილი (1975–1973) ბიობიბლიოგრაფია. თბილისი: „მეცნიერება“, გვ. 164.
- ↑ 4.0 4.1 4.2 ნემანიშვილი, სიმონ (26 ნოემბერი, 1955). „ჩვენი ახალგაზრდობის საყვარელი აღმზრდელი“. გაზეთი „ახალგაზრდა სტალინელი“: 2. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 ტინტილოზოვი, ზურაბ (29 ნოემბერი, 1955). „ღვაწლმოსილი მეცნიერი“. გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი“: 3. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ 6.0 6.1 „ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი“. ჟურნალი „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“. 70 (№1): 252–253. აპრილი, 1973. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ მაყვალა წილოსანი. მეცნიერების დედოფალი 100 წლისაა (2021-05-05).
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 ალექსანდრე ჯავახიშვილი – 140. ქართული გეოგრაფიული სკოლის მამამთავარი. გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ (2015-10-26).
- ↑ 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 9.10 9.11 9.12 9.13 9.14 9.15 9.16 9.17 9.18 9.19 9.20 9.21 9.22 9.23 9.24 9.25 9.26 9.27 9.28 9.29 9.30 კობა ხარაძე (2015). რედ. დალი ნიკოლაიშვილი, დავით სართანია: დიდი მამულიშვილის ღირსეული ღვაწლი : აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი. თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, გვ. 396. ISBN 9789941134470.
- ↑ 10.0 10.1 საერთაშორისო კონფერენცია. გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის თანამედროვე პრობლემები (2021-05-05).
- ↑ კვერენჩხილაძე, რომან (11 ნოემბერი, 1965). „გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი“. გაზეთი „თბილისი“: 2. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ 12.0 12.1 ცხოვრებაშვილი, შოთა (30 ნოემბერი, 1955). „გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი“. გაზეთი „სახალხო განათლება“: 4. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ 13.00 13.01 13.02 13.03 13.04 13.05 13.06 13.07 13.08 13.09 13.10 13.11 13.12 13.13 13.14 13.15 ავტორთა კოლექტივი (2015). რედ. ლიანა ბითაძე, ნანა ბოლაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი და სხვ.: გეოგრაფიისა და ანთოპოლოგიის თანამედროვე პრობლემები: საერთაშორისო კონფერენციის მასალები: ეძღვნება აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავს. თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, გვ. 501. ISBN 9789941134579.
- ↑ ჯავახიშვილი, ალექსანდრე (1923). „კავკასიური მოდგმა“. ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე. 3: 63–81. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ А. Н. Джавахов (1908). Антропология Грузии : Т. 1. Грузины Карталинии и Кахетии. Москва: Известия Императорского общества любителей естествознания, антропологии и этнографии; т. 116 (Труды антропологического отдела; т. 26), გვ. 306.
- ↑ გომართელი, თ. (9 ივლისი, 1968). „საუკუნეს მიღწეული მეცნიერი“. გაზეთი „თბილისი“: 3. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ Кавришвили, В. И. (აპრილი, 1973). „К 35-летию научно-педагогической деятельности профессора Александра Николаевича Джавахишвили“. Известия государственного географического общества. 68 (№2): 268–273. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ Г. Н. Гехтман (1962). რედ. А. Н. Джавахишвили (гл. ред.), Т. Н. Атабегов, Г. И. Зардалишвили [и др.]: Выдающиеся географы и путешественники. Тбилиси: „Издательство АН ГССР“, გვ. 307.
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 ია დუდუჩავა, მარიკა ჟორჟოლიანი (2015). რედ. კობა ხარაძე, დალი ნიკალაიშვილი: ალექსანდრე ჯავახიშვილი (1975–1973) ბიობიბლიოგრაფია. თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, გვ. 168. ISBN 9789941134562.
- ↑ „საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დაარსება და მისი მნიშვნელობა“. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მოამბე (№1): 13–18. 1924. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ ალექსანდრე ჯავახიშვილი (1990). თხზულებანი : ანთროპოლოგიური შრომები, ტ. I. თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, გვ. 377.
- ↑ ალექსანდრე ჯავახიშვილი (1926). საქართველოს გეოგრაფია : ტ. 1. გეომორფოლოგია (101 განაკვეთით და სურათით ტექსტში და გეოგრაფიული ატლასის ცალკე დამატებით). ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლომა, გვ. 305.
- ↑ Джавахишвили, Александр Николаевич (1947). რედ. И. П. Герасимов: Геоморфологические районы Грузинской ССР : Типы рельефа и районы их распространения. Москва; Ленинград: Издательство Академии Наук СССР, გვ. 180.
- ↑ ზარდალიშვილი, გრიგოლ (25 იანვარი, 1973). „ქართული გეოგრაფიული მეცნიერების მამამთავარი“. გაზეთი „თბილისი“: 3. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ ჯავახიშვილი, ალექსანდრე (1955). „რელიეფის ტიპები და ფორმები : საქ. სსრ გეომორფოლოგიური რუკის ლეგენდისათვის 1:200000 მასშტაბით“. „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“. 16 (№2): 113–119. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ ალფრედ ჰეტტნერი (1936). რედ. თარგმანი გერმანულიდან ალექსანდრე ჯავახიშვილის რედაქციით და წინასიტყვაობით; [მთარგ.: ვ. გურჯიძე];: დედამიწის ჰავები. ტფილისი: სახ. უნტის გამ-ბა და სტ., გვ. 135.
- ↑ ალექსანდრე ჯავახიშვილი (1934). კლიმატოლოგიური პრაქტიკუმი. ტფილისი: სახუნტი, გვ. 96.
- ↑ 28.0 28.1 ავტორთა კოლექტივი (2018). რედ. დიმიტრი შველიძე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 538.
- ↑ გურული, ვახტანგ; ჯიქია, ლევან (2012). „აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის ნაშრომი: [სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ვახუშტი ბაგრატიონის აღწერილობით]“. მაცნე: ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია (№1): 118–125. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ „ალექსანდრე ჯავახიშვილი : [ნეკროლოგი. 1875-1973 წწ.]“. გაზეთი „კომუნისტი“: 3. 24 იანვარი, 1973. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება) - ↑ Джаошвили, Вахтанг; Кверенчхиладзе, Роман (1965). „А. Н. Джавахишвили (к 90-летию со дня рождения)“. «Известия Всесоюзного географического общества». 97 (6): 551–553. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №31/ნ. 2015 წლის 6 აპრილი.
- ↑ კობა ხარაძე (2003). ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბილისი: განათლება, გვ. 74–158. ISBN 9992806982.
- ↑ კვერენჩხილაძე, რომან (1973). „ალექსანდრე ჯავახიშვილი : [გეოგრაფი. 1875-1973. ნეკროლოგი]“. ჟურნალი „ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში“ (№1): 71–73. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ „ა. ნ. ჯავახიშვილის დაკრძალვის მომწყობი კომისიისაგან“. გაზეთი „კომუნისტი“: 3. 24 იანვარი, 1973. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი|date=
-ში (დახმარება)