შინაარსზე გადასვლა

ხარის თვალი (საფოსტო მარკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხარის თვალი)

ხარის თვალი (პორტ. Olho-de-boi) — პირველი ბრაზილიური მარკა, რომელიც გამოიცა 1843 წლის 1 აგვისტოს ბრაზილიაში. მარკა გამოვიდა სამი ნომინალის სახით: 30, 60 და 90 რეის ღირებულების. ბრაზილია იყო მეორე ქვეყანა მსოფლიოში ბრიტანეთის შემდეგ და პირველი ამერიკის კონტინენტზე, რომელმაც გამოუშვა საფოსტო მარკა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოყენებისათვის (სხვა ქვეყნებში გამოცემული პირველი მარკები ლოკალური გამოყენებისა იყო.) პირველი დიდი ბრიტანული მარკის მსგავსად, ხარის თვალზე არ ყოფილა წარწერილი ქვეყნის სახელი.

პირველი ბრაზილიური მარკის ასეთი უჩვეულო სახელი დაკავშირებულია თავად მარკის დიზაინთან: ფურცელზე წყვილად განლაგებული მარკები და ნათელ ფონზე მუქი ფერის ოვალში ორნამენტული ციფრებით გამოსახული ნომინალი ძალიან ჰგავდა ხარის თვალებს.

ბრაზილიური მარკების ასეთი დასახელება შენარჩუნდა შემდგომშიც, როდესაც მოგვიანებით გამოიცა მსგავსი დიზაინის მაგრამ უფრო მცირე ზომის, მართკუთხა ფორმის ახალი მარკები სახელწოდებით «გველის თვალები», «თხის თვალები» (ლურჯი) და «კატის თვალები» (შავი).