შინაარსზე გადასვლა

დიმნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმნა — ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ახლანდ. სოფელ დიმის მახლობლად (ბაღდათის მუნიციპალიტეტი).

ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, დიმნა აუშენებია მეფე ფარნავაზს შორაპნის ციხესთან ერთად. მასვე უკავშირებს დიმნის აგებას ვახუშტი ბატონიშვილიც (XVIII ს.).

დიმნა უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი მნიშვნელოვან გზათა შესაყართან. იგი აკონტროლებდა, ერთი მხრივ, ხანისწყლის ხეობას, რომელიც „რკინისჯვრი��“ გზის მეშვეობით რიონის ხეობას უკავშირდებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, „ციხის ყელზე“ გავლით, ქართლთან დამაკავშირებელ გზას.

ჩვენამდე მოღწერული ნაგებობა მცირე ზომისაა (40 მ × 20 მ). შემორჩენილია ოთხკუთხა კოშკი და ზღუდის ნაშთები, რომლებიც წყობის მიხედვით ადრინდელი შუა საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს, ხოლო ციხის გარეთ გათხრებით გამოვლენილი რიყის ქვის კედელი ელინისტური ხანის მიწურულს (ძვ. წ. II–I სს.) მიეკუთვნება. ბორცვი, რომეზედაც ციხეა აშენებული, ძველ ნამოსახლარს წარმოადგენს. იგი ხელოვნური თხრილით არის გამოყოფილი ფერსათის კალთისაგან და დატერასებულია. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალები წინარეანტიკურ ხანას განეკუთვნება. დიმნის მიდამოებში 1974 წელს ჩატარდა მცირე მასშტაბის დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები (ხელმძღვანელი ვ. ჯაფარიძე).