ასი ათასი მოწამე
ასი ათასი მოწამე | |
---|---|
გარდაიცვალა |
9 მარტი, 1226 თბილისი |
ხსენების დღე | 13 ნოემბერი |
ასი ათასი მოწამე, წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან 1227 წელს წამებულნი — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე ახალი სტილით 13 ნოემბერს (ძვ. სტ. 31 ოქტომბერი).
თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქვეყანას. ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი დედაწულიანად აიყარა და საქართველოს საზღვრებს მოადგა. ამ დროს ქვეყანას თამარ მეფის ასული რუსუდანი განაგებდა. რუსუდანის ბრძანებით შეკრებილი ლაშქარი ჯაყელთა საოცარი თავდადების მიუხედავად გარნისთან გამართულ ომში ღალატის გამო მაინც დამარცხდა. ადარბადაგანსა და ნახჭევანს დამკვიდრებულმა ჯალალედინმა საქართველოს მაშინდელი ათაბაგი ავაგ მხარგრძელი იხმო და შესთავაზა, რომ დედოფალი რუსუდანი მისი თანამეცხედრე გამხდარიყო და მონღოლების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანს ხვარაზმელებთან ერთად ებრძოლათ, თუ არადა მოაოხრებდა საქართველოს. ავაგ ათაბაგმა რუსუდანის უარი აცნობა ჯალალედინს, მან კი სანაცვლოდ ლაშქარი აჰყარა და თბილისისკენ დაიძრა.
ბრძოლის პირველ დღეს „ბრწყინვალე ძლევა აჩუენეს ქართველთა“, დიდად დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს. „ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა განსაცდელთა აღწერა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა?“ – კითხულობს ჟამთააღმწერელი და განაგრძობს, – „ჩჳლნიცა ძუძუთაგან დედისათა აღიტაცნიან და წინაშე დედისა ქვაზედა დაანარცხიან და რომელსამე თუალნი წარსცჳდიან და რომელსამე ტჳნი დაეთხიის. ყვირილთა და ზახილთა ვაებითა საზარელთა ჴმათაგან იძვროდა ქალაქი “. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.
ჯალალედინის ბრძანებით ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, პატიოსანი სამსხვერპლონი შეურაცხყვეს, სიწმინდეები შეაგინეს, ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები „ეკლესიათა შინა ხატთა და ჯუართავე თანა“ შემუსრეს, მონაზვნები და მორჩილები დაატყვევეს და წამებით მოკლეს, ქალწულები შეურაცხყვეს. მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა „უკეთური იგი სული მისი“ და „განზრახვითა ეშმაკისაითა“ მოიგონა სხვა სიბოროტეც: სიო��ის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა, ზედ თავისი „ბილწი საჯდომელი“ დააშენებინა საიდანაც თავლ ყურს ადევნებდა მეტეხის ხიდზე მომხდარ მოვლენებს. ამ მიზნით სიონის ტაძრიდან მოატანინა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე „პირაღმართ“ დაადებინა და ტყვეებს ფეხის დადგმით პატიოსანთა ხატთა შეურაწყოფა და სჯულის დატევება უბრძანა.
ჯალალედინის ხელქვეითებმა ურიცხვი ქრისტიანი ხიდის თავში დააყენეს და გამოუცხადეს: ვინც შეასრულებს სულთნის ბრძანებას, გათავისუფლდება და დასაჩუქრდება, ხოლო ვინც ეურჩება, თავის მოკვეთით დაისჯება. მაშინ ზოგიერთმა სულმოკლე ქრისტიანმა სიკვდილის შიშით ღმერთი დაივიწყა და ქრისტეს განუდგა. მაგრამ დიდ��ა უმრავლესობამ მხნედ მიუგო მტარვალთ: „თუმცა შერცხვენილნი და დამდაბლებულები ვართ ჩვენი ცოდვების გამო, გულით შევსწირავთ თავს ღმრთს მოტევებისათვის ცოდვათა ჩუენთასა, რომელნიც ვქმენით ქალაქსა ამას შინა, და როგორც შევაგინეთ ჩვენი ქალაქი თავისი სიწმიდეებით, ასევე უნდა განსწმინდოს იგი ღმერთმან ჩვენი სისხლით. არ უარვჰყოფთ ჩვენ ქრისტეს, ჩვენს შემოქმედსა და უფალს, არამედ ყოველნი მისი სახელისათვის მოვკვდებით.”
ხვარაზმელები ხიდის მოაჯირის გასწვრივ გაშიშვლებული მახვილებით ხელში ჩამწკრივდნენ, ხოლო დატყვევებული ქრისტიანები რიგრიგობით უნდა გადასულიყვნენ ხიდზე და ქრისტეს უარყოფის ნიშნად ხიდზე გადებულ ხატებზე ფეხით უნდა გაევლოთ. ტყვეთა უმრავლესობამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, რის გამოც იქვე სიკვდილით იყვნენ დასჯილები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე), მანანა ბუკია, მაკა ბულია. „ქართველ წმიდანთა ცხოვრება“, თბ., 2004
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 100 000 მოწამის შესახებ დაარქივებული 2019-07-27 საიტზე Wayback Machine.