შინაარსზე გადასვლა

ჩობანიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩობანიდები
Çobanoğulları Beyliği

ბეილიქი

1227 — 1309
დედაქალაქი კასთამონუ
ენა თურქული
რელიგია სუნიტური ისლამი

ჩობანიდები (თურქ. Çobanoğulları ან Çobanoğulları Beyliği) — ანატოლიის თურქმანული ბეილიქი, რომელიც XIII საუკუნეში იმავე სახელობის დინასტიამ დააფუძვნა. ბეილიქი ძირითადად მოიცავდა ანატოლიის ცენტრალურ მხარეს და ჩრდილოეთ ანატოლიაში მდებარე ქალაქ კასთამონუს.

დინასტიის დამაარსებელი ჰუსამედინ ჩობანი რუმის სასულთნოს განთქმული მოხელე და სარდალი იყო. ის სულთან ქეი-ქავუს I-ის და ალაედინ ქეიყუბადის მმართველობის დროს მოღვაწეობდა. XIII საუკუნის ადრეულ ხანებში ჰუსამედინ ჩობანი ერთ-ერთი სელჩუკი მხედართმთავარი იყო, რომელიც სელჩუკთა საზღვრები ჩრდილოეთ ანატოლიის მიმართულებით; ბიზანტიის და ტრაპიზონის იმპერიის ტერიტორიების ხარჯზე გააფართოვა. შედეგად მან მფლობელობაში მიიღო კასთამონუ. 1224-1227 წლებში, ის ასევე მიუძღვოდა სელჩუკთა ლაშქარსა და ფლოტს, რომელმაც ქალაქ სინოპიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ფორტიფიცირებული ქალაქი სუდაკი დაიკავა.[1]

ჰუსამედინ ჩობანის სიკვდილის შემდეგ, ბეილიქი მისი შვილი ალფ იურეკის და შვილიშვილის იავლაკ არსლანის მიერ იმართებოდა. იავლაკ არსლანის მმართველობის ბოლო წლებამდე, ჩობანიდები მონღოლი სიუზერენიბის ერთგულნი რჩებოდნენ, რომლებმაც საკუთარი ჰეგემონია ანატოლიის რეგიონზე ქოსე-დაღის ბრძოლის შედეგად დაამყარეს.[2] ალფ იავლაკის აჯანყება წარუმატებლად დასრულდა და ის გაერთიანებულ მონღოლურ-სელჩუკურ ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა. რეგიონი სამართავად სელჩუკ სარდალს, შამ ად-დინ იამან ჯანდარს გადაეცა, რომლის შთამომავლებმაც აქ მოგვიანებით ჯანდარიდების ბეილიქი დაარსეს.

იავლაკ არსლანის შვილმა ჩობანოღლუ მაჰმუდ ბეგმა შეძლო ძალაუფლების დაბრუნება და იამან ჯანდარი რეგიონიდან დროებით გააძევა. მან ასევე მოახერხა ბიზანტიის მოსაზღვრე ტერიტორიების დარბევა და მათ ხარჯზე გაფართოება. 1281-1299 წლებში ოსმალები ჩობანიდების ვასალებად ითვლებოდნენ, მაგრამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც იავლაკ არსლანმა შეწყვიტა ბიზანტიის იმპერიის დარბევა. 1309 წელს უკანასკნელი ჩობანიდი მმართველი იამან ჯანდარის შვილის. ჩანდაროღლუ სულეიმან ფაშას მსხვერპლი გახდა, რის შედეგად რეგიონი ისევ ჯანდარიდების ხელში გადავიდა.

ჩობანიდების დინასტიამ მნიშვნელოვანი არქიტეკტურული ნიმუშები დატოვა კასთამონუს გარშემო.

მმართველი მმართველობის პერიოდი
ჰუსამედინ ჩობანი 1227-?
ალფ იურეკი ?-1280
მუზაფერუდინ იავლაკ არსლანი 1280-1292
ჩობანოღლუ მაჰმუდ ბეგი 1292-1309
  1. A. C. S. Peacock, "The Saliūq Campaign against the Crimea and the Expansionist Policy of the Early Reign of'Alā' al-Dīn Kayqubād", Journal of the Royal Asiatic Society, Third Series, 16 (2006), p. 140
  2. Stanford Shaw, History of the Ottoman Empire and Modern Turkey (Cambridge: University Press, 1976), vol. 1 p. 12