ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია
ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია — 1880 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მცდელობით ქუთაისში გაიხსნა პირველი ქართული სკოლა. 1905 წელს იგი გიმნაზიად გადაკეთდა.
1901 წლიდან მას სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოსებ ოცხელი. მის სახლთანაა დაკავშირებული გიმნაზიისთვის შენობის აგების იდეა. ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლის, დ. ნიჟარაძისა, და ცნობილი საზოგადო მოღვაწის, კ. ლორთქიფანიძის, დახმარებით შესყიდულ იქნა მიწის მოზრდილი ნაკვეთი, სადაც აშენდა შესანიშნავი შენობა გიმნაზიისათვის.1913 წლის 21 თებერვალს შენობა საზეიმოდ გაიხსნა და მასში ფუნქციონირება განაგრძო ქართულმა გიმნაზიამ.
რუსეთის საიმპერიო რეჟიმის დროს გიმნაზია ეროვნული მიმართულებით წარმართავდა იმდროინდელ ახალგაზრდობას. იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე და სხვა პედაგოგები აქტიურად იბრძოდნენ მოსწავლეებში ეროვნული იდეალების დამკვიდრებისთვის. ამიტომ იყო, რომ გიმნაზიის აღმზრდელები და აღსაზრდელები იცავდნენ ქართველი ერის ღირსებას. გიმნაზიის მოსწავლის, კონსტანტინე გამსახურდიას, თაოსნობით მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გიმნაზიაში შეიქმნა ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცხრა მუხა“, რომელშიც ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები იყვნენ გაერთიანებული.
გიმნაზიის პედაგოგებმა დიდი როლი შეასრულეს ეროვნული სკოლისათვის სახელმძღვანელოების გამოცემის საქმეში. იოსებ ოცხელის ინიციატივით შექმნილ გამომცემლობა „განათლებაში“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“, დიმიტრი უზნაძის „ძველი საბერძნეთი“, „ძველი რომი“, იოსებ ოცხელის „არითმეტიკა“ და სხვა. მე-20 საუკუნის დასაწყისში სკოლას სტუმრობდნენ ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, მოგვიანებით — კონსტანტინე გამსახურდია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გიმნაზიის სტატუსი რამდენიმეჯერ შეიცვალა. 1954 წლიდან მას ეწოდა აკაკი წერეთლის სახელობის მე-2 საშუალო სკოლა, 1995 წლიდან — ეროვნული გიმნაზია, 2007 წლიდან კი ეწოდა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 378.