სოფია შვედი (1801-1865)
სოფია შვედი | |
---|---|
ბადენის დიდი ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 30 მარტი, 1830 |
მმართ. დასასრული: | 24 აპრილი, 1852 |
წინამორბედი: | სტეფანია დე ბოარნე |
მემკვიდრე: | ლუიზა პრუსიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 მაისი, 1801 |
დაბ. ადგილი: | სტოკჰოლმი, შვედეთი |
გარდ. თარიღი: | 6 ივლისი, 1865, (64 წლის) |
გარდ. ადგილი: | კარლსრუე, გერმანია |
მეუღლე: |
ლეოპოლდი, ბადენის დიდი ჰერცოგი (ქ. 1819 - გარდ. 1852) |
შვილები: |
ალექსანდრინა, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგინია ლუდვიგ II, ბადენის დიდი ჰერცოგი ფრიდრიხ I, ბადენის დიდი ჰერცოგი სესილია, რუსეთის დიდი მთავარი |
სრული სახელი: | სოფია ვილჰელმინა კატარინა მარია ლუიზა შარლოტა ანა |
დინასტია: | ჰოლშტაინ-გოტორპი |
მამა: | გუსტავ IV, შვედეთის მეფე |
დედა: | ფრედერიკა ბადენელი |
რელიგია: | ლუთერანობა |
სოფია შვედი (შვედ. Sofia av Sverige), სრული სახელია სოფია ვილჰელმინა კატარინა მარია ლუიზა შარლოტა ანა (შვედ. Sofia Wilhelmina Katarina Maria Lovisa Charlotta Anna; დ. 21 მაისი, 1801, სტოკჰოლმი, შვედეთი ― გ. 6 ივლისი, 1865, კარლსრუე, გერმანია) ― შვედეთის პრინცესა ჰოლშტაინ-გოტორპის დინასტიიდან. მეფე გუსტავ IV ადოლფისა და დედოფალ ფრედერიკა ბადენელის ასული. ბადენის დიდი ჰერცოგინია 1830-1852 წლებში, როგორც დიდ ჰერცოგ ლეოპოლდის მეუღლე. ბადენის ორი დიდი ჰერცოგის: ლუდვიგ II-ისა და ფრიდრიხ I-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინცესა სოფია დაიბადა 1801 წლის 21 მაისს სტოკჰოლმში. იგი იყო შვედეთის მეფე გუსტავ IV ადოლფისა და დედოფალ ფრედერიკა ბადენელის უფროსი ასული. დაბადების შემდეგ მის აღზრდა განათლებაზე სამეფო ძიძები: ჰედვიგ ულრიკა დე ლა გარდიე და შარლოტა შტიერნელდი ზრუნავდნენ.
სოფია სულ რვა წლის იყო, როცა 1809 წელს შვედებმა მამამისის მმართველობა დაამხეს, რის შემდეგაც მან და მისმა ოჯახმა შვედეთი დატოვა. დამხობიდან გაძევებამდელ პერიოდში იგი დედასთან ერთად იმყოფებოდა შინაპატიმრობაში, რა დროსაც მისი ბიცოლა, ჰედვიგ ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი მას აღწერდა, როგორც ჯიუტ გოგონას, რომელიც უფრო მძიმე ხასიათისა იყო, ვიდრე მისი ძმა, პრინცი გუსტავი. გარკვეული დროის შემდეგ, შვედურმა მთავრობამ მათ ნება დართოთ, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ, რის შემდეგაც მათი ოჯახი სოფიას დედის ოჯახს შეეკედლა, ბადენის სამეფო კარზე.
ბადენში ყოფნისას რამდენიმე წელში, 1815 წელს სოფია დედის ბიძაზე, პრინც ლეოპოლდზე დანიშნეს, მათი ქორწინება კი 1819 წლის 25 ივლისს შედგა. ეს ქორწინება მოეწყო სოფიას ბიძის, ბადენის დიდ ჰერცოგ კარლ I-ის ინიციატივით, რათა მისი უნაყოფოდ გარდაცვალების შემდეგ, ლეოპოლდს ტახტზე ასვლის მეტი შანსი ჰქონოდა. უკვე დიდ ჰერცოგ ლუდვიგ I-ის მმართველობისას ლეოპოლდი და სოფია თავიანთ სასახლეში ცხოვრობდნენ, სამეფო კარისგან შორს. 1830 წლის 30 მარტს კი ლუდვიგი უშვილოდ აღესრულა, რის გამოც ბადენის დიდი ჰერცოგი ლეოპოლდი გახდა.
ბადენში ყოფნისას სოფია აღწერილია, როგორც ბრძენი და მორჩილი, მაგრამ მკაცრი ქალი. მას ღამით გვიანობამდე ეღვიძა და შემდეგ დილაობით გვიან იღვიძებდა. ამის შემდეგ იგი მრავალ საათს უთმობდა წერილების წერას თავისი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი მონარქი ნათესავებისათვის. იგი ინტერესდებოდა ხელოვნებით, მეცნიერებითა და პოლიტიკით, ამიტომაც სოფია ყოველთვის კარგად იყო ინფორმირებული მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვენის საიმპერატორო კართან, რის გამოც მისი ვაჟები სწორედ ავსტრიაში გააგზავნეს განათლების მისაღებად.
მოგვიანებით, კასპარ ჰაუზერთან დაკავშირებული სკანდალების გამო, 1833 წელს სოფიამ ჰაუზერის მკვლელობა ბრძანა. ამან კი მასა და მის ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია, რამეთუ ამ ქმედებით სოფიამ უფრო განამტკიცა ჭორები იმის თაობაზე, რომ მას ჰაუზერთან რომანი ჰქონდა. 1848 წელს ევროპას რევოლუციის ტალღამ გადაუარა და არც ბადენი იყო გამონაკლისი. რევოლუციის დროს ის ოჯახთან ერთად სტრასბურგში გაიქცა. ისინი კარლსრუეში მხოლოდ 1849 წელს, მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც ამბოხება პრუსიელთა ლაშქარმა ჩაახშო. უკვე 1852 წლის აპრილში კი სოფიას მეუღლე გარდაიცვალა და ტახტს მისი ძე, ლუდვიგ II იკავებს. მალევე სოფიამ დაარწმუნა თავისი მეორე ძე, რომ მმართველობის განსამტკიცებლად ექორწინა პრუსიის პრინცესა ლუიზაზე, და არა მის საყვარელ გრაფინია სტეფანია ფონ გენზაუზე. იმავე, 1852 წელს შვედეთის მოქმედმა სამეფო ოჯახმა მოისურვა დიპლომატიური კავშირის შექმნა შვედეთის დამხობილი სამეფო ოჯახის წევრებთან, მეფე ოსკარ I-მა და დედოფალმა ჟოზეფინა ლოიხტენბერგელმა სოფიასთან ელჩობაც გააგზავნეს, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, 1863 წელს სოფიამ ოსკარ II და მისი ცოლი, სოფია ნასაუელი შვედეთის მეფე-დედოფლად სცნო. მათი შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდა, სოფიამ ჰკითხა მათ, თუ როგორ შეიცვალა სტოკჰოლმი მისი ბავშვობის შემდეგ და გაცილებისას, მან მათ მათი უფროსი ძის, კრონპრინცი გუსტავისათვის საჩუქარიც გაატანათ.
პრინცესა სოფია გარდაიცვალა 1865 წლის 6 ივლისს კარლსრუეში, 64 წლის ასაკში.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1819 წლის 25 ივლისს კარლსრუეში სოფია დააქორწინეს დედამისის ბიძაზე, ბადენის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდზე, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი. აღსანიშნავია, რომ მათი შვილიშვილი იყო შვედეთის დედოფალი ვიქტორია ბადენელიც, ხოლო სოფიასა და ლეოპოლდის შვილები იყვნენ:
- ალექსანდრინა (1820-1904), ცოლად გაჰყვა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას მაზლს, საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგ ერნესტ II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ლუდვიგი (1822-1822), გარდაიცვალა ჩვილი;
- ლუდვიგ II (1824-1858), ბადენის დიდი ჰერცოგი 1852-1858 წლებში. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ფრიდრიხ I (1826-1907), ბადენის დიდი ჰერცოგი 1858-1907 წლებში. ცოლად შეირთო გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I-ის ასული, პრინცესა ლუიზა პრუსიელი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: დიდი ჰერცოგი ფრიდრიხ II და შვედეთის დედოფალი ვიქტორია;
- ვილჰელმი (1829-1897), პრუსიის გენერალი. ცოლად შეირთო პრინცესა მარია ლოიხტენბერგელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- კარლი (1832-1906), მორგანატიკულად იქორწინა როზალი ფონ ბოსტზე;
- მარია (1834-1899), ცოლად გაჰყვა ლაინინგენის პრინც ერნესტს, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
- სესილია (1839-1891), აგრეთვე ცნობილი, როგორც ოლღა ფიოდოროვნა. ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ვაჟს, კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Charlottas, Hedvig Elisabeth (1939) [1807–1811]. af Klercker, Cecilia (ed.). Hedvig Elisabeth Charlottas dagbok [The diary of Hedvig Elizabeth Charlotte] (in Swedish). VIII 1807-1811. Translated by Cecilia af Klercker. Stockholm: P.A. Norstedt & Söners förlag. OCLC 14111333. (search for all versions on WorldCat)
- Heribert Jansson (in Swedish). Drottning Victoria (Queen Victoria). Hökerbergs Bokförlag. (1963) ISBN.
- Anteckningar om svenska qvinnor. [Utg. av P.G. Berg och Wilhelmina Stålberg]. Stockholm, 1864-1866.